ფეხბურთი

0:26 | 30.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიდი უპირატესობით - ლევან მჭედლიძე დეკემბერში საუკეთესოა

WORLDSPORT.GE-ს მკითხველმა დეკემბერში თავისი არჩევანი გააკეთა და 2016 წლის დასკვნითი თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძეა – “ემპოლისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამოკითხვა ძალზე დიდი უპირატესობით მოიგო. მას ხმათა 59% მიიღო. სხვათა შორის, გეტყვით, რომ ჩვენს გამოკითხვაში ასეთი დიდი უპირატესობა ჯერ არცერთ სხვა ფეხბურთელს ჰქონია.

მეორე ადგილზე 20.1%-ით კვიპროსული “ეთნიკოსის” შემტევი ნიკა კაჭარავა გავიდა, მესამეზე “სამტრედიას” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც ხმების 15.4% ერგო, ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილს დასჯერდა ვენის “რაპიდის” ფორვარდი გიორგი ქვილითაია 5.5%-ით.

დეკემბრის თვის გამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 732 ადამიანმა მიიღო და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნახევარზე მეტი ხმების რაოდენობა მჭედლიძემ მოიპოვა.

აქვე გეტყვით, წინა თვეების გამარჯვებულების შესახებ: ჩვენს ვებგვერდზე გამოკითხვა სექტემბრიდან მიმდინარეობს – სექტემბერში ჯანო ანანიძე გახდა საუკეთესი 56.6%-ით, ოქოტმბერში ვაკო გვილია 51.1%-ით, ხოლო ნოემბერში თორნიკე ოქრიაშვილი 41.6%-ით.

რაც შეეხება ლევან მჭედლიძის თამაშს დეკემბერში: 26 წლის ქართველმა ფორვარდმა არამარტო ქართული, არამედ იტალიური მედია აალაპარაკა. ბოლო დროს არცთუ იშვიათად შეხვდებოდით აპენინურ გამოცემებში ლევანის შესახებ სტატიებს. მჭედლიძემ მართლაც დიდებულად ითამაშა დეკემბერში: 3 თამაში და 3 გოლი იტალიის სერია A-ში. ჩვენებური კალჩოს ტურის სიმბოლურშიც მოხვდა ერთხელ. გოლებს რაც შეეხება, “კალიარისთან” დუბლი გაიფორმა, ხოლო “ატალანტას” ერთხელ გაუტანა. ლევან მჭედლიძემ 2016 წელი ისე დაასრულა, რომ სამომავლო იმედი ქართველ გულშემატკივარში აშკარად გააჩინა. თითქოს, თავიდან დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც თავიდან დაიწყო. მთავარია ტრავმებმა არ დატანჯოს, თორემ მონაცემები რომ აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოკლედ, ლევან მჭედლიძე გამარჯვებული რომ გახდა, გასაკვირი არაა.

აქვე გთავაზობთ, გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" სრულ შედეგებს:

ლევან მჭედლიძე – 59%

ნიკა კაჭარავა – 20.1%

ბუდუ ზივზივაძე – 15.4%

გიორგი ქვილითაია – 5.5%

"თქვენ ირჩევთ" რა თქმა უნდა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელსაც გამოავლენს. თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ იანვრის დასაწყისში WORLDSPORT.GE-ზე კიდევ ერთი გამოკითხვა განთავსდება, რომლის მეშვეობითაც თქვენ, ჩვენი მკითხველნი 2016 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.

0.113602