ფეხბურთი

19:51 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - თებერვლის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება, რომელშიც ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. როგორც ყოველთვის აღნიშნული გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ “თქვენ ირჩევთ” სექტემბრიდან იღებს სათავეს. ჩამოგითვლით წინა გამარჯვებულებს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერში), ვაკო გვილია (ოქტომბერში), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერში), ლევან მჭედლიძე (დეკემბერში), ლევან მჭედლიძე (იანვარში).

ახლა კი, თებერვლის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. თავიდანვე გეტყვით, რომ დიდი არჩევანი არ გვქონია. თუმცა, ოთხი კანდიდატი მაინც გვყავს, რომელთაც თებერვალი სხვების ფონზე მაინც, წარმატებული გამოუვიდათ და ქართველი გულშემატკივარი კარგი თამაშით გაახარეს. აქვე გეტყვით, რომ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა დეკემბრისა და იანვრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი "თქვენ ირჩევთ" ვერსიით, ლევან მჭედლიძე - მიზეზი მარტივია: ქართველ ფორვარდს თვე თითქმის მთლიანად გაუცდა ტრავმის გამო.

მაშ ასე, თებერვლის თვის ნომინანტთა სია ასეთია, ხოლო ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”.

გიორგი მერებაშვილი (“ვისლა”, პოლონეთი) – 30 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი კარიერაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს. ყოველშემთხვევაში, უცხოურ კარიერაში. გიორგი წარმატებული გამოუვიდა თებერვლის თვეც – მერებაშვილმა პლოცკის “ვისლას” რიგებში გასულ თვეში სამჯერ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. მათ შორის, ერთი ლუბინის “ზაგლებიეს” კარში გამარჯვების მომტანი და თან ულამაზესი – ტურის საუკეთესო გოლადაც აღიარეს.

ნიკა კაჭარავა (“ეთნიკოსი” კვიპროსი) – ნიკა კაჭარავა ჩვენი გამოკითხვის ნომინანტთა შორის თითქმის ყოველთვე ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ჩვენი მკითხველის ვერსიით არ მოუპოვებია. კაჭარავამ თებერვლაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა, თავის გამოჩენა კი ერთხელ შეძლო. “აპოლონს” მატჩის მიწურულს გაუტანა და თავისიანებს ქულა გადაურჩინა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – გიორგიზეც იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რაც კაჭარავაზე. ქვილითაიამ ავსტრიის ბუნდესლიგაში სამჯერ ითამაშა გასულ თვეში და ერთი გოლი გაიტანა. 12 თებერვალს, ვენის დერბიში “აუსტრიას” მოხდენილი თავური გაუტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან დაპირისპირებაში ქულა მოუტანა.

გიორგი მაკარიძე (“მორეირენსე”, პორტუგალია) – გიორგის იანვარში საუკეთესოს წოდების მისაღებად მცირედი დააკლდა. ისეთი შთამბეჭდავი თვე ამჯერად არ ჰქონია, მაგრამ არც თავი შეურცხვენია. თვის დასასწყისში, ყოფილ გუნდ “ფეირენსესთან” შეხვედრაში თერთმეტმეტრიანი აიღო. მთლიანობაში მაკარიძემ თებერვალში 5 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.

0.129606