ძიუდო

15:23 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტთა საკადრო ანონსი - ირაკლი უზნაძეს ირაკლი ცირეკიძე შეცვლის

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში უახლოეს მომავალში ძირეული ცვლილებები განხორციელდება. ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ირაკლი უზნაძის ნაცვლად ირაკლი ცირეკიძე ჩაიბარებს. ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად ჯერ არსად გაჟღერებულა, worldsport.ge-ს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც დაუდასტურა. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების შეცვლის იდეაც სწორედ მას ეკუთვნის.

"ოლიმპიური ციკლი დასრულდა. შემდეგ ციკლში კი ნაკრებს ახალი თავკაცი ეყოლება. დაახლოებით ერთ კვირაში, გუნდს სათავეში ირაკლი ცირეკიძე ჩაუდგება, რომელიც ამჟამად ასაკობრივი ნაკრებების დამრიგებელია” – გვითხრა ქევხიშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისვე განცხადებით, თავად ცირეკიძე წყვეტს, თუ რომელი სპეციალისტები დაეხმარებიან მას გუნდის გაწვრთნაში. დიდი ალბათობით, ახალ სამწვრთნელო შტაბში გურამ მოდებაძე და მინდია ბოდაველი იმუშავებენ.

აქვე ერთი საინტერესო ამბავიც, ქართველ მწვრთნელებთან ერთად, შტაბში ერთი უცხოელიც იქნება, რომელიც კონტრაქტის გაფორმებამდე ფედერაციისგან კონკრეტულ დავალებას მიიღებს. სავარაუდოდ, ყველა ასაკობრივ ჯგუფთან ერთად იმუშავებს და პროგრამული მენეჯმენტის გარდა, ქართველი ძიუდოისტებისთვის ჩოქბჯენში ჭიდაობის სწავლება დაევალება.

"ამ კომპონენტებთან დაკავშირებით მშვენიერი კანდიდატიც გვყავდა შერჩეული – ოლიმპიური და ევროპის 5-გზის ჩემპიონი, ჰოლანდიელი მარკ ჰუიზინგას, მაგრამ ეს ვარიანტი ჩაიშალა, რადგან ჰუიზინგამ ჰოლანდიური შეთავაზება მიიღო. ამჟამად კი ერთ ცნობილ სამხრეთკორეელ სპეციალისტთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას” – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

ნოემბერში ძიუდოისტებს საქართველოს ჩემპიონატი ელით. დეკემბერში კი ჩემპიონ-პრიზიორებით დაკომპლექტებული გუნდი ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით პირველ მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

ირაკლი უზნაძემ საქართველოს ნაკრები სწორედ ქევხიშვილის პრეზიდენტობის პერიოდში – 2013 წლის დასაწყისში ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად ბევრჯერ მიაღწია წარმატებას. ევროპის და საქართველოს საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს. ერთადერთი, რაც მის სამწვრთნელო კოლექციას დააკლდა – ოლიმპიური ოქროა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე უზნაძის გუნდმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ირაკლი ცირეკიძე ეროვნულ ნაკრებს სათავეში ერთხელ უკვე ედგა – 2012 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე. ბოლო წლებში კი დავით ბოდაველთან ერთად ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებს ხელმძღვანელობს.

0.134723