ფეხბურთი

12:57 | 9.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ამისულაშვილი: „ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში“

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 34 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის მეშვებით გაავრცელა:

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში. უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდი მადლობა ნაკრების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს და დაუღალავად შრომობენ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს თანადგომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჯანსაღი კრიტიკის მომხრე, ვითვალისწინებდი საფუძვლიან შენიშვნებს, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკის ზღვარს გაცდა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც დამეთანხმებით, მიუღებელია. უხეშმა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა ჩემი მისამართით, ნეგატიური გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ოჯახზე. იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში! ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა.ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!“ - ნათქვამია ალექსანდრე ამისულაშვილის განცხადებაში, რომელიც მისი მეუღლის ნინი ზარქუას ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2002 წლიდან იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 50 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13608