ფეხბურთი

19:16 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნემსაძე ჭაბუკ ლეგიონერებზე: "ჯერ საქმეში ვნახავთ"

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ათდღიანი შეკრებისთვის გამოიძახა ფეხბურთელები. ამის შესახებ უკვე გვეწერა და ნახავდით, სიაში ექვსი ლეგიონერია. Worldsport.ge ნემსაძეს დაუკავშირდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ამ ათდღიან შეკრებაზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, კერძოდ, 2 მარტს თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდელებს, 4 მარტს კი თბილისის "დინამოს" 19-წლამდელებს დაუპირისპირდება.

ნემსაძის გაწვრთნილებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ელით. 24-30 ოქტომბერს მეტოქეებად იტალია, ლატვია და მონტენეგრო ეყოლებათ. ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს.

- ლეგიონერებზე გვითხარით. ექვსი ახალი ფეხბურთელია, მათ შორის, ერთს არაქართული გვარი აქვს: ლუკა-სებასტიან შვარცი "კარლსრუედან".

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მოვიძიეთ უცხოეთში მოთამაშე ამ ასაკის ქართველები. უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში ბევრი მეგობარი მყავს, ისინიც დამეხმარნენ ამ ბიჭების მოძიებაში. ეს ჯერ გაცნობითი ხასიათის შეკრებაა. იმას არ ვამბობ, რომ ექვსივე ამ ფეხბურთელის თამაშზე ჩასული ვიყავი და პირადად დავესწარი. აქ უნდა ვნახოთ საქმეში, ამხანაგურ თამაშებში. ბირთვი ნელ-ნელა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რათა ოქტომბრის შესარჩევ მატჩებს მომზადებულები შევხვდეთ. ლუკა-სებასტიან შვარცი "კარლსრუეს" აკადემიაშია. მამით გერმანელი და დედით ქართველია. თანახმანი არიან, რომ საქართველოს სახელით ითამაშოს, რაც მისასალმებელია. შვარცი ძალიან კარგად დაგვიხასიათეს.

- ანუ დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ლუკა ჰუფნაგელზე იყო?

- დიახ, დაახლოებით.

- შალვა ოგბაიძეზე ადრეც გვეწერა, რომ ბერლინის "დინამოშია" და ერთ-ერთი გამორჩეულია თავის ასაკში. სხვა ლეგიონერებზეც გვითხარით.

- ოგბაიძეც პერსპექტიული ჭაბუკია. ისიც და შვარციც შემტევი ნახევარმცველები არიან. ზურაბ გიგაშვილი თურქულ "ანკარაგიუჯუშია". თურქეთში ვთამაშობდი, იქ ბევრი მეგობარი მყავს და მათგან შევიტყვე გიგაშვილის შესახებ. მცველია, ჩვენ კი უკანა ხაზში გვაქვს პრობლემები და მოვსინჯავთ. ასევე მცველია საბა ჭინჭარაული ("ბევერენი, ბელგია), ხოლო ასევე ბელგიიდან მოწვეული ცოტნე ბენდიანიშვილი მარცხენა ნახევარმცველი გახლავთ. ეს ჭაბუკი "კორტრაიკშია". და ბოლოს, ვახტანგ ბეზერაშვილი "ბარსელონადან". ის "ბარსას" არა აკადემიაში,. არამედ სკოლაშია. ვნახოთ, გამოჩნდება, ვინ როგორ წარმოაჩენს თავს. ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ ექნებათ, ჯერ უნდა ვნახოთ საქმეში.

- ამ ექვსი ლეგიონერის გარდა, საუკეთესონი გყავთ გამოძახებულნი თუ ჯერ შერჩევას აწარმოებთ?

- არა, ოპტიმალური შემადგენლობა არა გვყავს, რადგან ზოგიერთ ჭაბუკზე კლუბებმა გვთხოვეს, მათთან დაგვეტოვებინა. ისედაც, მათი შესაძლებლობები ვიცით და ახლებს გავსინჯავთ.

- მინსკის ტურნირს როგორ შეაფასებდით?

- შედეგები ცუდი იყო, მაგრამ ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ტურნირზე 2000 წელს დაბადებულთა ნაკრებები იყვნენ, ანუ ერთი წლით უფროსებში გამოვდიოდით. მეორეც, პირველი შეკრება იყო, სრულიად ახალი გუნდი. რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ, თუმცა აშკარად დავინახე მინუსები, შეცდომების გასანაალიზებლად სასარგებლო ტურნირი იყო.

Loading...
0.114142