ძიუდო

21:52 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიუსელდორფის გრან პრი: მარგველაშვილი ჩემპიონია, პაპინაშვილი ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრი ორი მედლით გახსნა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილმა პრესტიჟული ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. გუნდის უმსუბუქეს წევრს - ამირან პაპინაშვილს კი ანალოგიურ წარმატებამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგებაღა დააკლდა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, 23 წლის ვაჟა მარგველაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. გერმანელ მანუელ შიობელს წუთსა და 50 წამში სამი გაფრთხილება მიაღებინა. ბულგარელი ბოჟიდარ ტემელკოვი 56 წამში დააგდო იპონზე. მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრების წევრს, ევროპის 2015 წლის ჩემპიონ კამალ ხან-მაგომედოვს 47 წამში გაუსწორდა მოგვერდით. ნახევარფინალში კი ებრაელ ტალ ფლიკერს სამი ერთმანეთზე ეფექტური ვაზარით აჯობა.

ფინალში მარგველაშვილი 21 წლის იაპონელ ნორიჰიტო იშოდას შეხვდა, რომელიც ამ რანგის შეჯიბრების ფინალში პირველად გავიდა. უილეთო ძირითადი დროის შემდეგ, "ოქროს დროის” დაწყებიდან რამდენიმე წამში, ქართველმა ძიუდოისტმა ვაზარით გაინაღდა ოქრო.

ვაჟა მარგველაშვილი დიუსელდორფული ტურნირის კვარცხლბეკზე ზედიზედ მესამედ ავიდა. 2015 და 2016 წლებში მან მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილიც, მარგველაშვილის მსგავსად, საქმეში მეორე წრიდან ჩაება, ფრანგ სედრიკ რევოლთან შეხვედრით და მეტოქეს უილეთოდ გასცდა - 28 წლის ქართველმა "ოქროს დროში”, მე-6 წუთის დასაწყისში, მეტოქის გაფრთხილებით იმარჯვა.

მეოთხედფინალში პაპინაშვილმა ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს, 22 წლის ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს საფინალო გონგამდე 9 წამით ადრე შესრულებული ვაზარით აჯობა. ნახევარფინალში მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ფინალისტი, მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა მესამე წუთის ბოლოს ვაზარიზე დააგდო და შებოჭა. საჩემპიონო ბრძოლაში კი კიდევ ერთ მონღოლთან – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონ ბოლდბაატარ განბატთან ვეღარას გახდა.

პაპინაშვილი და განბატი ბოლო ექვს წელიწადში მეექვსედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველმა მსუბუქწონოსანმა ერთხელაც ვერ შეძლო მეტოქის ძლევა. ამჯერად მონღოლმა კონტრ-ილეთით აღებული ვაზარით მიაღწია წარმატებას.

ამირან პაპინაშვილმა დიუსელდორფის გრან პრის ფინალურ ბლოკში მეხუთედ იჭიდავა. ფინალში კი პირველად გავიდა. აქამდე მის ანგარიშზე 2013 წელს მოპოვებული ბრინჯაო იყო. 2011, 2015 და 2016 წლებში კი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.

დღეს, ქართული დროშის ქვეშ კიმონო საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60 კგ) მოირგო, მაგრამ წარუმატებლად – პირველსავე წრეში, ბულგარელ იანისლავ გერჩევთან ორჯერ დავარდა ვაზარიზე.

ხვალ მამაკაცებს შორის მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში. საქართველოს სახელით ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) გავლენ.

ძიუდო

დიუსელდორფის გრან პრი

24 თებერვალი

მამაკაცები

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 ნორიჰიტო იშოდა (იაპონია)

3 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

3 კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი)

0.114396