ფეხბურთი

10:00 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ტოტის ბოლო ევროპული შანსი

ევროპა ლიგაზე დღეს რვავე 1/4 ფინალისტის ვინაობა გვეცოდინება. პირველმა მატჩებმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა და მხოლოდ ერთ, ბელგიურ დაპირისპირებაში გაირკვა ყველაფერი: “გენკმა” გასვლაზე “გენტი” 5:2 დაამარცხა და საოცრება უნდა მოხდეს, რომ ამ წყვილში რაიმე შეიცვალოს.

ყველაზე დიდ ინტერესს “სტადიო ოლიმპიკოზე” გასამართი ჯახი იწვევს, სადაც ადგილობრივი “რომა” “ლიონს” დაუპირისპირდება. წინა კვირას გამართულ მატჩში “ლიონმა” 4:2 იმარჯვა და იტალიელებს ორბურთიანი ფორის აღმოფხვრა მოუწევთ, რაც საკმაოდ რთული მისიაა.

დღევანდელი შეხვედრა, შესაძლოა, ბოლო მატჩი აღმოჩნდეს ევროტურნირებზე, მასპინძელთა ლეგენდარული კაპიტანისთვის ფრანჩესკო ტოტისთვის. მართალია, ვეტერანი შემტევი “მგლების” ძირითადის მოთამაშე აღარაა, თუმცა დიდი ალბათობით მას ცვლილებაზე ვიხილავთ. სეზონის ბოლოს ფრანჩესკო კარიერას ასრულებს და ევროპა ლიგა მისთვის ბოლო შანსია, რომ ევროტურნირი მოიგოს. რომაელები ტრავმების გამო სპინოზის და ფლორენცის მოისაკლისებენ, ხოლო დიეგო პეროტის თამაშია საეჭვოა.

მშვენიერ ფორმაშია “ლიონი”, რომელმაც უკანასკნელი 7 მატჩიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამ მატჩებში მათ 29 გოლი გაიტანეს და 7 გაუშვეს. ნელ-ნელა გუნდს ერგება და თამაშდება მემფის დეპაი, რომელმაც ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში მოედნის ცენტრიდან ბრწყინვალე ბურთი გაიტანა. ასევე, შესანიშნავად ასპარეზობენ ნაბილ ფეკირი, კორენტინ ტოლისო და ალექსანდრე ლაკაზეტი. სტუმართა რიგებიდან მხოლოდ რაფაელის თამაში ეჭვქვეშ.

“რომა” ფრანგულ გუნდებს სულ ათჯერ შეხვედრია: 5 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი, ხოლო რომში გამართული 5 მატჩიდან 2 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. “ლიონს” კი, იტალიური კლუბების წინააღმდეგ 21-ჯერ უთამაშია: 8 გამარჯვება, 5 ფრე და 8 მარცხი. საგარეო შეხვედრებში: 4 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “როსტოვს” დაუხვდება და წესით, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. მასპინძელთაგან, შესაძლოა უეინ რუნიმ და ენტონი მარსიალიმ ვერ ითამაშონ. რუსებს დისკვალიფიკაციის გამო, კალაშევი და გატცანი არ ეყოლებათ, ხოლო ჯანაევის თამაში საეჭვოა.

ძალიან საინტერესო ჯახი შედგება “ამსტერდამ არენაზე”, სადაც ადგილობრივი “აიაქსი” “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდება. დანიაში გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა და გუნდების შანსები ახლა 50/50-ზეა.

ასევე დაახლოებით თანაბარია შანსები გერმანულ დაპირისპირებაში. “შალკეს” და “გლადბახს” შორის გამართული პირველი ჯახი “ველტინს არენაზე” 1:1 დასრულდა და “კვიცებს” მხოლოდ საკუთარი მოედნის გათვალისწინებით აქვს მცირე უპირატესობა.

დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი “ვოდაფონ არენაზე”, სადაც ერთმანეთს “ბეშიქთაში” და “ოლიმპიაკოსი” შეერკინებიან. მასპინძლებს არსლანი, ხოლო სტუმრებს ვიანა ჰყავთ დისკვალიფიცირებული. გუნდების მდგომარეობიდან გამომდინარე, წყვილში ფავორიტად თურქები მიიჩნევიან.

“სელტამ” საკუთარ მოედანზე “კრასნოდარი” 2:1 დაამარცხა, თუმცა შედეგი საკმაოდ უხერხულია და გალისიელებს რუსეთში რთული მატჩის გადატანა მოუწევთ. თუმცა, სათქმელია, რომ ვიგოელებმა გაცილებით რთულ სიტუაციაში მოახერხეს გამოძრომა: 1/16 ფინალურ მატჩში ისინი შინ დამარცხდნენ (0:1) “შახტართან”, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხეს. ამჯერად კი, ისინი მინიმალური უპირატესობით მიემგზავრებიან კრასნოდარში.

“ანდერლეხტი” ბრიუსელში “აპოელს” დაუხვდება და პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე (1:0), წყვილში გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა.

22:00 გენკი – გენტი (5:2)

მსაჯი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

22:00 ბეშიქთაში – ოლიმპიაკოსი (1:1)

მსაჯი: მაიკლ ოლივეირ (ინგლისი)

22:00 კრასნოდარი – სელტა (1:2)

მსაჯი: რუდი ბუქეტი (საფრანგეთი)

00:05 რომა – ლიონი (2:4)

მსაჯი: ვიქტორ კაშაი

00:05 აიაქსი – კოპენჰაგენი (1:2)

მსაჯი: ივან კრუზლიაკი (სლოვაკეთი)

00:05 მანჩესტერ იუნაიტედი – როსტოვი (1:1)

მსაჯი: გედიმინას მაცეიკა (ლიტვა)

00:05 გლადბახი – შალკე (1:1)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

00:05 ანდერლეხტი – აპოელი (1:0)

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

სტატისტიკა
0.29859