ფეხბურთი

22:45 | 22.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნმა” მოგება გაიხსენა, “ჰერტამ” ისტორია გადაწერა

გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში, ზედიზედ ორი ფრის შემდგომ გამარჯვება მოიპოვა მიუნხენის “ბაიერნმა”. არადა, “რეკორდმაისტერს” სულაც არ ჰყოლია ადვილი მეტოქე. მეტიც, ბოლო წლების ყველაზე უხერხულიც ჰყავდა. მიონხენგლადბახის “ბორუსიას” 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული “ბაიერნთან” დადებითი შედეგი გააჩნდა: 4 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება. თუმცა, ანდრე შუბერტის გუნდი დღეს ვერაფერს გახდა და პირველივე ტაიმში გაუშვა ორი უპასუხო გოლი, რამაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. მეორე გოლი მიუნხენელთაგან დუგლას კოშტამ გაიტანა, მარჯვენა ფეხით. აქამდე ბრაზილიელს მხოლოდ მარცხენათი გაჰქონდა გოლები “ბაიერნში”. მიუნხენური გიგანტი ერთპიროვნული ლიდერია და მდევარ “ჰერტას” 3 ქულით სჯაბნის.

ბერლინში კი, “ჰერტამ” “კიოლნს” პრინციპული მატჩი მოუგო და სატურნირო ცხრილშიც გაასწრო. ახლა დედაქალაქელები მეორე ადგილს იკავებენ და აღებულ ტემპს თუ შეინარჩუნებენ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც არ იქნება უტოპია. არადა, აქამდე “კიოლნი” წაუგებლად ასპარეზობდა და დღესაც არ უთამაშია ურიგოდ, თუმცა მაინც წააგო. “ჰერტას” კი, 8 ტურის მერე 17 ქულა აქვს და ასეთი სტარტი ბერლინურ გუნდს ისტორიაში არ ჰქონია. აქამდე საუკეთესო შედეგად 1970-1971 წლების სეზონში დაგროვილი 16 ქულა მიიჩნეოდა.

“ჰერტასი” და “კიოლნის” არ იყოს, დიდებულ ფორმაშია “ჰოფენჰაიმი”, რომელიც შარშან გავარდნას გადაურჩა. “სოფლელებმა” ამჯერად სტუმრად ლევერკუზენის “ბაიერს” აყარეს შავი დღე და უპრობლემოდ აჯობეს – 3:0. სხვათა შორის, იულიან ნაგელსმანის გუნდს პირველ ოთხ ტურში ამდენივე ფრე ჰქონდა, მაგრამ ახლა მიჯრით ოთხი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ “ჰოფემ” ზედიზედ ამდენი მატჩის მოგება 2009 წლის მერე პირველად მოახერხა. “ლევერკუზენის” საქმე კი ცუდადაა: მიჯრით ორი წაგება და მეთერთმეტე ადგილი.

თუ ზემოხსენებული გუნდები აღმავლობის გზას ადგანან, ამას ვერ ვიტყვით დორტმუნდის “ბორუსიაზე”. “ვერცხლის სინის” მაძიებელი ბოლო პერიოდში უფერულად თამაშობს და დღეს, თითქოს ღრმა აუტსაიდერ “ინგოლშტადტისთვის”, რომელსაც კინკილა ქულა ჰქონდა მოპოვებული, უპრობლემოდ უნდა მოეგო, მაგრამ 3 ქულას ვინ ჩივის, ტომას ტუხელის გუნდმა ერთი ქულა რისვაივაგლახით მოიპოვა. “დორტმუნდი” ჯერ 0:2 აგებდა, მერე 1:3, თუმცა, გათანაბრება მაინც მოახერხა. სხვათა შორის, “ბორუსიამ” ორბურთიანი ჩამორჩენა ბუნდესლიგაში 2014 წლის სექტემბრის მერე (“შტუტგარტთან” 2:2) პირველად მოახერხა. აღნიშნულ პერიოდში კი “ყვითლებმა” 70 ბუნდესლიგური მატჩი ჩაატარეს.

დიტერ ჰეკინგის გათავისუფლებამ არ უშველა “ვოლფსბურგს”, რომელიც “დარმშტდათან” გასვლაზე უშანსოდ დამარცხდა – 1:3. აღსანიშნავია, რომ “მგლებმა” დარმშტადტელებთან 1992 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს მარცხი.

მიმდინარე სეზონში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ფრაიბურგი” სახლის გუნდია – “ფრაიმ” ამჯერზე “აუგსბურგს” აჯობა (2:1) და შინ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს: 4-დან ოთხი მოგება. სამაგიეროდ, სტუმრად ამდენივე მატჩში ყველა წააგო.

“ლევერკუზენი” – “ჰოფენჰაიმი” 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 დემირბაი (15), 0:2 ვაგნერი (49), 0:3 ზუბერი (60)

“დარმშტადტი” – “ვოლფსბურგი” 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბენ-ჰატირა (25), 1:1 გომესი (60), 2:1 კლაინჰაისნერი (60), 3:1 სირიგუ (76)

“ფრაიბურგი” – “აუგსბურგი” 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ფილიპი (66), 2:0 პეტერსენი (78), 2:1 ალტინტოპი (84)

“ჰერტა” – “კიოლნი” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (13), 1:1 მოდესტე (65), 2:1 შტარკი (74)

“ინგოლშტადტი” – “დორტმუნდი” 3:3 (2:0)

გოლები: 1:0 კოენი (6), 2:1 ლეზჩანო (24), 2:2 ობამეიანგი (59), 3:1 ლეზჩანო (59), 3:2 რამოსი (69), 3:3 პულიშიჩი (90)

“ბაიერნი” – “გლადბახი” 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვიდალი (16), 2:0 დუგლას კოშტა (31)

თეგებიბუნდესლიგა
0.166771