ჭიდაობა

21:50 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების დასაწყისი – ორი ბრინჯაო

საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა და გოგონების შემდეგ, ხალიჩები თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმოთ და დღეს, რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოვლინდნენ. კონკურენციაში ოთხი ქართველიც ჩაება. კვარცხლბეკზე კი მათგან ორი ავიდა: შმაგი თოდუა (60 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (74 კგ). ორივე მესამე საფეხურზე.

თოდუამ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, თურქ სელიმ კოზანთან წაგებით (0:11). იქამდე სამი მეტოქე ჩამოიშორა: კანადელი ჯოშუა ბოდნარჩიკი (10:0), უკრაინის ნაკრების წევრი ენრიკე ფომბეია-სანჩესი (6:2) და ინდოელი შარვან შარვანი (5:3). ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ილმან მუხტაროვს აჯობა (11:6).

ტარიელ გაფრინდაშვილმა ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატი ფრანგი შარლ ანდრე აფას იოლად ძლევით (12:2) გახსნა. შემდეგ თურქ მუჰამედ ლუფტი კუჩუკილდირიმს მოუგო სუფთად. მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონთან – ამერიკელ მარკ ჯონ ჰოლთან ვეღარას გახდა (1:12) და ბრინჯაოს გზაზე გადაერთო და იაპონელ იაჯურო იამასაკის ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აუღო 10 უპასუხო ქულა. რეპეშაჟის ფინალში კი საოცარი ბრძოლა შეატრიალა სათავისოდ – აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვთან 0:9-ს აგებდა და მეტოქეს შებოჭვით მოუმთავრა საქმე.

საღამოს ბლოკში ჭიდაობის უფლება კიდევ ერთმა ქართველმა - რობერტ დინგაშვილმა (50 კგ) მოიპოვა, მაგრამ კვარცხლბეკამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ძირითად ბადეში სომეხი არმან ანტონიანისა (9:7) და იაპონელი რიო მაცუის (7:7) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ყირგიზ ხურშიდ პარპიევთან წააგო (4:9) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. იქ ყაზახ იერბულან სარკიტბაიევთან დამარცხდა (6:12) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

დღესვე, მედლები 96 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ ფრანგულ ხალიჩაზე გივი მაჭარაშვილი გავიდა. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და სლოვაკ გაბრიელ ტიზს ადვილად გაუსწორდა (10:0), მაგრამ მეოთხედფინალში უნგრელ კრიშტოფ ვიტმანთან წაიფორხილა (2:4) და ოქრო-ვერცხლის შანსიც დაკარგა. ცოტა ხანში კი ბრინჯაოსიც, მას შემდეგ, რაც ვიტმანი ფინალს მიღმა დარჩა.

ხვალ საპრიზო სამეულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს სახელით მსოფლიო კონკურენციაში ჩაებმებიან: კახა ირემაძე (55 კგ), გიორგი სულავა (66 კგ), მექი სიმონია (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (120 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120484