ფეხბურთი

13:58 | 4.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ჯოჯოხეთში და ქალაქი, სადაც ფეხბურთს აღმერთებენ (+VIDEO)

პრეს-ლოჟაში დასხდომა გულშემატკივრებთან ახლოს მოგვიწია და არც გვინანია, ბევრი საინტერესო ფაქტის მომსწრე გავხდით – თამაშის დაწყებამდე ჩვენთან ახლოს ერთი ბავშვი იჯდა, სულ 4-5 წლის თუ იქნებოდა და ხელში ბანერი ეჭირა: დავინტერესდით და თურმე: “მანჩესტერ იუნაიტედ, მობრძანდით ჯოჯოხეთში”.

ინგლისურ გრანდს “შუკრუ სარაჩოღლუს” სტადიონზე მართლაც ჯოჯოხეთი დახვდა, თუმცა მანამდე უკან გავიხედებით და მოგივყებით თუ რა ხდებოდა, თამაშამდე.

სტადიონისკენ მიმავალ გზაზე მატჩის დაწყებამდე 6 საათით ადრე გავეშურეთ – “ბეშიქთაშის” ქომაგებისგან განსხვავებით, “ფენერის” ულტრასები ქუჩებში უფრო მრავალრიცხოვნად გვხდებოდნენ და უმეტესობა მათგანი ლუდს შეექცეოდნენ. ნაწილი ბარებში ისხდნენ, ნაწილნი კი, სკვერებში და თან ისეთ ხმაზე მღეროდნენ, თითქოს მთელ ქალაქს გააგონებენო. იღებდნენ ფოტოებს იქვე, სტადიონთან მდებარე ძეგლებთან – ერთზე ხარია გამოსახული, მეორეზე “ფენერბაჰჩეს” ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ალექსი.

ისე როგორ იქნებოდა, არ ეჩხუბათ? – თამაშის დაწყებას 3 საათი უკლდა, ათამდე შეზახორშებული გულშემატკივარი გინებითა და ხმამაღალი შეძახილებით ერთმანეთისკენ იწევდნენ. ცოტა ხანში, ჩვენი ყურადღება, “სარაჩოღლუს” გვერდით მდებარე პატარა, ლამაზმა სკვერმა მიიპყრო, სადაც ფანები იყვნენ და ლუდს სვამდნენ, თან მღეროდნენ. თუმცა, არა საკუთარი გუნდის სიმღერას, არამედ ძირითადად “ბეშიქთაშს”, “გალათასარაისა” და სხვა თურქულ გუნდებს აგინებდნენ და ასე გაჰყავდათ დრო.

ნელ-ნელა სტადიონზეც შევედით, სადაც ყველაფერი იდეალურადაა – “შუკრუ სარაჩოღლუ” 10 წლის ისტორიას ითვლის და 2009 წელს უეფას თასის ფინალსაც უმასპინძლა. შესასვლელში ქართული ხმალიცაა, ჩვენი მეგობრის, მამუკა კვარაცხელიას ნაჩუქარი “ფენერისთვის”.

თამაშის დაწყებამდე ტრიბუნები ნელ-ნელა, მაგრამ მაინც შეივსო. ერთადერთი სტუმართათვის გამოყოფილი ტრიბუნების ნაწილი იყო ცარიელი. “მანჩესტერსაც” ახლდნენ ფანები, თუმცა მცირე რაოდენობით. მათი ყოველივე მცდელობა, თავიანთი საყვარელი გუნდი გაემხნევებინათ, ჩახშული იქნა მასპინძელთა მხრიდან. “შუკრუ სარაჩოღლუს” ტრიბუნები კი, ცალკე საუბრის თემაა – ის, რაც იქ ხდებოდა – ფანები წამით არ გაჩერებულან. მსაჯებისა და “იუნაიტედის” მოედანზე გამოსვლას გამაყრუებელი სტვენა მოჰყვა, სამაგიეროდ, “ფენერის” ფეხბურთელების გამოჩენისას, იქაურობა ვულკანს დაემსგავსა.

თამაში რომ დაიწყო, ნორმალურად გახურებულებიც არ იყვნენ ფეხბურთელები “ფენერბაჰჩემ” გაიტანა – მუსა სოუმ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე აკრობატულ ნახტომში ითამაშა და გოლი შეაგდო – დავიდ დე ხეას, ტრიბუნების რეაქციას და საერთოდ ყველას ეტყობოდა, რომ გოლს ამ ეპიზოდში არ ელოდნენ, მაგრამ აფრიკელი ფორვარდის დარტყმულმა საოცარი ტრაექტორია მოხაზა ჰაერში და ესპანელი კიპერის ზურგს უკან, კარში ჩაეშვა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ თურმე “ფენერის” ფანობას, მუსა სოუ ძალზე ჰყვარებიაა. თამაშის მიმდინარეობისას, რამდენჯერმე მთელი სტადიონი ერთხმად, მის სახელს სკანდირებდა და ასე გაგრძელდა თამაშის ბოლომდე. მეტიც, მატჩი რომ დასრულდა, სოუ მადლობას ცალკე უხდიდა ქომაგს და ისინიც ისევ აგრძელებდნენ, “მუსა, მუსა, მუსა”-ს ძახილს.

თამაში მერე ცოტა აგრესიულად გაგრძელდა და ფეხბურთელებიც რამდენჯერმე წაკიკლავდნენ. ამან ფანები სულ გააგიჟა და ინგლისელების მიმართ აგრესიაც გაიზარდა. სხვათა შორის, არც მანამდე დახვედრილან თბილად – “წითელი ეშმაკების” მწვანე მინდორზე გამოჩენა და FUCK MANCHESTER-ის ძახილი ერთი იყო.

ტაიმის შუა წელს პოლ პოგბა დაიმტვრა და მის ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი შევიდა მოედანზე, რომელიც ჟოზე მოურინიოს სასტარტოში არ ჰყოლია. შვედი ვარსკვლავი მალევე გახდა ტრიბუნების მთავარი სამიზნე, რასაც ხელი სიმონ კიაერთან წაკინკლავებამ შეუწყო და იქედან მოყოლებული იბრას ბურთთან ყოველი შეხება გამაყრუებელი სტვენის ფონზე ხდებოდა ხოლმე.

საერთოდ, ზლატანს ბევრი არაფერი გამოსვლია და უფრო მეტ დროს ლაპარაკსა და ჩხუბში კარგავდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, საკუთარ საჯარიმოსთან მეჰმეთ ტოპალი წააქცია, ამ ჯარიმას კი გოლი მოჰყვა – ჯერმეინ ლენსმა დიდებულად დაარტყა და დე ხეა გააქვავა.

საერთოდ, ჰოლანდიელი გარემარბი შესანიშნავად გამოიყურებოდა და პირველ ტაიმში ვიზავი ლუკ შოუ რამდენჯერმე პატარა ბავშვივით გააბითურა.

სხვათა შორის, “ფენერმა” კარში პირველი ორი დარტყმიდან გოლი გაიტანა, ხოლო “მანიუმ” მეტოქის კარის ჩარჩოს უეინ რუნის გოლამდე, ერთადერთხელ დაუმიზნა და მაშინაც პოგბას დარტყმულს სიძლიერე აშკარად დააკლდა. რუნის გოლამდე კი, იყო სამი ეპიზოდი, როდესაც “ფენერს” ანგარიშის გაზრდაც შეეძლო – სამჯერვე შეცვლაზე შესული ემანუელ ემენიკე იყო ახლოს მიზანთან. ჯერ, ერთ-ერთზე ვერ ივარგა, მერე შორიდან აჯობა დე ხეამ, ბოლოს კი, ლენსის ფლანგური პასი ცარიელ კართან ვერ ჩაჭრა. ამან, ადგილობრივი პუბლიკა მწყობრიდან გამოიყვანა. წინ, ერთი თურქი კოლეგა გვეჯდა, კრიალოსნით ხელში – ძალზე ნერვიულობდა და შიგადაშიგ ლოცულობდა კიდეც, ეგებ, “ფენერბახჩემ” მოიგოსო. ჰოდა, ემენიკეს გაცუდებული მომენტების მერე წყობიდან სულ გამოვიდა და იქაურობა კინაღამ დალეწა. ნება რომ მიეცათ, ალბათ, ნიგერიელს იქვე დაახრჩობდა... თითქოს გული უგრძნობდაო, ცოტა ხანში უეინ რუნის შორეულმა, დიდოსტატაურმა დარტყმამ “მანიუ” თამაშში დატოვა (სხვათა შორის, რუნისაც ბევრი უსტვინეს ვოლქან დემირელთან ჩხუბის გამო). მსაჯმა 4 წუთი დაამატა და ამ დროში “წითელმა ეშმაკებმა” 4 კუთხური მოაწოდეს, ყველა სახიფათოდ. ამ დროს, “შუქრუ სარაჩოღლუ” ნერვიულობისგან გარინდული იყო და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ამ მატჩის დროს, როცა გვერდით მჯდომს ხმას მიაწვდენდი ადვილად. თუმცა, “იუნაიტედმა” მეტი ვეღარ შეაგდო და შინ უქულოდ დაბრუნდა.

სერბმა მილორად მაზიჩმა მატჩი დაასრულა თუ არა, ტრიბუნები უდიდესმა სიხარულმა მოიცვა, “მანჩესტერის” ძლევა, ბევრისთვის პატარა საქმე სულაც არაა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო ნირწამხდარი ჩანდა, თუმცა იხტიბარს დიდად არ იტეხდა, ჯერაც ძიების პროცესში ვარ და საგანგაშო არაფერიაო.

სტადიონს გარეთ კი, სიმშვიდე იყო, ფანები მშვიდად, მიემართებოდნენ თავიანთ სახლებში, ზოგი მღეროდა, ზოგიც ერთმანეთში თამაშს არჩევდა და სატურნირო ცხრილს აფასებდა, რომელშიც მართლაც დაძაბულობაა. მეტროში “ფენერის” ორი ახალგაზრდა, კარგად შეზარხოშებული გულშემატკივარი ამღერდა, უკნიდან კი, ბანი შემოესმა, ოღონდ “მანჩესტერის” ფანისგან, რომელიც ასევე არ იყო ფხიზლად და თან მარტო მიუყვებოდა თავის გზას, რომელიც დიდი ეჭვი მაქვს, თავადაც არ იცოდა საით მიდიოდა. ისე, დიდად გულდაწყვეტილი “მანიუს” მარცხით არ ყოფილა პატივცემული, ვინ იცის, იქნებ შეეჩვია კიდეც უკვე...

მოკლედ, “ფენერბეჰჩე” – “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება საინტერესო გამოდგა, ლამაზი გოლებიც ვიხილეთ, ერთმანეთზე უკეთესი. სტამბულში კი უკვე მეორე თამაშზე ვიყავით სამი დღის ინტერვალში და ერთი რამე ნათელია: ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს და როცა, ქალაქში ფეხბურთი ყველაფერზე წინ დგას, იქ არასდროს იქნება, ფეხბურთი უმაყურებლოდ...

გიორგი მელქაძე, სოფო ერქვანია, სპეციალურად worldsport.ge-სთვის სტამბულიდან

ვილიარეალი   2 - 1    სტიაუა

შემადგენლობა

მოვლენები

ოსმანლი   2 - 0    ციურიხი

შემადგენლობა

მოვლენები

ინტერი   2 - 1    სპარტა

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   1 - 1    ჰაპოელი ბ. შ.

შემადგენლობა

მოვლენები

ყარაბაღი   1 - 2    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

პაოკ   2 - 0    ლიბერეცი

შემადგენლობა

მოვლენები

ზალცბურგი   2 - 0    შალკე

შემადგენლობა

მოვლენები

ნიცა   2 - 1    კრასნოდარი

შემადგენლობა

მოვლენები

ბრაგა   2 - 4    შახტარი

შემადგენლობა

მოვლენები

კონია   0 - 1    გენტი

შემადგენლობა

მოვლენები

რაპიდი   1 - 1    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 2    გენკი

შემადგენლობა

მოვლენები

ასტრა   0 - 0    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

პლზენი   3 - 2    აუსტრია

შემადგენლობა

მოვლენები

მაინცი   2 - 0    გაბალა

შემადგენლობა

მოვლენები

ანდერლეხტი   2 - 3    სტ. ეტიენი

შემადგენლობა

მოვლენები

სტანდარდი   1 - 1    აიაქსი

შემადგენლობა

მოვლენები

პანათინაიკოსი   0 - 2    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

ზორია   0 - 2    მანჩესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ფეიენოორდი   0 - 1    ფენერბაჰჩე

შემადგენლობა

მოვლენები

იანგ ბოიზი   3 - 0    ასტანა

შემადგენლობა

მოვლენები

აპოელ   2 - 0    ოლიმპიაკოსი

შემადგენლობა

მოვლენები

ალკმაარი   3 - 2    ზენიტი

შემადგენლობა

მოვლენები

მაკაბი თ. ა.   2 - 1    დანდალკი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.472251