ფეხბურთი

19:49 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი: საინტერესო გამონათქვამები 

სლოვაკეთის ნაკრების მცველმა იან დიურიცამ განაცხადა, ინგლისმა არცთუ სამართლიანად მოგვიგოო. ინგლისელებმა 96-ე წუთზე ლალანას გატანილი გოლით იმარჯვეს (1:0).

"მუნდიალზე ჯგუფიდან პირდაპირ ერთი გუნდი გადის. რატომ უნდა იყოს ეს გუნდი სლოვაკეთი, როცა ჯგუფში ინგლისია? რა თქმა უნდა, სურთ, რომ უფრო სახელიანი მეტოქე გავიდეს. ალბათ, მსაჯმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა".

"კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ" - ისრაელშიც სცოდნიათ ეს გამოთქმა. იტალიასთან 1:3 მარცხის შემდეგ, ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა ელიშა ლევიმ თქვა, ასეთი დაცვაზე ორიენტირებული იტალია არ მახსენდებაო.

"წაგების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, დღეს ის შემთხვევა ვნახეთ, როცა შემტევმა ნაკრებმა წააგო".

უელსმა 4:0 სძლია მოლდოვას. ეს იმ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა. უელსელთა ნახევარმცველმა ჯო ალენმა ნაკრებში პირველად გაიტანა გოლი. ეს მისთვის 31-ე მატჩი იყო ქვეყნის მთავარ გუნდში.

უკრაინა-ისლანდია 1:1 დასრულდა. ბოლო წუთებზე ევგენი კონოპლიანკამ გააცუდა პენალტი და ამის გამო სამშობლოში ბევრმა უსაყვედურა. ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დმიტრი კალინიჩენკომ განაცხადა, დროა, კონოპლიანკა მიწაზე დაეშვას და მიხვდეს, რომ სუპერვარსკვლავობამდე ბევრი უკლიაო.

ისევ ინგლისს დავუბრუნდეთ. ნაკრების ყოფილმა მეკარე პიტერ შილტონმა უეინ რუნიზე გამოთქვა აზრი - წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სანაკრებო კარიერა უნდა დაესრულებინაო.

"რუნის ნახევარდაცვაში ათამაშებენ, თუმცა ის მოწოდებით თავდამსხმელია. ბოლო პერიოდში უეინი არაეფექტურია. ნაკრებიდან უნდა წასულიყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, თითქოს ჩემს რეკორდს ვუფრთხილდებოდე".

შილტონს 125-ჯერ უთამაშია ნაკრებში (რეკორდია), რუნის კი 116 დაუგროვდა. სავარაუდოდ, რუნი მაინც გადაუსწრებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111842