ფეხბურთი

18:11 | 8.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სმარტბოლი": "მაკედონიაში ფეხბურთელებს ფიზიკურად უკეთ ამზადებენ"

თბილისის "დინამოს" დირექტორატის ყოფილმა წარმომადგენლებმა, მიხეილ ხუციშვილმა და ლევან ზუხბაიამ საფეხბურთო სააგენტო შექმნეს და მუშაობენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც.

სააგენტოს ჰქვია Smartball სპორტს მანაგემენტ და საქმიანობის შესახებ ლევან ზუხბაიამ მოგვიყვა:

"ეს სააგენტო გლობალურ ქსელს წარმოადგენს, გვყავს პარტნიორები რუსეთში, ესპანეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. ჯაბა ჯიღაური მაკედონიის "ვარდარში" წავიყვანეთ და მინდა ვთქვა, "ვარდარი" მშვენიერი ტრამპლინია უფრო ძლიერ კლუბში გადასასვლელად. რატომ? პოსტ-იუგოსლავიის ქვეყანაში ნომერ პირველი გუნდია და ხორვატიისა თუ სერბეთის კლუბებს დიდად არ ჩამორჩება პირობებით. მოწესრიგებული კლუბია, საქმისადმი მიდგომით, ხედვით. "ვარდარის" ფეხბურთელები მთელ მაკედონიაში დიდად დაფასებულნი არიან. მაგალითად, ფეხბურთელს დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეუძლია რესტორანში იკვებოს, ისარგებლოს ულტრათანამედროვე ფიტნესცენტრით და პირადი ფიტნესმწვრთნელით. გარდა ამისა, მაკედონიაში გაცილებით მაღალ დონეზე ამზადებენ ფეხბურთელს ფიზიკურად. ჯიღაური საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ფიზმომზადებით, მაგრამ იქ ამით ვერავის გააკვირვებ. კიდევ მოსამატებელი აქვს და "ვარდარში" საამისოდ მშვენიერი პირობებია".

ჯიღაურის გარდა, ზუხბაიამ და ხუციშვილმა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი წაიყვანეს ბალკანეთში. დავით ვოლკოვი რამდენიმე დღეში კონტრაქტს გააფორმებს სერბეთის პირველი ლიგის კლუბთან, "ზემუნთან".

"ვოლკოვს ტრავმა ჰქონდა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის. სავარაუდოდ, მაისის დასაწყისიდან შესძლებს თამაშს, მანამდე სერბული კლუბი დაეხმარება რეაბილიტაციაში. ფიზმომზადების მხრივ ვოლკოვს უჭირდა და სერბეთში უკეთესობა ექნება".

ლევან ზუხბაიამ გვითხრა, რომ რამდენიმე ფეხბურთელზე მიდის წინასწარი მუშაობა და ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გიორგი პაპუნაშვილია, რომელთანაც სააგენტოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

"გვაქვს კარგი კავშირები თუნდაც გერმანიაში, საფრანგეთში. პაპუნაშვილს, თუნდაც "დინამოს" ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დონეზე გადასვლა სჭირდება".

“სმარტბოლი” ოთარ კაკაბაძის საკითხზეც მუშაობს - თბილისის "დინამოს" ესპანური "ხიმნასტიკისგან" 380 000 ევროეკუთვნის კომპენსაციის სახით. ეს არის კაკაბაძის აღზრდისთვის (23 წლამდე) განკუთვნილი კომპენსაცია. “დინამოს” ინტერესებს ფიფაში სწორედ ლევან ზუხბაია იცავს, საქმე ფიფაშია განსახილველად. ზუხბაიამ გვითხრა, რომ “Smartball Sports Management” სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და არა მხოლოდ სატრანსფერო კუთხით. ეს სააგენტო სპორტულ სამართლებრივ კონსულტაციებსაც გასცემს, ზუხბაიას თქმით, ფიფა დაახლოებით ერთი კვირის ინტერვალში გამოიტანს ვერდიქტს და იმედია, "ხიმნასტიკს" კონკრეტულ ვადას მისცემს თანხის გადასახდელად. როგორც იცით, ფეხბურთელი ამჟამად დანიის "ესბიერგშია", მაგრამ იქ "ხიმნასტიკიდან" იჯარის წესით გადავიდა.

"კომპანია ამჟამად აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელების ევროპულ გუნდებში დაწინაურებაზე, ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება 2 ფეხბურთელზე, რომლებსაც მიეცემათ საშუალება საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ თავი ზაფხულში, ევროპის წამყვან ლიგებსა თუ კლუბებში, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით".

0.11339