ფეხბურთი

2:52 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერის" ზღაპარი ამჯერად ჩემპიონთა ლიგაა (+VIDEO)

“ლესტერ სიტი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია – ინგლისის ჩემპიონმა შეძლო და საკუთარ მოედანზე ესპანური “სევილია” სასურველი ანგარიშით დაამარცხა – 2:0. არადა, ბევრს ამ წყვილში ინგლისური გუნდი განწირული ეგონა, მაგრამ “მელიებმა” დაადასტურეს, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია მათი ჩამოწერა. კლაუდიო რანიერის დაწყებული საქმე დიდებულად გააგრძელა კრეიგ შექსპირმაც. შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ინგლისელი სპეციალისტის წვლილსაც.

მან “ლესტერი” სამი კვირის წინ ჩაიბარა და გუნდი სამჯერ გაიყვანა სათამაშოდ ამ დროში – სამივე გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. სხვათა შორის, “ლესტერი” მერვე ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს უწია. ასეთი მაღალი შედეგი კი, არცერთ სხვა ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

რაც შეეხება თამაშს – დაძაბულობა და ემოციები “კინგ ფაუერ სთედიუმზე” დუღდა და საბოლოოდ იმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც უფრო მეტად სურდა. დიახ, რთულია თქვა, რომ “სევილიელ დალაქებს” წარმატებას არ სწყუროდათ, მაგრამ როდესაც ამდენ მომენტს ანიავებ და ორ თამაშში ორ პენალტს ვერ იტან, მაშინ ბუნებრივია, დამარცხდები.

ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს ვეს მორგანმა გახსნა – როგორც კაპიტანს შეშვენოდა, თავისიანებს წინ წარუძღვა. სხვათა შორის, მორგანი გახდა პირველი იამაიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. რაც შეეხება მეორე ბურთს, იგი ალბირგტონის ანგარიშზეა, რომელმაც ახლო მანძილიდან ლურსმანივით ჩააჭედა სერხიო რიკოს კარის დაბალ კუთხეში ბურთი მას შემდეგ, რაც ადილ რამმა უხეიროდ ითამაშა...

“სევილიას” ბევრჯერ შეეძლო გაეტანა, მაგრამ ერთხელ ბურთი ხარიხას მოხვდა, რამდენჯერმე კი, ესპანელები არაზუსტად გაისარჯნენ. და მაინც, მატჩის და საერთოდ, ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების მთავარი გმირი კასპერ შმეხელია – დანიელმა კიპერმა ჯერ ანდალუზიაში ითამაშა დიდებულად და ახლა უკვე ალბიონზე. შმეიხელმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და კულმინაცია იყო მე-80 წუთზე – “ლესტერის” კარის დარაჯმა პენალტი აიკიდა, მაგრამ შეცდომა გამოისყიდა: სტივენ ნ’ზონზის უნიათო დარტყმულისთვის გამკლავება კასპერს არ გასჭირვებია და ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს. როგორც კრეიგ შექსპირმა თქვა, მის გუნდს ამ ტურნირის მოგება შეუძლია – ვერ შევეწინააღმდეგებით, ჩვენ ხომ “ლესტერ სიტის” შესახებ ვსაუბრობთ...

“ლესტერ სიტი” – “სევილია” 2:0 (1:0) VIDEO

ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”

მაყურებელი: 30 000

“ლესტერ სიტი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი (ამარტეი 90), დრინკუოთერი, ნდიდი, ალბირგტონი; ვარდი, ოკაზაკი (სლიმანი 64)

მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

“სევილია” (3-4-2-1): სერხიო რიკო; მერკადო (მარიანო 46), პარეხა, რამი; სარაბია (იოვეტიჩი 46), იბორა, ნ’ზონზი, ესკუდერო; ვიტოლო, ნასრი; ბენ იადერი (კორეა 68)

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 მორგანი (27), 2:0 ალბირგტონი (54)

გაფრთხილება: ვარდი (74), შმეიხელი (79), ნდიდი (84), მაჰრეზი (89) - ნასრი (18, 74), ვიტოლო (59)

გაძევება: ნასრი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (5) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 2:10 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.261056