ფეხბურთი

20:23 | 4.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შირერის მიწვევით - ქეცბაია "ნიუკასლის" მაისურით ითამაშებს

ოქტომბერში თემურ ქეცბაია კიდევ ერთხელ ითამაშებს ინგლისური "ნიუკასლის" მაისურით. რა თქმა უნდა, ეს ვეტერანთა მატჩში. 20 ოქტომბერს 20 წელი ხდება იმ დღიდან, როცა "ნიუკასლმა" 5:0 გაანადგურა "მანჩესტერ იუნაიტედი" და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად მოეწყობა ვეტერანთა თამაში.

მატჩის ორგანიზატორი გახლავთ ინგლისური ფეხბურთის ექს-ვარსკვლავი ალან შირერი, რომელიც ნიუკასლელია და ბრწყინვალე კარიერაში 10 წელი "კაჭკაჭებში" გაატარა. და აი, შირერმა თემურ ქეცბაიაც დაპატიჟა. თემური 1997 წელს გადავიდა "ნიუკასლში" და შესაბამისად, 5:0 მოგებულ მატჩში არ უთამაშია, მაგრამ ინგლისის ნაკრების ექს-ბომბარდირმა ქართველი მაინც არ დაივიწყა.

მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება, რადგან ამ დროს სანაკრებო პაუზა იქნება. 20 ოქტომბერს კი ვეტერანებს გაუჭირდებათ ნიუკასლში ჩასვლა. ბევრი ვეტერანი ხომ კლუბში მუშაობს.

ნიუკასლელთათვის ტკბილად გასახსენებელ მატჩში (5:0) გოლები გაიტანეს დარენ პიკოკმა, დავიდ ჟინოლამ, ფილიპ ალბერმა, ლეს ფერდინანდმა და თავად შირერმაც.

შირერმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა მიწვეული ფეხბურთელების სია. ქეცბაიას გარდა, სიაში არიან კოლუმბიელი ფაუსტინო ასპრილია, ბერძენი ნიკოს დაბიზასი, რობერტ ლი, პიტერ ბერდსლი და სხვები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121619