ფეხბურთი

10:00 | 14.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ყველაზე საინტერესო ახლა იწყება - პსჟ-ს მესამე ცდა "ბარსელონასთან"

“პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა” – დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდება. პარიზის, “პარკ დე პრენსის" სტადიონზე დღის უდაოდ გამორჩეული მატჩია. ბოლო ოთხ წელიწადში ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდებიან, ხოლო პლეი-ოფის სტადიაზე მათი გზები მესამედ გადაიკვეთა.

უნაი ემერის პსჟ-ს სეზონის სტარტი არცთუ ისე წარმატებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო ხანებში თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა და 11 თამაშიდან 10 აქვს მოგებული. გასაკრივი არაა, რომ ფრანგებს წარმატებული სერიის გაგრძელება სურთ და თან, “ბარსასთან” პირადი ანგარიშიც აქვთ გასასწორებელი, რადგან 2013 და 2015 წლებში კალატონურმა გრანდმა გამოთიშა გათამაშებას. საფრანგეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ მისი გუნდი არავიზე ნაკლები არაა. ისიც დასძინა, ფეხბურთელებს სურთ პსჟ-ს ისტორიაში შევიდნენო.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ტიაგო მოტა და ტიაგო სილვა დააკლდებათ. გარდა ამისა, საეჭვოა ხავიერ პასტორეს თამაშიც. ბრაზილიელი მცველი მარკინიოსი კი, ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ყვითელ ბარათს თუ მიიღებს, საპასუხო თამაშს გამოტოვებს.

რაც შეეხება მეტოქის ბანაკს – “ბარსელონაც” პსჟ-სი არ იყოს, ბოლო დროს ფერზე მოვიდა და აშკარად უკეთ დაიწყო თამაში. ლუის ენრიკე მეტოქის შესაძლებლობებს აფასებს და ამბობს, რომ პარიზში თამაში ყოველთვის რთულია. ესპანელ მწვრთნელს დღეს არდა თურანის, ხავიერ მასკერანოსა და ალეიშ ვიდალის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

სხვათა შორის, ლუის ენრიკეს “პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ ორჯერ მოუგია ფეხბურთელის რანგში და ორჯერვე მადრიდის “რეალის” სახელით.

უნაი ემერი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): “შესანიშნავი დაპირისპირება იქნება – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ მოიპოვებს უპირატესობას გადამწყვეტ მომენტებში, ვისი ტაქტიკური და ხარისხობრივი კარნახით წარიმართება მატჩი. გვინდა გამოვიყენოთ ეს შანსი, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით.

ჩემი გუნდი ძალზე მოტივირებულია. არავის ნაკლებად არ ვგრძნობთ თავს – გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ში იზრდებიან და სურთ, რომ დაწერონ გუნდის ისტორია და გადაფურცლონ ბრწყინვალე ფურცელი”.

ლუის ენრიკე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “პსჟ ბოლო კვირების განმავლობაში დიდებულად თამაშობს და თუ გამარჯვება გვინდა, მათზე უკეთ უნდა ვითამაშოთ. კარგად ვიცნობ უნაი ემერის და ვიცი შეეცდება ცხოვრება გაგვირთულოს. მიზანი ორივე გუნდს ერთი აქვს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ მოედანზე ბურთის ფლობის კონტროლი დავაწესოთ და შევქმნათ რაც შეიძლება, მეტი სახიფათო მომენტი.

ჩვენ დღევანდელ მეტოქესთან და პარიზის სტადიონთან კარგი მოგონებები გვაკავშირებს. “პარკ დე პრენსზე” თამაში რთულია, პსჟ კი, ადვილი მეტოქე ასეთი დონის შეხვედრებში. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო თამაში გველოდება”.

სავარაუდო შემადგენლობები:

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

14 თებერვალი, 23:45 საათი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; ორიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი; ვერატი, რაბიო, მატუიდი; ლუკასი, კავანი, დრაქსლერი

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

ურთიერთშეხვედრები

2014-2015 წლების სეზონში ისინი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ – ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ შინ დავიდ ლუიზის, მარკო ვერატისა და ბლეზ მატუიდის გოლებით 3:2 მოიგო, ხოლო სტუმართაგან ლიონელ მესიმ და ნეიმარმა გაიტანეს.

2014 წლის 30 სექტემბერს, “პარკ დე პრენსზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, დავიდ ლუიზი, მაქსველი, ვერატი (კაბაიე 71), ტიაგო მოტა, მატუიდი, ლუკასი (ბაჰებეკი 90), პასტორე (შანტომე 86), კავანი

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, ალვეში (სანდრო 83), მასკერანო, მატიე, ალბა, რაკიტიჩი (ჩავი 69), ბუსკეტსი, ინიესტა, პედრო (ელ ჰადადი 62), მესი, ნეიმარი

მეექვსე ტურში “ბარსამ” 3:1 მოიგო – ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლს მესიმ, ნეიმარმა და ლუის სუარესმა უპასუხეს.

გუნდები იმავე სეზონში მეორედ უკვე მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს – პარიზში სტუმართაგან სუარესმა დუბლი შეასრულა, ერთი ნეიმარმა გაიტანა. ფრანგები კი, მხოლოდ ჟერემი მატიეს ავტოგოლს გამორჩნენ.

2015 წლის 15 აპრილს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (დავიდ ლუიზი 21), მაქსველი, კაბაიე, რაბიო (ლუკასი 65), ლავეცი, მატუიდი, პასტორე, კავანი

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, მონტოია (ადრიანო 80), პიკე, მასკერანო, ალბა, რაკიტიჩი (მატიე 74), ინიესტა (ჩავი 53), ბუსკეტსი, მესი, ნეიმარი, სუარესი.

საპასუხო თამაში ესპანელებმა შინ ნეიმარის დუბლით 2:0 მოიგეს.

2012-2013 წლების სეზონში “ბარსელონა” ნახევარფინალში სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა. საფრანგეთში 2:2, ესპანეთში – 1:1.

გუნდებმა 2013 წლის 2 აპრილს, პარიზში, შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

პსჟ: სირიგუ, ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი, ბექჰემი (ვერატი 70), მატუიდი, ლუკასი, პატორე (გამეირო 76), იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (მენესი 66)

“ბარსელონა”: ვალდესი, ალვეში, პიკე, მასკერანო (ბარტრა 84), ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, სანჩესი, მესი (ფაბრეგასი 46), ვილა (ტელო 81)

სამაგიეროდ, 1994-1995 წლების სეზონში ძლიერი პსჟ გამოდგა, მაშინაც მეოთხედფინალური შეხვედრა იყო. ესპანეთში 1:1 დაფიქსირდა, საფრანგეთში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. 1997 წელს კი, თასების თასის ფინალში “ბარსელონამ” 1:0 მოიგო. როტერდამში გამარჯვების გოლი რონალდომ გაიტანა. მაშინ კატალონელთა რიგებში ითამაშა ლუის ენრიკემ.

საერთო ჯამში “ბარსელონამ” 9 თამაშიდან 4 მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ გამარჯვება პსჟ დარჩა. ბურთების შეფარდება ესპანელთა სასარგებლოდ მეტყველებს – 16:11.

ფაქტები, სტატისტიკა

პსჟ

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გათამაშება მეოთხედფინალში დაასრულა. გასულ სეზონში ფრანგებს “სიტიმ” აჯობა ორი მატჩის ჯამში – 3:2 (2:2, 0:1).

2014-2015 წლების სეზონში “პარი სენ ჟერმენისთვის” “ბარსელონასთან” განცდილი მარცხი მეორე იყო ესპანურ გუნდებთან პარიზში. მანამდე დედაქალაქელებს შინ ლა კორუნიის “დეპორტივოსთან” წაეგოთ 2000 წელს (1:3).

იმავე მატჩში განცდილი მარცხით პსჟ-მ დაასრულა 42-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე. რომელიც, სათავეს 2006-2007 წლების სეზონში იღებდა, როდესაც პარიზელებმა უეფას თასზე თელ-ავივის “ჰაპოელთან” წააგეს (2:4). მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ სახლში 5 ქულა დააგროვა.

“პარკ დე პრენსზე” ესპანურ გუნდებს თამაში უჭირთ. სტატისტიკა ასეთია: 6 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. რაც შეეხება მთლიან სტატისტიკას შემდეგნაირია: 10 მოგება, 7 ფრე, 9 წაგება.

“ბარსელონა”

“ბარსელონას” შედეგი კი საფრანგეთში ასე გამოიყურება: 4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. ჯამში: 12 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება. ბოლო ექვსი გასვლითი მატჩიდან კი, “ბარსამ” სტუმრად ფრანგულ გუნდებთან ერთადერთი წააგო. ორი მოგება, სამი ფრე.

“ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზედიზედ მე-13-ედ გავიდა. “ბლაუგრანამ” ჩ ჯგუფი მოიგო და მეორე ადგილზე გასულ “სიტის” 6 ქულით გაასწრო.

“ბარსელონას” შანსი აქვს მეოთხედფინალში მიჯრით მეათედ გავიდეს და თუ ეს მოახერხა, აბსოლუტური რეკორდი იქნება. შარშან, კატალონელებმა ასპარეზობა სწორედ აღნიშნულ ეტაპზე დაასრულეს, როდესაც “ატლეტიკოსთან” ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს (2:1, 0:2). მერვედფინალური ბარიერი კი, ლუის ენრიკეს გუნდმა მარტივად გაიარა. მოუგო რა, “არსენალს” – 2:0, 3:1.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

ლუკას დინიე პსჟ-ში თამაშობდა 2013-2015 წლებში და ლიგა 1-ში 30 თამაში ჩაატარა.

როდესაც უნაი ემერი “ალმერიას”, “ვალენსიასა” და “სევილიას” ტავკაცობდა, “ბარსელონას” 23-ჯერ დაუპირისპირდა – 16 მარცხი, 6 ფრე და ერთადერთი გამარჯვება. “სევილიას” თავკაცის რანგში, გასულ სეზონში (2:1).

“რეალის” მაისურით ლეუის ენრიკეს, როგორც ფეხბურთელს პსჟ დამარცხებული ჰყავს, თანაც ორჯერ. უეფასა თასისა და თასების თასის მეოთხედფინალში.

ტიაგო მოტა “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია და ლა ლიგაში 96-ჯერ ითამაშა “ბარსას” მაისურით (6 გოლი). ორჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. 2006 წელს, “არსენალთან” ფინალის დროს, იგი სათადარიგო სკამზე იჯდა.

მაქსველმა 2009-2012 წლებში ლა ლიგაში “ბარსელონას” ღირსება 57-ჯერ დაიცვა და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.

2011 წლის სექტემბერში, ტიაგო სილვამ “ბარსელონას” კარში გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. მაშინ იგი, “მილანის” ღირსებას იცავდა.

ნეიმარმა 2015 წელს ბლეზ მატუიდის საფრანგეთს 3:1 მოუგო. მაშინ, მოედანზე ტიაგო სილვაც იყო.

ალფონს არეოლამ შარშან “ბარსელონასგან” სამი გოლი გაუშვა, როდესაც იჯარით “ვილიარელაში” ასპარეზობდა (ორჯერ ნეიმარმა, ერთხელ კი სუარესმა გაუტანეს).

ანხელ დი მარიას “რეალის” რიგებში “ბარსელონას” წინააღმდეგ 16-ჯერ უთამაშია (5 მოგება, 4 ფრე, 7 წაგება. გოლები გაუტანა 2014 წელს კოპა დელ რეის ფინალში და 2012 წელს, ესპანეთის სუპერთასზე.

გჟეგოჟ კრიხოვიაკი “სევილიაში” 2014-2016 წლებში თამაშობდა და “ბარსას” წინააღმდეგ დაპირისპირება ხუთჯერ მოუწია – 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება.

ერთად უთამაშიათ

ტიაგო სილვა, მარკინიოსი, ლუკას მოურა და ნეიმარი (ბრაზილიის ნაკრები).

ბლეზ მატუიდი, ლაუინ კურზავა, ჰატემ ბენ არფა, ადრიენ რაბიო, ლუკას დინიე, ჟერემი მატიე და სამუელ უმტიტი (საფრანგეთის ნაკრები).

ხავიერ პასტორე, ანხელ დი მარია, ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო (არგენტინის ნაკრები)

ედინსონ კავანი და ლუის სუარესი (ურუგვაის ნაკრები).

კევინ ტრაპი და მარ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანიის 21-წლამდე ნაკრები).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112933