ჭიდაობა

20:38 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილის ახალი ოქრო და ევროპირველობის ქართული წერტილი

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის, რვა წონითი კატეგორიიდან ექვსში მედალი მოიპოვეს.

დღეს ევროკვარცხლბეკზე შოთა ფარტენაძე (61 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ავიდნენ. ფარტენაძემ და სხულუხიამ მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. პეტრიაშვილმა კი თავის ისედაც მდიდარ მონაგარს ევროპის ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული მიამატა და ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა.

საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრი უნგრეთში ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა (როგორც 23-წლამდელებს, ასევე უფროსებს შორის). რაღა თქმა უნდა უმთავრესი ფავორიტი იყო და მოლოდინისამებრ, ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.

ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა უმთავრესი კონკურენტები ჩამოიშორა: თურქი სალიმ ერქანი (12:2), უკრაინელი დანილო კარტავი (7:2) და რუსეთის ნაკრების წევრი კაზბეკ ხუბულოვი (10:0). გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბელარუს ვიტალი პიასნიაკს 2 წუთსა და 24 წამში აუღო 10 ქულა.

შოთა ფარტენაძემ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან - თურქ სედატ ოზდემირთან წაგებით (3:6). იქამდე სლოვაკ ივან მოლნარსა (10:0) და მოლდოველ მიხაი ესანუს (4:0) აჯობა. რეპეშაჟის ფინალში კი უკრაინელ ივან ბილეიჩუკს რვა ქულა ისე აუღო, თავად ერთიც არ დაუკარგავს.

მირზა სხულუხია ძირითად ბადეში პირველსავე წრეში დამარცხდა აზერბაიჯანელ გაჯიმურად ომაროვთან (1:12). მოგვიანებით ომაროვი ევროპის ჩემპიონი გახდა. სხულუხია კი ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო და ევროპის პრიზიორობა ორი შეხვედრის მოგებით გაინაღდა – ჯერ მოლდოველ ტომა ვასკანს სძლია სასურველი ფრით (6:6), შემდეგ კი ბელარუს სურხო რაშიტხანაუს (9:5).

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ირაკლი მწითურიც (86 კგ) ჩაერთო, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ არსენ-ალი მუსალალიევთან (4:9) და ხალიჩაზე გასვლის მეტი შანსი აღარც მისცემია, რადგან მუსალალიევმა ფინალს ვერ უწია.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე სულ 3 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუშინ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ივერიკო ჯულაყიძემ (65 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ხვალ და ზეგ ევროპირველობაში ქალები ჩაებმებიან. 1 და 2 აპრილს კი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გათამაშდება მედლები.

0.113291