ფეხბურთი

10:50 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ძმების დაპირისპირება “ოლდ ტრაფორდზე” და ცენტრალური ჯახი “ელ მადრიგალზე”

ჩემპიონთა ლიგის შემდგომ განახლდება ევროპა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის გათამაშება და დღეს 1/16 ფინალური ეტაპის 16 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი მატჩი იწვევს და ჩვენც უმეტესად, ამ ორ ჯახს დავუთმობთ ყურადღებას.

00:05 ვილიარეალი – რომა

ფლეი-ოფის ცენტრალური დაპირისპირება “ელ მადრიგალზე” გაიმართება. ესპანური და იტალიური კლუბების დუელი მუდამ საინტერესოა და გამონაკლისი არც აღნიშნული ჯახი იქნება.

“ვილიარეალს” ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდა და მე-2 ადგილი ბოლო ტურში გაინაღდა, თუმცა ეს 2 თვის წინ იყო და უმჯობესი იქნება, ახლანდელ ფორმაზე ვისაუბროთ. ვალენსიურ კლუბს საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ფრან ესკრიბას შეგირდებმა ესპანეთის თასზე და ლა ლიგაში გამართული ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ისიც აუტსაიდერ “გრანადასთან”. შესაბამისად, ისინი კოპა დელ რეის გათამაშებიდან გამოვარდნენ, ჩემპიონატში მე-6 ადგილამდე დაქვეითდნენ და საჩემპიონთალიგო ზონას უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან.

“რომა” კარგ ფორმაშია, სერია ა-ში მე-2 ადგილზე იმყოფება და ცდილობს, რომ ლიდერ “იუვენტუსს” პრობლემები შეუქმნას. შესაბამისად, ფორმის გათვალისწინებით წყვილში ფავორიტად სწორედ “რომა” მოიაზრება.

მასპინძლებს არავინ დააკლდებათ, ხოლო სტუმართაგან საეჭვო ფლორენცის თამაშია.

“ვილიარეალს” იტალიური კლუბების წინააღმდეგ 18 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 6 წააგო, ხოლო “რომა” ესპანელებს 26-ჯერ დაპირისპირებია და ამ შეხვედრებიდან 9 გაიმარჯვა, 4 ფრედ დაასრულა და 13 წააგო.

უშუალოდ ერთმანეთს კი ეს კლუბები 2-ჯერ შეხვედრიან: 2003/2004 წლების სეზონის უეფას თასის გათამაშებაში – 1/8 ფინალში “ვილიარეალმა” შინ 2:0 მოიგო, ხოლო იტალიაში “რომამ” – 2:1.

საინტერესოა, რომ “ვილიარეალის” შემადგენლობაში სამი იტალიელი: დანიელე ბონერა, რობერტო სორიანო და ნიკოლა სანსონე თამაშობენ, ხოლო ხოსე ანხელი 2011/2012 წლების სეზონში “რომას” ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, ვიქტორ რუისი სერია A-ში თამაშობდა, კონკრეტულად – “ნაპოლიში”.

“რომას” რიგებიდან კი, ლა ლიგაში ტომას ვერმაელენს (“ბარსელონაში”), დიეგო პეროტის და ფედერიკო ფასიოს უთამაშიათ (ორივეს “სევილიაში”)

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-4-2): ა.ფერნანდესი, მუსაჩიო, რუისი, ანხელი, რუკავინა, ტრიგეროსი, რ.სორიანო, ჩერიშევი, ჯ.დოს სანტოსი, ბორე, ბაკამბუ.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

რომა (4-3-3): ალისონი, ფასიო, ვერმაელენი, ბ.პერესი, ჟ.ჟესუსი, პარედესი, ნაინგოლანი, ჟერსონი, სალაჰი, ელ შაარავი, ჯეკო.
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

მსაჯი: დენი მაკელიე (ჰოლანდია)

00:05 მანჩესტერ იუნაიტედი – სენტ-ეტიენი

ძალიან საინტერესო მატჩი შედგება “ოლდ ტრაფორდზე”, სადაც ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების ყველაზე სახელოვანი და ტიტულოვანი კლუბები დაუპირისპირდებიან. “მანჩესტერ იუნაიტედს” და “სენტ-ეტიენს” ჯამში თავიანთი ჩემპიონატები 30-ჯერ აქვთ მოგებული და ამ მხრივ საუკეთესო შედეგი აქვთ. ასეთი ტიტულოვანი კლუბების დუელი კი ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

“იუნაიტედი” რა თქმა უნდა ფავორიტია და ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ჟოზე მოურინიოს კრებული ძალიან კარგ ფორმაშია და 2017 წელს მხოლოდ 1 წაგება აქვს – ისიც ინგლისის თასზე და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ. მიუხედავად ამისა, “წითელი ეშმაკები” მაინც მე-6 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლები მოუწევთ. ამიტომაც, ევროპა ლიგას კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ და ტიტულის მოგებას შეეცდებიან.

კარგ ფორმაშია “სენტ-ეტიენიც”, რომელიც მეტოქის მსგავსად 2017 წელს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს წაგებული და ისიც ერთ-ერთ ლიდერ “ნიცასთან”. ამიტომაც, ფრანგებისგან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი.

მასპინძლებს ტრავმის გამო ფილ ჯონსი დააკლდებათ, ხოლო სტუმრებს მ’ბენგუე, ტანანე და სოდერლანდი არ ეყოლებათ.

ეს კლუბები ერთმანეთს თასების მფლობელთა თასზე შორეულ 1977/78 წლების სეზონში შეხვდნენ. საფრანგეთში გამართული მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ინგლისში მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს.

“იუნაიტედს” ფრანგული კლუბების წინააღმდეგ 24-ჯერ უთამაშია: 12 მოგება, 10 ფრე და 2 მარცხი. აღსანიშნავია, რომ მათ ფრანგებთან შინ არასდროს წაუგიათ: 9 მოგება და 3 ფრე.

“სენტ-ეტიენი” ინგლისურ კლუბებს 6-ჯერ შეხვედრია, საიდანაც 1 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4 წააგო. გასვლაზე გამართული სამივე მატჩი მათთვის მარცხით დასრულდა.

აღსანიშნავია, ძმების პოლ და ფლორენტინ პოგბების დაპირისპირება.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ბაილი, ვალენსია, ბლინდი, პოგბა, ერერა, მხიტარიანი, ლინგარდი, რეშფორდი, იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სენტ-ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, პერინი, თეოფილე-კატერინი, მალკუიტი, პოგბა, პაიოტი, ვერეტუტი, მონეტ-პაკეტი, საივე, ინტიმა, ჰამოუმა.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

სხვა მატჩებიდან გამოსაყოფია “კრასნოდარის” მატჩი. სამწუხაროდ, თორნიკე ოქრიაშვილი განაცხადში არ დაუმატებიათ და “ფენერბახჩეს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი “ტოტენჰემი” გასვლაზე “გენტს” დაუპირისპირდება, ხოლო ვაკო ყაზაიშვილის “ლეგია” შინ ამსტერდამის “აიაქსს” მიიღებს.

20:00 კრასნოდარი – ფენერბახჩე

22:00 ასტრა – გენკი

22:00 ალკმაარი – ლიონი

22:00 გლადბახი – ფიორენტინა

22:00 სელტა – შახტარი

22:00 როსტოვი – სპარტა

22:00 გენტი – ტოტენჰემი

22:00 ლუდოგორეცი – კოპენჰაგენი

22:00 ოლიმპიაკოსი – ოსმანლისპორი

00:05 ანდერლეხტი – ზენიტი

00:05 ბილბაო – აპოელი

00:05 ბირ შევა – ბეშიქთაში

00:05 ლეგია – აიაქსი

00:05 მანჩესტერ იუნაიტედი – სენტ-ეტიენი

00:05 პაოკი – შალკე

00:05 ვილიარეალი - რომა

0.18982