ფეხბურთი

15:12 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაკრებო ამბები

სანაკრებო დღეებია ფეხბურთში, ცალკე ამხანაგურები, ცალკე შესარჩევები და რუსეთის საგზურისთვის ბრძოლა. უცნაურობები ხდება, აბა, ისე როგორ. მაგალითად, არგენტინა ცეცხლს ეთამაშება, სამხრეთ ამერიკის ზონაში მეექვსე ადგილზეა და უკვე დაიწყეს საუბარი, რა გვეშველება, მუნდიალი ლეო მესის გარეშე რომ ჩატარდესო.

ამ სტატიაში მოკლედ შემოგთავაზებთ საინტერესო ამბებსა და გამონათქვამებს.

ექტორ კუპერი რუსეთს უახლოვდება

ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილმა ეგვიპტემ განას 2:0 მოუგო, ოთხგუნდიან შესარჩევში ქულათა მაქსიმუმი (6) აქვს და დიდი შანსია, მუნდიალზე გავიდეს. ყოველ შემთხვევაში, მთავარ კონკურენტ განას ცუდად აქვს საქმე, ეგვიპტემდე უგანდასაც ვერ მოუგო და ერთი კინკილა ქულა აქვს.

კუპერმა თავის დროზე ფურორი მოახდინა "ვალენსიასა" და "მალიორკაში", მერე მკვეთრად გაუცუდდა შედეგები, საქართველოს ნაკრებშიც უშედეგოდ იმუშავა და აი, ეგვიპტე მის სამწვრთნელო კარიერაში მეორე ნაკრებია. მშვენივრად მისდის საქმე, ვარსკვლავიც ჰყავს სალაჰის სახით და რუსეთს უახლოვდებიან...

"გერმანელები სულ ზემოდან იყურებიან?"

სან-მარინოში ძალიან გამწარდნენ თომას მიულერის სიტყვებზე. გერმანიის ნაკრების შემტევმა განაცხადა, სან-მარინოს დონის გუნდებთან თამაშს რა აზრი აქვს, ისედაც გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ტრავმის მიღების დიდი რისკია და პატარა ქვეყნების გულის მოსაგებად რატომ უნდა დავიხარჯოთო.

ჰოდა, სან-მარინოს ნაკრების პრესატაშე ალან გასპერონიმ ასე უპასუხა: "ჩვენც კი ვერ გაგვიტანე, ასეთ სუსტ ნაკრებს. ფეხბურთი არაა მიულერის, ბეკენბაუერისა და რუმენიგეს საკუთრება. ფეხბურთი ყველასია, ვისაც უყვარს. გერმანელები სულ ზემოდან იყურებიან, ისინი არასოდეს არ შეიცვლებიან. ისტორიამ ასწავლათ, რომ ვინმეს დაშინება მოგების გარანტია არაა, მაგრამ მაინც არ იცვლებიან".

შეგახსენებთ, თამაში 0:8 დასრულდა, გერმანელებმა კი პირველად როდი ახსენეს პატარა ქვეყნები. ადრე, 21 წლის წინ ბეკენბაუერმა საქართველოც ახსენა უსუსტესებს შორის, რა აზრი აქვს მათთან თამაშსო.

რობენის ტრავმა

გავრცელებული ფრაზა "ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში" ლუქსემბურგსაც უხდება. ისინი უბრძოლველად არავისთან აღარ აგებენ, აი, ჰოლანდიასაც გაუთანაბრეს ანგარიში და მეორე ტაიმში წააგეს (1:3). თან, ჰოლანდიას ეს მოგება არიენ რობენის ტრავმად დაუჯდა. ბარძაყი იტკინა და შესვენებისას შესაცვლელი გახდა.

19 ნოემბერს ბუნდესლიგის სეზონის მთავარი მატჩია, "ბაიერნი" "დორტმუნდს" დაუპირისპირდება და შესაძლოა, ჰოლანდიელმა ვერ ითამაშოს.

გამწარებული ჯეკო

ბოსნია სტუმრად 1:0-ს უგებდა საბერძნეთს და 95-ე წუთზე გაუშვა. 1:1, არადა ბოსნიელები უკეთ თამაშობდნენ. როგორც ხშირად ხდება, ბერძნებს გაუმართლათ და ისე, მსაჯიც წაეხმარათ. 79-ე წუთზე ედინ ჯეკო გააძევეს მეორე ყვითელი ბარათისთვის, სასაცილო ეპიზოდი კი იყო: ჯეკოს წინააღმდეგ წესები დაირღვა, ფეხბურთელი წაქცეული იყო და სოკრატის პაპასტატოპულოსი ზემოდან დაადგა.

ჯეკო თავიდან იშორებდა პაპასტატოპულოსს და ტრუსები ჩახდა, სწორედ ამ "სტრიპტიზ-სცენისთვის" გააძევეს (VIDEO).

"მსაჯმა განაცხადა, რომ ჩემი ბრალი იყო ეს ინციდენტი. თითქოს მე დავიწყე პროვოცირება. მე წაქცეული ვიყავი და როგორ დავიწყებდი? ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მატჩი ფრედ კი არ დასრულდა, 0:3 წავაგეთ. თამაში ისეთი სცენარით მინდინარეობდა, საბერძნეთს დიდი ანგარიშით უნდა წაეგო" - განაცხადა ჯეკომ.

რაფაელ მარკესი ისტორიას წერს

37 წლის მექსიკელი რაფაელ მარკესი ისევ ფორმაშია. შესარჩევის მატჩში აშშ-სთან გასვლაზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა, თანაც ბოლო წუთებზე. "აცტეკებმა" 2:1 მოიგეს.

მარკესი მშობლიურ "ატლასში" თამაშობს, რა თქმა უნდა, ნაკრების კაპიტანია და დიდი ალბათობით, მეხუთე მუნდიალზე ითამაშებს. ჯერჯერობით, ისტორიაში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე უთამაშია: მექსიკელი მეკარე ანტონიო კარბახალი და გერმანელი ლოთარ მათეუსი.

ამასთან, მარკესი ერთადერთია, ვისაც მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტნის სამკლავურით უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118663