ფეხბურთი

22:22 | 1.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელები: მოგება დამაჯერებელი და სანახაობრივი თამაშით (+VIDEO)

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ტალინში 1:0 სძლია ესტონეთს და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 12 ქულა მოაგროვა. თამაშიდან გამომდინარე, გია გეგუჩაძის გუნდს უფრო დიდი ანგარიშითაც უნდა ემარჯვა.

ქართველებმა თავიდანვე მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა და ტაიმის ბოლომდე მასპინძლები არ ამოასუნთქეს. ესტონეთი სტუმართა ნახევარზე ისვიათად გადადიოდა, ბურთი თითქმის მუდმივად ქართველებს ჰქონდათ და შანსები უფრო კარგად უნდა გამოეყენებინათ. უნდა გაეტანა გიორგი ხარაიშვილს, ზოგადად, მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტი ფხიანობა იყო საჭირო. აი, საჯარიმომდე კი მისვლა საერთოდ არ ჭირდა - გია გეგუჩაძის გაწვრთნილები მშვენივრად ათამაშებდნენ ბურთს, პრობლემა არ ექმნებოდათ.

გოლს რაც შეეხება, 39-ე წუთზე დავით უბილავამ მარცხნიდან დაბალი ბურთი შეასრიალა და ნიკა კაჭარავამ ვარდნაში ფეხით უცვალა მიმართულება - 0:1 (VIDEO).

გამოირჩეოდნენ ცენტრალური ნახევარმცველი ვაკო გვილია, ფლანგელი მცველები გრიგოლ ჩაბრაძე და უბილავა, ასევე, ნაკრების კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი. მეორე ნახევრის დასაწყისში კი გადარჩნენ სტუმრები, როცა კირსმა ცენტრიდან სლალომით შეირბინა საჯარიმოში - მეკარე ლაზარე კუპატაძე ჩაუხტა ფეხებში და ბურთი ააცალა.

თუმცა ესტონელთა მიერ შექმნილი ხიფათი ეპიზოდური ხასიათისა იყო. საქართველოს აშკარა უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში და მწვავე შეტევების რაოდენობითაც. გოლის გატანა არაერთხელ შეეძლოთ: მათე ცინცაძემ ოდნავ ააცილა საჯარიმო დარტყმით. ოთარ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველებმა გამოიტანეს, ბოლოს შეცვლაზე შესულ საბა ლობჟანიძესაც შეექმნა შანსი და კარგად დარტყმა ვერ მოახერხა. ძალიან სახიფათო იყო გრიგოლ ჩაბრაძის გარღვევები მარჯვნიდან და ერთხელ კინაღამ გოლსაც გამორჩა "საბურთალოს" ფლანგელი მცველი - მეკარემ იმარჯვა.

საუკეთესოებად დავასახელებდით გვილიასა და ჩაბრაძეს. ბატე-ს ნახევარმცველი გვილია ტაქტიკურად სწორად და გააზრებულად თამაშობს, ფაქტობრივად, წუნი არ ჰქონია პასში და ართმევაშიც კარგი გახლდათ. ეჭვი გვაქვს, მომდევნო თვეებში ამ ფეხბურთელს არც ვლადიმირ ვაისი დატოვებს უყურადღებოდ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 6 სექტემებრს ჩაატარებს: ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" ხორვატიას უმასპინძლებს. ჯგუფში მეოთხე ადგილს ვერ ავცდებით, მაგრამ ესტონეთთან მართლაც კარგად ითამაშა გუნდმა. სასიამოვნო საყურებელი იყო, ბურთი უაზროდ არ იკარგებოდა და გუნდს გუნდურობა ეტყობოდა. მართალია, მეტოქე ძლიერთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, მაგრამ მაინც.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი. VI ჯგუფი

ტალინი. "ა ლე კოქ არენა"

ესტონეთი-საქართველო 0:1 (0:1)

ესტონეთი: იგონენი, ოიამა, ავილოვი, მიოგი, პაიუ (აინსალუ 69), ლივაკი, კიოტი, კირსი, მილერი (კაუბერი 83), როსნუპი (სინიავსკი 81), კუუსკი

მწვრთნელი: მარტინ რეიმი

საქართველო: კუპატაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე, უბილავა, ცინცაძე, გვილია, ხარაიშვილი (გოროზია 66), კიტეიშვილი, არაბული (ლობჟანიძე 88), კაჭარავა (ზივზივაძე 72)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1 კაჭარავა (39)

გაფრთხილება: პაიუ (11), კირსი (75)

მსაჯი: რობ ჰარვი (ირლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113905