ფეხბურთი

23:32 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს ბენეფისი "სიგნალ იდუნა პარკზე" (+VIDEO)

მოლოდინი გამართლდა - „დორტმუნდისა“ და „მონაკოს“ შეხვედრა თვალსასეირო და უხვგოლიანი აღმოჩნდა. თამაში ერთი დღის დაგვიანებით ჩატარდა, რადგან „ბორუსიას“ ავტობუსთან ტერორისტული აქტი განხორციელდა და გერმანელთა მცველი მარკ ბარტრა დაშავდა, რომელიც უკვე კარგადაა - ამის შესახებ თავად აცნობა საზოგადოებას.

მომხდარმა ინციდენტმა იქონია თუ არა გავლენა „დორტმუნდის“ ფეხბურთელებზე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ტომას ტუხელის გუნდმა „მონაკოსთან“ შეხვედრის პირველი ტაიმი მთლიანად ჩააგდო და შეიძლება ითქვას, სწორედ მაშინ წააგო თამაში. „ყვითლებს“ შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და სახიფათო მომენტიც ვერ შექმნეს, ხოლო ამას დაცვაში შეცდომებიც დაურთეს. ჯერ იყო და, სოკრატის პაპასტატოპულოსმა აიკიდა პენალტი, თუმცა ფაბინიომ დაინდო მასპინძლები და თერთმეტმეტრიანი კარის ჩარჩოში ვერ მოარტყა. თუმცა, გავიდა ორი წუთი და კილიან მბაპემ ზუსტად ითამაშა. ამ ეპიზოდში თინეიჯერი ფორვარდი აშკარა თამაშგარეში იყო, მაგრამ საინსლენმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა. ტაიმის დასრულებამდე „თავადებმა“ მეორეც შეაგდეს - უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ „მონაკოს“ სასარგებლოდ: სვენ ბენდერმა თავით ნახტომში ისე ითამაშა ბარე-ორ ფორვარდს რომ შეშურდებოდა. ალბათ, ახლაც არ იცის რატომ დაარტყა საკუთარი კარის მიმართულებით ასე გამეტებით... პირველი ტაიმიც ასე დასრულდა - 0:2.

მეორე ნახევარში კი, „ბორუსია“ გარდაიქმნა და დიდ უპირატესობაც დაეუფლა. აქტიურობამ შედეგი გამოიღო. პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დიდებული გადაცემით შინჯო კაგავა მეკარეს შეატოვა, ხოლო იაპონელმა ცარიელ კარში ოსმან დემბელეს გაატანინა. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად მოხდა, რომ ერთ მატჩში გოლები ორივე გუნდის მხრიდან გაიტანეს 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებმა - ისტორიაში ფრანგები, დემბელე და მბაპე შევიდნენ.

თამაში ამის მერეც მასპინძელთა კარნახით გაგრძელდა და თითქოს მეორე გოლიც მწიფდებოდა, რომ ლუკაშ პიშჩეკმა საკუთარ ნახევარზე არაზუსტი გადაცემა გააკეთა - მბაპემ ბურთი ჩაჭრა და გატანა აღარ გასჭირვებია. შეხვედრის ბოლო ათ წუთში კი, „დორტმუნდმა“ ერთი გოლის გაქვითვა მოასწრო - კაგავამ ინდივიდუალურად დიდებულად ითამაშა და საპასუხო თამაშის წინ თავის გუნდს შანსი დაუტოვა.

„დორტმუნდი“ – „მონაკო“ 2:3 (0:2) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 65 849

„დორტმუნდი“ (3-4-2-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბენდერი (შაჰინი 46); გინტერი, კაგავა, ვეიგლი, შმელცერი (პულიშიჩი 46); დემბელე, გუერეირო; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„მონაკო“ (4-4-2): შუბაშიჩი; ტურე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი; ბერნარდო სილვა (დირარი 66), ფაბინიო, მოუტინიო, ლემარი; ფალკაო (ჟერმენი 85), მბაპე

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

გოლები: 0:1 მბაპე (19), 0:2 ბენდერი (35, ა.გ), 1:2 დემბელე (57), 1:3 მბაპე (79), 2:3 კაგავა (84)

გამოუყენებელი პენალტი: ფაბინიო (17, ააცილა)

გაფრთხილება: სოკრატისი (16). გინტერი (40) - ჟემერსონი (46), ლემარი (58), დირარი (69), ფაბინიო (81), შუბაშიჩი (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.299058