ფეხბურთი

20:12 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: "დინამოსთან" მალევე მოვილაპარაკე"

ნუკრი რევიშვილი ორშაბათს გააფორმებს კონტრაქტს თბილისის "დინამოსთან". საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარემ "worldsport.ge"-სთან საუბარში აღნიშნა, რომ დიდხანს არ უფიქრია "დინამოში" გადასვლაზე და ყველაფერი სწრაფად გადაწყდა:

"ლევან სალუქვაძე ("დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველი) მესაუბრა და მალევე მოვილაპარაკეთ. პირობებზე შევთანხმდით და ორშაბათიდან ოფიციალურად დინამოელი გავხდები. ჯერჯერობით, სეზონის ბოლომდე მექნება კონტრაქტი, მერე კი ვნახოთ. გუნდში ჯერ არ მივარჯიშია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა "დინამომ" სეზონი წარმატებით დაასრულოს" - გვითხრა რევიშვილმა.

როგორც იცით, ნუკრი გორის "დილაში" ვარჯიშობდა, თბილისის "ლოკომოტივთან" 2:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, თუმცა კარიერას "დინამოში" გააგრძელებს. და რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს:

"ამ ეტაპზე რთული იყო ჩემი გამოძახება, რადგან უგუნდოდ ვიყავი. "დინამოში" როცა ავთამაშდები, მერე კი რა თქმა უნდა, მექნება ნაკრებში გამოსვლის პრეტენზიაც".

რევიშვილს 29 მატჩი ჩაუტარებია ნაკრებში. ბოლოს ეს იყო 7 ივნისს ესპანეთში, სადაც 1:0 მოვიგეთ. ნუკრიმ 55-ე წუთზე სახის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. სწორედ ამიტომაც გაიწელა მისი უკლუბოდ ყოფნა. ნუკრის აქამდე ორ ქართულ გუნდში უთამაშია: ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილაში".

0.124778