ფეხბურთი

19:25 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განებივრებული არაა და არც არასდროს ყოფილა ლეგიონერებით. მითუმეტეს მაღალი დონის ლეგიონერებით. არადა, თანამედროვე ფეხბურთში ამ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ სამდე, რომელიმე გუნდი თავს გამოიჩენს, მასში უცხოელი ფეხბურთელ(ებ)ის წვლილი ყოველთვის დიდია.

ზაფხულში, “დინამო” თბილისმა რამდენიმე ლეგიონერი დაიმატა, რომლებიც კლუბს წარმატების მოტანაში უნდა დახმარებოდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ყველა მათგანს, ნაადრევად და უკვალოდ მოუწია არამარტო გუნდის, არამედ ჩვენი ქვეყნის დატოვება.

WORLDSPORT.GE შეეცდება მაქსიმალურად გაიხსენოს ის ლეგიონერები, რომელთაც საქართველოში თავი დაიმკვიდრეს და ქართულ ფეხბურთში პატარა კვალი მაინც დატოვეს. ჩვენი ვებგვერდი წარმოგიდგენთ საქართველოს უმაღლესი ლიგის ლეგიონერთა ყველა დროის სიმბოლურს...

დიდიე ოვონო (“დინამო”, თბილისი) – გაბონელი მეკარე საქართველოში 2007 წელს გამოჩნდა. ოვონო “დინამოში” პორტუგალიური “პაკოშ ფერეირადან” მოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მან 2 წელი გაატარა და უმაღლეს ლიგაში 49 მატჩი ჩაატარა. თითოჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი. დიდიეს კარიერა საქართველოს შემდგომ წარმატებულად განვითარდა – აფრიკელმა კიპერმა ითამაშა “ლე მანსა” და “სოშოში”, საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში. 2013 წლიდან დღემდე კი, “ოსტენდეს” კარს იცავს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა ბელგიის იუპერლიგაში ოთხი თამაში ჩაატარა. რაც შეეხება გაბონის ნაკრებს – 2003 წლიდან ირიცხება ეროვნულ გუნდში და 83 კეპიც აქვს მოხვეჭილი. დიდიე ოვონო ნაკრების კაპიტანია და აფრიკის ეროვნებათა თასზე 10-ჯერ ითამაშა. 2012 წელს კი, ლონდონის ოლიპმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა.

ალექს ფრაგა (“ოლიმპი”) – ბრაზილიელმა მცველმა საქართველოს ჩემპიონატში ერთი წელი ითამაშა, თუმცა ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ თავი კარგად წარმოეჩინა. ფრაგამ 2009-2010 წლების სეზონში “ოლიმპის” რიგებში ოქროს მედალი მოიგო. ამაში დიდი წვლილიც შეიტანა: 31 თამაში და ერთი გოლი – ასეთია მისი ქართული მონაგარი. ალექს ფრაგა “ოლიმპამდე” “ატლეტიკო პარანაენსეს” ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოდან აბარგების შემდგომ სამშბლოში, “ნაუტიკოში” ითამაშა.

ნედ ზელიჩი (“დინამო”, თბილისი) – ნედ ზელიჩი იმ გამონაკლისთაგანია, რომელსაც წარმატებული კარიერა ჰქონდა და ფეხბურთის თამაშს თავი საქართველოში დაანება. ავსტრალიელი მცველი, “დინამოში” 2006-2008 წლებში ირჯებოდა და 34 თამაში ჩაატარა. ზელიჩს, რომელსაც ავსტრალიის ნაკრებში თავის დროზე 34-ჯერ უთამაშია, ჩინებული კარიერა ჰქონდა. განსაკუთრებით, მან წარმატებით გერმანიის “ბუნდესლიგაში ითამაშა, სადაც სხვადასხვა პერიოდში “დორტმუნდის”, “აინტრახტისა” და “მიუნხენ 1860”-ის რიგებში გარჯილა. ბუნდესლიგაში მას 194 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი. ასევე ქპრ-ს რიგებში 11-ჯერ პრემიერლიგური კეპი მოუხვეჭავს. ასვე იცავდა ფრანგული “ოსერის” ღირსებას 1996-1997 წლებში.

მილოშ კრშკო (“დინამო” თბილისი) – სლოვაკი მცველი, რომელმაც თბილისის “დინამოში” 2007-2010 წლებში ითამაშა და ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი იყო. კრშკომ უმაღლეს ლიგაში 53 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

კარლოს და როჩა (“დინამო”, თბილისი) – კარლოს ალბერტო პინა და როჩამ თბილისის “დინამოში” 3 წელი გაატარა. 2001-2004 წლებში მან ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში მარტო უმაღლესი ლიგის ეგიდით 57 თამაში გამართა და 3 გოლი გაიტანა. საქართველოში “რობერტო კარლოსსაც” უწოდებდნენ. “დინამომდე” იგი მოსკოვის “ტორპედოსა” და ტულას “არსენალშიც” ირჯებოდა. კარლოსმა 2004 წელს საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა და იმავე წელს დსთ-ს თასი მოიგო.

პოლ კესანი (“ზესტაფონი”) – ვისაც ახსოვს გაბონელი პოლ კესანის თამაში, უდაოდ ემახსოვრება, რომ 31 წლის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული იყო. კესანი “ზესტაფონის” რიგებში 2007-2008 წლებში თამაშობდა და 29 მატჩში 3 გოლის გატანაც მოახერხა. საქართველო მის კარიერაში პირველი უცხო ქვეყანა იყო შემდგომ კი, ფრანგულ “ისტრში”, შმონას “ჰაპოელსა” და რამათგანის “ჰაპოელშიც” მოასწრო თამაში. ამჟამად პოლი სამშობლოში, “მანგასპორტში” ირიცხება. გაბონის ნაკრებში 38-ჯერ უთამაშია და მონაწილეობა მიღებული აქვს 2010 წლის აფრიკის თასზეც, სადაც სამი თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

სერგეი ნუდნი (“ზესტაფონი”) – მოლდოვური ფესვების მქონე უკრაინელმა ნუდნიმ “ზესტაფონში” 2004-2006 წლებში ითამაშა და იქაურ ქომაგს თავი დაამახსოვრა. დაუვიწყარია, მის მიერ გატანილი ულამაზესი მაკრატელა გოლი თბილისის “დინამოს” კარში, ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე. ნუდნიმ საქართველოდან წასვლის შემდგომ მინსკის “დინამოში”, “ჰაპოელში”, “ჩერნომორეცში”, “ილიჩევეჩში”, “ჰოვერლასა” და “სევასტოპოლში” ითამაშა. ამჟამად კი, 36 წლის სერგეი კრივო როგის “გორნიაკის” ღირსებას იცავს.

ჟილვან გომეშ ვიეირა (“ზესტაფონი”) – ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება “ზესტაფონის” ბრაზილიელი ლეგიონერი ჟილვან გომეში, რომელიც ვიეირას სახელით იყო ჩვენში ცნობილი. მას ორ ქართულ გუნდში, “დინამოსა” და “ზესტაფონში” უთამაშია. დედაქალაქურ გუნდში მცირე ხანი დაჰყო და მერე იმერეთს მიაშურა. ძალიან ტექნიკურმა ვიეირამ ზესტაფონში 2006-2008 წლებში ითამაშა და 42 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. “ზესტაფონის” დატოვების მერე კი, ბრაზილიელმა ძირითადად ესპანეთის სეგუნდადივიზიონში გაატარა თავისი კარიერა. “უესკაში”, “ჰერკულესსა” და “ეიბარში” 2010-2014 წლებში 130 თამაშში 22 გოლი შეაგდო. შემდეგ იყო საბერძნეთი და იქაური “პლატანიასი”, ამჟამად კი, 32 წლის სამხრეთამერიკელი სამშობლოში “სამპაიოს” ღირსებას იცავს.

გონსალო დე პორასი (“ბორჯომი”) – გონსალო დე პორასი “ბორჯომში” დიდი ხანი არ ირიცხებოდა, მაგრამ საქართველოში თავისი კვალი მაინც დატოვა. არგენტინელმა შემტევმა ფეხბურთელმა ჩვენს ქვეყანაში 5 თვე გაატარა. აღსანიშნავია, რომ დე პორასმა “ბორჯომამდე” “როსარიო სენტრალში” ითამაშა. მერე მისი კარიერა ისე ვეღარ განვითარდა, როგორც ელოდა. ყველაზე გამორჩეული გუნდი, სადაც ითამაშა ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი” გახლდათ.

ჩისკო მუნიოსი (“დინამო”, თბილისი) – საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე წარმატებული და სახელოვანი ლეგიონერი. ესპანელმა თავდამსხმელმა “დინამოს” მაისურით 2011-2014 წლებში 98 მატჩში 62 გოლი (მხოლოდ უმაღლეს ლიგაში) გაიტანა. იგი “დინამოში” პრიმერადივიზიონის ბინადარ “ლევანტედან” გადმობარგდა, რომლის რიგებშიც 2010-2011 წლების სეზონში ლა ლიგაში 26 თამაშში ერთი გოლი გაიტანა (“სევილიასთან”). ჩისკოს კარიერაში იყო “ვალენსია” და სევილიის “ბეტისიც”. “ღამურების” რიგებში მან 2004 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. “ვალენსიაში” ჩისკომ 67 მატჩში 6 გოლი გაიტანა, “ბეტისში” კი, 96 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა. “დინამოდან” წასვლის შემდგომ ესპანელის კარიერაში იყო ტარაგონას “ხიმნასტიკი”. კარიერა 2016 წლის ზაფხულში დაასრულა. საქართველოში ჩისკო მუნიოსმა ჩემპიონობა და თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოიპოვა. გახდა საუკეთესო ბომბარდირი 2012-2013 და 2013-2014 წლებში, ხოლო ამავე სეზონში იგი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ანდერსონ აკინო (“ოლიმპი”) – რუსთავის “ოლიმპი” 2010 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. აღნიშნულ გამარჯვებაში კი, უდიდესი წვლილი მიუძღოდა ბრაზილიელ თავდამსხმელ ანდერსონ აკინოს. ხსენებულ სეზონში 31 მატჩში 26 გოლი გაიტანა და ჩვენი უმაღლესი ლიგის გოლეადორიც გახდა. იმ პერიოდში კი საქართველოს ჩემპიონატში სხვებზე ერთი თავით მაღლა იდგა. ამჟამად, 30 წლის შემტევს, კარიერაში არაერთ გუნდში უთამაშია. “ოლიმპის” შემდგომ მან “სანტა კრუზის”, “პარანას”, “კურიტიბას” მაისური მოირგო, ამაჟამად კი, “ბოტაფოგოში” ირჯება.

0.112682