ფეხბურთი

10:00 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

თქვენ ირჩევთ - დეკემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – 2016 წლის ბოლო თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს WORLDSPORT.GE-ს მკითხველი გამოავლენს. წინა თვეებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო სიხალვათეა ნომინანტებში, თუმცა ამას ობიექტური მიზეზი გააჩნია: დეკემბერში მაინცდამაინც ბევრ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია და შესაბამისად, ღირებულიც არაფერი შეუქმნიათ.

თუმცა, გვყავს ოთხი კანდიდატი, რომელთაც ძალზე წარმატებული თვე გამოუვიდათ. სხვათა შორის, ოთხივე თავდამსხმელია: ნიკა კაჭარავა, ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.

აღსანიშნავია, რომ წინა სამი გამოკითხვის გამარჯვებულები, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი სიაში ვერ მოხვდნენ. რა გასაკვირია, რუსეთისა და ბელორუსის ჩემპიონატები დეკემბრის დასაწყისში ზამთრის პაუზაზე გავიდა, შესაბამისად, მათ თამაშის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.

“თქვენ ირჩევთ” ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში იქნება განთავსებული და ხმის მიცემა ნებისმიერი ადამიანს შეეძლება, ოღონდ ერთხელ, ერთ კონკრეტულ კანდიდატზე. აქვე გეტყვით იმას, რომ სტატია რამდენჯერმე განახლდება. ანუ, დროს შეიცვლის. მოკლედ, წესები უცვლელია. მანამდე კი, 2016 წლის ბოლო თვის ნომინანტებზე უფრო ვრცლად გიამბობთ:

ლევან მჭედლიძე (“ემპოლი”, იტალია) – 26 წლის ქართველმა ფორვარდმა არამარტო ქართული, არამედ იტალიური მედია აალაპარაკა. ბოლო დროს არცთუ იშვიათად შეხვდებოდით აპენინურ გამოცემებში ლევანზე სტატიებს. მჭედლიძემ მართლაც დიდებულად ითამაშა დეკემბერში: 3 თამაში და 3 გოლი იტალიის სერია A-ში. ჩვენებური კალჩოს ტურის სიმბოლურშიც მოხვდა ერთხელ. გოლებს რაც შეეხება, “კალიარისთან” დუბლი გაიფორმა, ხოლო “ატალანტას” ერთხელ გაუტანა. ლევან მჭედლიძემ 2016 წელი ისე დაასრულა, რომ სამომავლო იმედი ქართველ გულშემატკივარში აშკარად გააჩინა. თითქოს, თავიდან დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც თავიდან დაიწყო. მთავარია ტრავმებმა არ დატანჯოს, თორემ მონაცემები რომ აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოკლედ, ლევან მჭედლიძე ნომინანტებში სრულიად დამსახურებულადაა.

ნიკა კაჭარავა (“ეთნიკოსი”, კვიპროსი) – 4 თამაში, 5 გოლი – ასეთია ნიკა კაჭარავას დეკემბრის მონაგარი. ამას თუ ერთ საგოლე გადაცემასაც დავუმატებთ, უფრო სოლიდურ სახეს მიიღებს მისი თამაში. კაჭარავამ დუბლი შეასრულა ორჯერ, “არისთან” და “ზაკაკოიუსთან”, ხოლო “აელს” გოლი გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა. მოკლედ, ნიკას დიდებული თვე ჰქონდა. აშკარაა, რომ 22 წლის ფორვარდი პროგრესის გზას ადგას. კაჭარავა დეკემბერში კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, რაც პატარა აღიარება სულაც არაა.

ბუდუ ზივზივაძე (“სამტრედია”) – დეკემბერში ბუდუ ზივზივაძემ სულ ორი თამაში ჩაატარა, მაგრამ გამორჩეულთა შორის დამსახურებულად მოხვდა. სხვათა შორის, უკვე მესამედ. 22 წლის ფეხბურთელმა საჩემპიონო ფინალში საჩხერის “ჩიხურასთან” გმირის სახელი დაიგდო. ჯერ, “ეროსი მანჯგალაძეზე” დიდებული ორი გოლით საკუთარ გუნდს მოაგებინა, მერე საპასუხო მატჩში ჯერ პენალტი მოინადირა, მერე საგოლე გადაცემა გააკეთა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”, ავსტრია) – გიორგი ქვილითაია ნელ-ნელა ვენის “რაპიდის” სასტარტო შემადგენლობას უშინაურდება. დეკემბერში 23 წლის თავდამსხმელმა 4 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 11 დეკემბერს, “რიდის” კარი ორჯერ დალაშქრა. ეს გიორგის პირველი დუბლი გახლდათ ავსტრიაში. ნურც, ევროპა ლიგის მატჩს დავივიწყებთ ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ, სადაც ჟოელინტონმა ბასკთა კარი სწორედ ქვილითაიას დიდი დახმარებისა და აქტიურობის შედეგად დალაშქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132172