ფეხბურთი

11:33 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალი: “რუსეთში მიწვევდნენ, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ევროპაა”
“ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის პოლონეთი კარგი ტრამპლინია”

ლაშა დვალი ერთ-ერთია იმ თაობის ფეხბურთელთაგან, რომლებზეც დიდი იმედი მყარდება. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი გერმანულ “დუისბურგში” წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, ერთი წლის წინ, პოლონეთში, კერძოდ, “შლიონსკიში” გადაბარგდა და მართებული ნაბიჯიც გადადგა. ლაშა გუნდში მისვლის დღიდან ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და 36 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა. რამდენჯერმე ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

ცოტა ხნის წინ, პოლონური მედია წერდა, რომ დვალის მიმართ ინტერესი ამსტერდამის “აიაქსის” მხრიდან იყო, თუმცა თვითონ ლაშამ გვითხრა, რომ მას ჰოლანდიიდან არავინ შეხმიანებია.

WORLDSPORT.GE-სთან ინტერვიუში დვალმა არ დამალა, რომ რუსეთში იწვევდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ვარიანტი გამორიცხა. მისი განცხადებით, პრიოტეტი ევროპაში თამაშია. ლაშას სანაკრებო თემაზეც გავესაუბრეთ და ბოლოს საინტერესო ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ.

- როგორ შეაფასებ მიმდინარე სეზონს, როგორც გუნდისთვის, ისე პირადად შენთვის?

- პირადად ჩემთვის დადებითად შევაფასებდი იმ მხრივ, რომ პრაქტიკა მაქვს და თავს არ ვზოგავ. მიფასდება კიდეც. თითქმის ყველა თამაში თავიდან ბოლომდე ვითამაშე და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. გუნდს რაც შეეხება, მე-12 ადგილზე ვიმყოფებით და მიზანი 8 საუკეთესოს შორის მოხვედრაა, რაც შეიძლება უკეთესი პოზიციით. დაშორება ქულების მხრივ საკმაოდ მცირეა. ასე რომ, რეალურია და ნამდვილად საბრძოლო თამაშები გველის წინ. რეალურად შეგვწევს იმის ძალა, რომ მიზანს მივაღწიოთ.

- როგორი დონეა პოლონეთში. როგორც წმინდა საფეხბურთო, ისე სხვა კუთხითაც?

- სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი ასეთ ნორმალურ დონეს ყველა მხრივ. ინფრასტრუქტურა, მატჩებზე მაყურებელთა რაოდენობა... თამაშებზე მაღალი ტემპია და არის 4-5 ევროპის დონეზე საშუალო გუნდი. არცერთი მატჩი არაა ადვილი, ყველგან ბრძოლა გიწევს იმისთვის, რომ 3 ქულა მოიპოვო და საკმაოდ რთულიცაა ამის გაკეთება უმეტეს შემთხვევაში. მოკლედ, ძალიან კარგი ჩემპიონატია, მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, თავისი შესაძლებლობები რომ წარმოაჩინოს და შემდეგ ევროპაში გაიკვალოს გზა თავისი კარგი თამაშით და შრომით.

- ამასობაში, ქართველებიც მომრავლდნენ ექსტრაკლასაში...

- დიახ, ნამდვილად ასეა და ვისაც ვესაუბრე ყველა იმ აზრზეა, რაც უკვე გითხარით.

- ადრე ითქვა, რომ თითქოს ამსტერდამის “აიაქსი” გაკვირდებოდა და სურდა შენი შეძენა...

- პოლონეთში მართლაც დაიწერა ამის შესახებ, მაგრამ რამდენად სიმართლეა ვერ გეტყვით, რადგან პირადად მე არავინ შემხმიანებია “აიაქსიდან”.

- სხვა გუნდებიდან?

- იყო რუსეთის ვარიანტები, კონკრეტულად გუნდების დასახელება არ შემიძლია. თუმცა, ყველანაირად ვცდილობ და მინდა, რომ ევროპაში წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები.

- გამოდის, ამ ეტაპზე რუსეთში გადაბარგებას გამორიცხავ...

- დიახ, გამოვრიცხავ.

- როგორია მთავარი მწვრთნელის შეხედულება შენდამი?

- ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. მქონდა მასთან ინდივიდუალურად საუბარი, აინტერესებდა ჩემი ხედვები და ზოგადად უშუალო ადამიანია. დიდი ფეხბურთიც აქვს ნათამაშები. მნიშვნელოვანია, რომ აინტერესებს თითოეული ფეხბურთელის აზრი. იმედი მაქვს, მასთან ერთად ჩემპიონატს პირველ რვა გუნდში დავასრულებთ.

- რას გამოარჩევ პოლონეთის ექსტრაკლასადან?

- მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ გამოვარჩევ ტემპს და ორთაბრძოლებს. იმას, რომ ადვილად არავინ არაფერს დაგითმობს.

- “შლიონსკისთან” კონტრაქტი როდემდე გაკავშირებს და თუ იყო მის გახანგრძლივებაზე საუბარი?

- 2018 წლამდე მაქვს გაფორმებული. არა, ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

- როგორც ვიცით, დუბაის შეკრებისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიხმეს...

- დიახ, ასეა. თუმცა, რადგან ფიფას კალენდარული დღე არაა, გუნდმა ნაკრებს ჩემს გაშვებაზე უარი უთხრა.

- რამდენად აქვს ახლო მომავალში საქართველოს ნაკრებს იმის შანსი, რომ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლოს. თუნდაც, ევრო 2020-ზე?

- იმის შანსი ნამდვილად არის, რომ ვიბრძოლოთ მომავალი ფინალური ეტაპებისთვის ჯგუფში მოხვედრაზე.

ამის შემდგომ ლაშასთან პატარა ბლიც ინტერვიუს ჯერიც დადგა:

- საუკეთესო მეკარე ისტორიაში?

- ჯანლუიჯი ბუფონი.

- საუკეთესო მცველი?

- სერხიო რამოსი.

- საუკეთესო ნახევარმცველი?

- ჩავი ერნადესი.

- საუკეთესო თავდამსხმელი?

- ბრაზილიელი რონალდო.

- ფეხბურთელი, რომლის თამაშით ყველაზე მეტ სიამოვნებას იღებ ან იღებდი?

- ლიონელ მესი.

- საუკეთესო მწვრთნელი ისტორიაში?

- ალბათ, კარლო ანჩელოტი.

- საუკეთესო გუნდი?

- “ბარსელონა”.

- ფეხბურთელი, რომლის გვერდით ერთ წუთს მაინც ითამაშებდი?

- ლუის სუარესი.

- მატჩი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?

- ასეთი ბევრია. ყველაზე მეტად 19-წლამდელებში 9 ფეხბურთელით შოტლანდიას რომ მოვუგეთ.

- დაახასიათეთ ერთი სიტყვით ფეხბურთი...

- ცხოვრება.

Loading...
0.117293