ფეხბურთი

0:51 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკას ჰუფნაგელი "ნიურნბერგის" ფეხბურთელია

გერმანული “ფრაიბურგის” 23 წლის ქართველი შემტევი ლუკას ჰუფნაგელი კარიერას II ბუნდესლიგის ბინადარ “ნიურნბერგში” გააგრძელებს. ამის შესახებ ბავარიული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. ჰუფნაგელი ახალ გუნდში 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“მინდა ახალ გუნდში მეტი სათამაშო დრო მქონდეს. შარშან, როდესაც “ფრაიბურგი” მეორე ბუნდესლიგაში იყო რეგულარულად ვთამაშობდი. ვფიქრობ, ეს ტრანსფერი ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, - თქვა ჰუფნაგელმა.

კომენტარი “ნიურნბერგის” მმართველმა დირექტორმა ანდრეას ბორნემანმაც გააკეთა:

“ლუკასი შემტევი ნახევარმცველია და ამით ჩვენი გუნდის შესაძლებლობები თავდასხმაში გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ იგი ჩაეწერება კარგად “ნიურნბერგში” და დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში სეზონის მეორე ნახევარში”, - აღნიშნა მან.

ლუკას ჰუფნაგელი “ფრაიბურგში” 2015 წელს გადავიდა და გასულ სეზონში მუდმივი სათამაშო პრაქტიკაც ჰქონდა. თუმცა, წელს, უკვე ბუნდესლიგაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონია. ჰუფნაგელს 2015 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ერთი შეხვედრა ჩატარებული, თუმცა იმის შემდგომ გამოძახებული არ ყოფილა. ხსენებული ერთადერთი შემთხვევა კი ესტონეთთან ამხანაგური მატჩში იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ კახა ცხადაძე ავარჯიშებდა.

რაც შეეხება “ნიურნებრგს” – დიდი ტრადიციების გუნდია, ბუნდესლიგა 9-ჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ბოლო დროს კრიზისშია. მეორე ბუნდესლიგაში 18 ტურის მერე 25 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება. I ბუნდესლიგაში კი, ბოლოს 2013-2014 წლების სეზონში იასპარეზა.

0.11897