ფეხბურთი

11:14 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჯიქია: “საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხი დახურული არაა”

მოსკოვის “სპარტაკის” ახალწვეული გიორგი ჯიქია ამბობს, რომ რუსეთის ნაკრების ერთ შეკრებაზე გამოძახების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულ გუნდში მისი თამაშის საკითხი დახურული არაა. 23 წლის მცველმა ამის შესახებ რუსულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად მხოლოდ საკლუბო საქმეებითაა დაკავებული.

როგორც ცნობილია, ჯიქიასთან მოლაპარაკებას ქართული მხარე აქტიურად აწარმოებდა, როცა რუსეთის ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა გასული წლის ნოემბერში, ყატართან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის შეკრებაზე გამოიძახა, თუმცა ფეხბურთელს თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი ჯიქია 1993 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. 2011-2013 წლებში მოსკოვის “ლოკომოტივის” მეორე გუნდში თამაშობდა, 2014 წელს - ნალჩიკის “სპარტაკში”, 2014-2015 წლებში - “ხიმიკში”, 2015 წლიდან - “ამკარში", სადაც თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა და ამ ზამთარს მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

ახლა კი “სპორტ-ექსპრესის” ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც ჯიქიასა და საქართველოს ნაკრების თემას ეხება:

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდით?

- დეკემბერში ჩავედი ცხოვრებაში პირველად. შესანიშნავად მიმიღეს! ბევრი ნათესავი მოვინახულეთ. ახალ წლამდე ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ დამირეკეს და სასწრაფოდ მოსკოვში დავბრუნდი: სამედიცინო შემოწმება გავიარე და “სპარტაკთან” კონტრაქტი გავაფორმე.

- ქართველებს, ისე როგორც არავის, ეხერხებათ დაყოლიება...

- ნაკრების შესახებ მეკითხებით? იყო ამაზე საუბარი. დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ თავად ვიცი, როგორ მოვიქცე, დაყოლიებას აზრი არ აქვს. მოწვევა არის, მათ როგორც ფეხბურთელი მოვწონვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ეს საკითხი დახურული არაა?

- რატომ დახურული? ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

- თქვენ ხომ რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს?

- იმისთვის, რომ ეს საკითხი დაიხუროს, ოფიციალურ თამაშში მონაწილეობის მიღებაა საჭირო. ეს კი ჯერ არ მომხდარა და მსჯელობა შემიძლია. თუმცა, ახლა მხოლოდ “სპარტაკზე” ვფიქრობ, შეკრება ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ნაკრებზე კი თქვენ მკითხეთ და გავიხსენეთ...

- საქართველოს ნაკრებში ერთი-ორი წლის წინ რომ ეხმოთ, ალბათ ბევრი ფიქრის გარეშე დათანხმდებოდით?

- სავარაუდოდ, ასე მოხდებოდა, თუმცა მაშინ არავის ვჭირდებოდი.

Loading...
0.147149