ფეხბურთი

14:00 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია რუსეთშია, არგენტინა და ურუგვაი ცეცხლს ეთამაშებიან (+VIDEO)

ბრაზილია პირველია, რომელმაც მუნდიალ-2018-ის საგზური გაინაღდა. კიდევ რამდენიმე ნაკრები ახლოსაა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არავინ გასულა. ბრაზილია ბრწყინვალეა ტიტეს თავკაცობით, მოგება მოგებად და ის ძველი სათამაშო ელვარებაც დაიბრუნეს, დუნგას დროს მიძინებული რომ იყო.

"სელესაომ" 3:0 მოუგო პარაგვაის. სამივე გოლი ლამაზი იყო: კოუტინიუმ შორიდან ცაციით, ნეიმარმა ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ და მარსელომ პაულინიოს ქუსლური პასის მერე.

აი, არგენტინას კი უჭირს. მაღალმთიან ბოლივიაში თამაში რთულია, თუმცა იქაც მოუგიათ სხვა ნაკრებებს. "ალბისელესტეს" ადრე 1:6 აქვს ბოლივიაში წაგებული, ამჯერად კი 0:2 დამარცხდა. რთულია ლეო მესის გარეშე, რომელმაც კიდევ სამი ოფიციალური მატჩი უნდა გამოტოვოს დისკვალიფიკაციის გამო.

ცეცხლს ეთამაშება ურუგვაიც, რომელიც კარგა ხანს ლიდერობდა შესარჩევის ცხრილს. "სელესტემ" ზედიზედ მესამედ წააგო, ამჯერად 1:2 პერუში. სუარესმა და კავანიმ ვერა, მაგრამ "მონტერეის" 33 წლის ნახევარმცველმა კარლოს სანჩესმა გაიტანა. პერუს ჯერ კიდევ აქვს მცირე შანსი, რომ მუნდიალზე მოხვდეს.

ჩილე 22-ე წუთზე უკვე სამი ბურთით უგებდა ვენესუელას. ბრწყინვალე გოლი გაიტანა ალექსის სანჩესმა - საჯარიმო დარტყმით. დუბლი კი 36 წლის ესტებან პარედესმა მიითვალა.

კოლუმბიამ სტუმრად 2:0 მოუგო ეკვადორს, რომელიც ბოლო მატჩებში აშკარად დასუსტდა. ხამეს როდრიგესმა და ხუან კუადრადომ გაიტანეს დაცვის შეცდომის შედეგად.

სულ 4 ტური დარჩა, მეორეადგილოსანსა და მეექვსეადგილოსანს შორის მხოლოდ 4 ქულაა სხვაობა, ასე რომ, დაძაბული თამაშები გველის. როგორც იცით, ოთხი გუნდი პირდაპირ გადის, მეხუთე კი ოკეანეთის ზონის გამარჯვებულს შეხვდება პლეი-ოფში.

ბრაზილია - პარაგვაი 3:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 კოუტინიო (33), 2:0 ნეიმარი (64), 3:0 მარსელო (86)

64-ე წუთზე ნეიმარმა ვერ გაიტანა პენალტი

ბოლივია-არგენტინა 2:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 არსე (31), 2:0 მორენო (32)

ჩილე-ვენესუელა 3:1 (3:0) VIDEO

გოლები: 1:0 სანჩესი (5), 2:0, 3:0 პარედესი (7, 22), 3:1 რონდონი (64)

77-ე წუთზე სანჩესმა ვერ გაიტანა პენალტი

პერუ-ურუგვაი 2:1 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 კარლოს სანჩესი (30), 1:1 გერერო (34), 2:1 ფლორესი (62)

გაძევება: ურეტია (76, ურუგვაი)

ეკვადორი-კოლუმბია 0:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 ხამეს როდრიგესი (20), 0:2 კუადრადო (33)

გაძევება: ლუის კაისედო (61, ეკვადორი)

1. ბრაზილია 14 10 3 1 35:10 33
2. კოლუმბია 14 7 3 4 18:15 24
3. ურუგვაი 14 7 2 5 26:17 23
4. ჩილე 14 7 2 5 24:19 23
5. არგენტინა 14 6 4 4 15:14 22
6. ეკვადორი 14 6 2 6 23:20 20
7. პერუ 14 5 3 6 22:23 18
8. პარაგვაი 14 5 3 6 13:21 18
9. ბოლივია 14 3 1 10 12:32 10
10. ვენესუელა 14 1 3 10 17:34 6

მომდევნო ტური

31 აგვისტო

ჩილე - პარაგვაი

ბრაზილია - ეკვადორი

ვენესუელა - კოლუმბია

პერუ - ბოლივია

ურუგვაი - არგენტინა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112789