ფეხბურთი

23:33 | 18.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკო” რევანშისთვის ემზადება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ვისენტე კალდერონზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” დაუხვდება.

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალის შემდეგ, რომელშიც “რეალმა” პენალტების სერიაში იმარჯვა, გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და აღნიშნული ფაქტორი, კიდევ უფრო ზრდის მატჩის ისედაც ძალიან დიდ მნიშვნელობას.

“ატლეტიკოს” ყველა მოთამაშე რევანშის აღების წყურვილითაა შეპყრობილი და ამას კომენტარებში არ მალავენ. თითოეული მოთამაშე ამბობს, რომ მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

“როხიბლანკო” ბოლო პერიოდში ცოტა არადამაჯერებლად გამოიყურება და ბოლო სამი მატჩიდან ორში დამარცხდა. შესაბამისად, დიეგო სიმეონეს შეგირდები მე-4 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ და ლიდერ “რეალს” უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან. ამიტომაც, ძველი წყენის გარდა, სატურნირო თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია პრინციპული მეტოქის დამარცხება.

სანაკრებო მატჩებისას მარცხენა ფეხი იტკინა ანტუან გრიზმანმა, თუმცა ფრანგმა მოთამაშემ მომჯობინება შეძლო და დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს თამაშს. საეჭვოა ნიკოლას გაიტანის თამაში, ხოლო აუგუსტო ფერნანდესის და ჩერჩის თამაში გამორიცხულია.

დერბის წაუგებელი ხვდება “რეალი”, რომელიც გათამაშების ლიდერია და უახლოეს მდევარს “ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს. მართალია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამართულ დერბიში “რეალმა” იმარჯვა (პენალტების სერიაში), თუმცა “ბლანკოსს” დიეგო სიმეონეს ფორმაციის “ატლეტიკოსთან” თამაში ძალიან უჭირს და ეს ლა ლიგაში გამართულ მატჩებში მშვენივრად აისახება: 2013 წლის 27 აპრილის შემდეგ “რეალს” თანაქალაქელი ჩემპიონატში აღარ დაუმარცხებია. მას შემდგომ გამართულ 8 მატჩში 3 ფრედ დასრულდა, 5 “როხიბლანკოს” გამარჯვებით.

“რეალს” ბევრი მოთამაშე ჰყავს ტრავმირებული. კროოსი, კასემირო, მორატა და პეპე ვერ ითამაშებენ, ხოლო რამოსის და ბენზემას საკითხი ბოლო წუთებში გაირკვევა.

არსებობის განმალობაში კლუბები ერთმანეთს 213-ჯერ დაუპირისპირდნენ: 107-ჯერ “რეალმა” იმარჯვა, 54-ჯერ “ატლეტიკომ”, ხოლო 42 მატჩი ფრედ დასრულდა.

შეხვედრის მთავარი მსაჯი 43 წლის ანდალუსიელი ფერნანდეს ბორბალანი იქნება, რომელიც ლა ლიგაში 2004 წლიდან მსაჯობს, ხოლო ფიფას კატეგორიის არბიტრი 2010 წლიდანაა.

23:45 ატლეტიკო – რეალი

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, კოკე, კარასკო, საული, გრიზმანი, გამეირო.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი (?), მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი, ისკო, კოვაჩიჩი, რონალდუ, ბეილი, ბენზემა (?).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

აღნიშნული მატჩის გარდა, შაბათს კიდევ 3 შეხვედრა გაიმართება. მე-2 ადგილოსანი “ბარსელონა” შინ “მალაგას” მიიღებს. მასპინძლებს საკადრო პრობლემები აქვთ, ინიესტა და უმტიტი ტრავმირებულნი არიან, ალბამ, მატიემ, რობერტომ და პიკემ ვარჯიში განაახლეს, თუმცა მათი თამაში მაინც საეჭვოა. ლუის სუარესს კი ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოეწურა და ერთი მატჩი დაისვენებს. მის ნაცვლად, პაკო ალკასერი ითამაშებს და შანსის გამოყენებას ეცდება. “ვალენსიას” ყოფილმა თავდამსხმელმა “ბარსელონას” მაისურით 231 წუთი ითამაშა, ჯერ გოლი არ გაუტანია და კრიტიკის მუდმივი ობიექტია. მას შანსი ექნება, ლუის ენრიკეს დაუმტკიცოს, რომ ლუის სუარესის შეცვლა ღირსეულად შეუძლია.

დღის გახსნით მატჩში “დეპორტივო” “სევილიას” მიიღებს, ხოლო “ეიბარი” “სელტას” უმასპინძლებს.

დღის მატჩები:

16:00 დეპორტივო – სევილია
19:15 ბარსელონა – მალაგა
21:30 ეიბარი – სელტა
23:45 ატლეტიკო - რეალი

თეგებილა ლიგა
0.127473