ფეხბურთი

2:45 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: იტალიელები 1/4 ფინალს მიღმა დარჩნენ

ევროპა ლიგის რვავე 1/4 ფინალისტის ვინაობა ცნობილია. დღის ცენტრალური შეხვედრა “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “რომა” “ლიონს” დაუხვდა, ორბურთიანი ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრა და ტურნირს ბოლო იტალიური კლუბიც დაემშვიდობა.

მატჩი სტუმრებისთვის შესანიშნავად დაიწყო და დიაკაბიმ მე-16 წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. იტალიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უკვე სამი უპასუხო ბურთის გატანა მართებდათ. მასპინძლებმა ერთ წუთში გაათანაბრეს: დანიელე დე როსის მოწოდებულ სტანდარტულს, კევინ სტროოტმანის ახლო მანძილიდან გატანილი ბურთი მოჰყვა. “მგლები” უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებამდე რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, თუმცა მეორე ბურთის შედგება მხოლოდ მე-60 წუთზე შეძლეს: ელ შაარავიმ კარის გასვრივ დაბალი გადაცემა გააკეთა, ბურთი ჟალემ მოიგერია, თუმცა მის წინ მდგარ ტუსარტის მოხვდა და ბურთი ლოპეშის კარში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში მასპინძლები მესამე გოლის გატანას ძალიან ცდილობდნენ, თუმცა აღარაფერი გამოუვიდათ და შემდეგ ეტაპზე “ლიონი” გავიდა – 2:1.

“ბეშიქთაში” “ვოდაფონ არენაზე” “ოლიმპიაკოსს” დაუხვდა და შემდეგი ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა. მასპინძლებმა მშვენივრად დაიწყეს და აბუბაქარის და ბაბელის გოლებით მალევე დაწინაურდნენ. თუმცა, მალე მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა: 31-ე წუთზე ელიუნოუსიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 39-ე წუთზე აბუბაქარი არასპორტული საქციელის გამო გააძევეს და თურქები ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ბერძნებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და მეორე ტაიმში ორი ბურთი აქეთ გაუშვეს – 4:1.

გათამაშებას მეორე პოსტსაბჭოური გუნდი გამოთიშა “სელტამ”, რომელმაც პირველი მატჩის მსგავსად, ამჯერადაც დაამარცხა “კრასნოდარი”. მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში უგო მალიომ გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე იაგო ასპასის ჯერი დადგა – 0:2.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “როსტოვი” მიიღო და დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური სხვაობით იმარჯვა. გამარჯვების მომტანი ბურთი 70-ე წუთზე ხუან მატამ გაიტანა, რომელმაც მის მიერ წამოწყებული შეტევა ახლო მანძილიდან დააგვირგვინა – 1:0.

გერმანულ დაპირისპირებაში გამარჯვებული “შალკე” გამოვიდა. “ხუმარები” პირველი ტაიმის შემდეგ “გლადბახთან” 2:0-ს აგებდნენ, თუმცა გორეცკას და ბენტალების გოლებით ჩამორჩენა აღმოფხვრეს და 1/4 ფინალში ითამაშებენ – 2:2.

“აიაქსმა” “კოპენჰაგენი” მიიღო, ყველაფერში აჯობა, ორი უპასუხო გოლი გაუტანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. “ანდერლეხტმა” პირველი მატჩის მსგავსად, “აპოელი” 1:0 დაამარცხა, ხოლო “გენკის” და “გენტის” ფორმალურად ქცეული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ამრიგად, 1/4 ფინალში ყველაზე მეტი, ორი წარმომადგენელი ბელგიას ეყოლება. ესპანეთს, ინგლისს, გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს და თურქეთს თითო გუნდი ჰყავთ შემორჩენილი.

ბეშიქთაში – ოლიმპიაკოსი 4:1 (2:1) პირველი მატჩი 1:1

გოლები: 1:0 აბუბაქარი (10), 2:0, 3:1 ბაბელი (22; 75), 2:1 ელიუნოუსი (31), 4:1 თოსუნი (84)
გაძევება: აბუბაქარი (39)

გენკი – გენტი 1:1 (1:0) პირველი მატჩი 5:2

გოლები: 1:0 კასტანიე (20), 1:1 ვერსტრეტი (84)

კრასნოდარი – სელტა 0:2 (0:0) პირველი მატჩი 1:2

გოლები: 0:1 მალიო (52), 0:2 ასპასი (80)
გაძევება: კაბორე (86 კ.)

აიაქსი – კოპენჰაგენი 2:0 (2:0) პირველი მატჩი 1:2

გოლები: 1:0 ტრაორე (23), 2:0 დოლბერგი (45+3)

ანდერლეხტი – აპოელი 1:0 (0:0) პირველი მატჩი 1:0

გოლი: აჩემპონგი (65)

რომა – ლიონი 2:1 (1:1) პირველი მატჩი 2:4

გოლები: 0:1 დიაკაბი (16), 1:1 სტროოტმანი (17), 2:1 ტუსარტი (60 ს.კ.)

გლადბახი – შალკე 2:2 (2:0) პირველი მატჩი 1:1

გოლები: 1:0 კრისტიანსენი (26), 2:0 დაჰაუ (45+2), 2:1 გორეცკა (54), 2:2 ბენტალები (68 პენ.)

მანჩესტერ იუნაიტედი – როსტოვი 1:0 (0:0) პირველი მატჩი 1:1

გოლი: მატა (70)

სტატისტიკა
0.23497