ფეხბურთი

16:07 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” ჩემპიონობასთან ახლოს მივიდა (+VIDEO)

საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის საჩემპიონო ფინალში “სამტრედიამ” “ჩიხურას” 2:0 მოუგო და ჩემპიონის ტიტულს ძალზე მიუახლოვდა. დღეს, “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე მასპინძლებმა საჩხერლებზე ბევრად გამართული ფეხბურთი აჩვენეს და დასმახურებულადაც იმარჯვეს.

თამაშის წინ, გია ცეცაძემ გვითხრა, ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ, მთავარია მოვიგოთ და რაც უფრო კარგი ანგარიშით მოვახერხებთ ამას უკეთესიაო. ისიც დააყოლა, ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტსო. ჰოდა, ასე აგიხდეთ ყველაფერი – “სამტრედიამ” მეტოქეს ხელსაყრელი, მშრალი ანგარიშით აჯობა, თუმცა ერთი ხელის მოსმით იმის თქმა, რომ “სამტრედია” ჩემპიონია, მაინც ადრეა. უბრალოდ, ახლოსაა ტიტულთან.

საერთოდ, ალბათ, გია ცეცაძის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში ერთადერთია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთთან ყველაზე ახლოს მდგომ თამაშის ხარისხს აჩვენებს. ეს დღევანდელ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა და მეტადრე, მის პირველ ნახევარში.

პირველი ტაიმი ერთმა გუნდმა ითამაშა – “სამტრედიამ”. იმიტომ კი არა, რომ “ჩიხურა” არ სცდილობდა, უბრალოდ მასპინძლები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ. შესაბამისად, ლოგიკური გახლდათ, რომ შესვენებაზე გია ცეცაძის გუნდი 2:0 იგებდა. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა. “ჩიხურა” მეტოქის საჯარიმოსთან კომბინირებას სცდილობდა, მაგრამ გიორგი დათუნაიშვილმა ჩაჭრა მათი ერთ-ერთი პასი, ხოლო მერე რაც ქვემოიმერლებმა გააკეთეს, უბრალოდ საფეხბურთო წიგნშია შესატანი – დიახ, შესაძლოა, ვინმემ თქვას, საქართველოს ჩემპიონატში ასეთ მომენტს სად ნახავო, მაგრამ ფაქტია, ვნახეთ – ბაჩანა არაბულმა ერთი შეხებით იქვე მდგომ დავით ჯიქიას მიაწოდა ბურთი, რომელმაც თავის მხრივ 35-40 მეტრიანი გადაცემით ბუდუ ზივზივაძე მეკარეს პირისპირ შეატოვა. ჩვენი ჩეპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა კი, ჯერ გიორგი რეხვიაშვილი დაჯაბნა და დინო ჰამზიჩს მოხდენილად დაურტყა – 1:0.

“სამტრედია” ამის მერეც დომინირებდა მოედანზე. ყველაზე სასიამოვნო სანახავი კი რაც იყო (რასაც საქართველოს ჩემპიონატში დაჩვეულნი არ ვართ), ბურთის სწრაფი გათამაშება, ერთი შეხებით კომბინაციები და დაცვიდან შეტევაში სწრაფი გადასვლა გახლდათ. საპასუხოდ კი, საჩხერელები ხეირიანს ვერაფერს ქმნიდნენ – იყო რამდენიმე მცდელობა ომარ მიგინეიშვილის კართან ხიფათის შექმნისა, მაგრამ ამაოდ. ტაიმის მიწურულს კი სამტრედიელებმა მეორე შეაგდეს: ზივზივაძემ, რომელიც უდაოდ საუკეთესო იყო მოედანზე, მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი მოპარა და არაბული მოძებნა. თავის მხრივ, ბაჩანასაც არ დაუხანებია და იმავე ზივზივაძეს დაუბრუნა, რომელიც უკვე მეტოქის საჯარიმოში იყო, გაისწორა ოსტატურად და ჰამზიჩს შორეულ კუთხეში გაუტანა – 2:0. ეს უკვე დიდ უპირატესობას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, ცეცაძის გუნდი არ გაჩერებულა და ზედ ტაიმის ბოლოს ლამის მესამე გაიტანა. მჭედლიშვილის გადაცემას ისევ ზივზივაძე გამოეხმაურა, თუმცა ოდნავ უმტყუნა სიზუსტემ.

მეორე ტაიმში “სამტრედიამ” აქცენტი უფრო ფრთხილ თამაშზე გააკეთა და შეტევაში გადასვლას ხშირად არ სცდილობდა. კონტრშეტევები კი უკვე არ გამოსდიოდათ. თავის მხრივ, სოსო ფრუიძემ მეორე ნახევრის დაწყებასთან ერთად ორი ცვლილება განახორციელა, რამაც ზემოიმერლებს თამაშის გამოცოცხლების საშუელება მისცა. “ჩიხურას” რამდენჯერმე მიეცა ანგარიშის შემცირების შანსი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრები გადამწყვეტ დარტყმებს ძალზე ცუდად ასრულებდნენ, აქედან გამომდინარე, რთულია ხსენებულ მომენტებს 100%-იანი საგოლე შანსები ვუწოდოთ. საერთოდ, მეორე 45 წუთში ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ ძლიერი სეტყვა გახლდათ, რის გამოც მატჩი 2 წუთით შეჩედრა.

საბოლოოდ, “სამტრედიამ” ფინალური რაუნდის პირველ მატჩში “ჩიხურას” დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო და ისტორიული, პირველი საჩემპიონო ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. საპასუხო შეხვედრა 11 დეკემბერს, თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება. მატჩი 13:30 საათზე დაიწყება.

“სამტრედია” – “ჩიხურა” 2:0 (2:0) VIDEO

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

მაყურებელი: 2 000

“სამტრედია” (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი; მანჯგალაძე (ცნობილაძე 90), დათუნაიშვილი; ჯიქია (გამყრელიძე 84), არაბული, რაჟამაშვილი (მთივლიშვილი 90); ზივზივაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

“ჩიხურა” (4-2-3-1): ჰამზიჩი; გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე; განუგრავა (ლეკვთაძე 46), გორგიაშვილი; დობროლოვსკი, სარდალიშვილი, ლობჟანიძე (გაბედავა 85); ტატანაშვილი (მუმლაძე 46)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 ზივზივაძე (18), 2:0 ზივზივაძე (40)

გაფრთხილება: შერგელაშვილი (71) - გრიგალაშვილი (60), დობროლოვსკი (63)

მსაჯი: ლევან სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115971