ფეხბურთი

1:08 | 19.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოცნებების ლოგიკური დასასრული: სხვაგან ვართ

მოსალოდნელი იყო, რაც მოხდა და სამწუხაროდ, იგივეს გამეორება გვიწევს, რაზეც ზაგრების "დინამოსთან" მატჩების შემდეგ დავწერეთ: თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ არასწორად წაიყვანა სატრანსფერო პოლიტიკა და მოუმზადბელი შეხვდა ევროტურნირებს. სომხური "ალაშკერტი" გვეყო, ევროპის საშუალო დონის გუნდებთან კი, ბოდიშით.

ტრიბუნებზე ჩვენს ქვემოთ 65-70 წლის კაცი იჯდა, სავარაუდოდ, შვილიშვილთან ერთად. მოზარდს უყვებოდა, პაოკ-ის მსგავს გუნდებთან თბილისის "დინამო" ძირითადი შემადგენლობით თამაშს არც იკადრებდაო. რა ბედნიერი ვარ, რომ სულ სხვა ფეხბურთი მაქვს ნანახიო და კიდევ ბევრი რამ გაიხსენა. აბა, რა ექნა, რაზე ელაპარაკა? ვისაც ბრწყინვალე "დინამო" ახსოვს, იმისთვის კოშმარული სიზმარივითაა, რაც ბოლო წლებში ხდება...

მერამდენედ უნდა ვნახოთ ცოცხლად ბერძნების გამარჯვება თბილისში თავის ნაკრებებიან-კლუბებიანად, უკვე სათვალავი აგვერია.

თბილისის "დინამომ" მთლიანობაში დამაჯერებლად მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, აი, ევროტურნირებისთვის კი გუნდი გაძლიერებას საჭიროებდა ნორმალური დონის ფეხბურთელებით. ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ ლადო დვალიშვილი - ევროტურნირებზე გამოცდილი ფორვარდი. გიორგი პაპუნაშვილს ტრავმა ჰქონდა და ჩანს, ჯერაც ვერ შევიდა ფორმაში. ყოველ შემთხვევაში, შარშან ამ დროს გაცილებით კარგი იყო პაპუნაშვილი. აი, ლეგიონერების კლასზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

"ლუდოგორეცის" ლეგიონერები და შემდეგ "დინამოსი" - ცა და დედამიწა.

იურაი იარაბეკმა განაცხადა, ანგარიში 0:3 თამაშის სურათს არ შეეფერებოდაო. ალბათ, საწყისი 20 წუთი იგულისხმა, სანამ გოლს გავუშვებდით. თუმცა რად გინდა სათამაშო უპირატესობა საწყის 20 წუთში, თუკი გოლს ვერ გაიტან, დარჩენილი დროისთვის არაფერი გაქვს მოფიქრებული და ამასთან, მეორე ტაიმისთვის რესურსი არ გაქვს შემორჩენილი? გასაგებია, რომ პირველი გოლი ალოგიკური იყო, მაგრამ ამით ვერაფრით აიხსნება 0:3 მარცხი.

ჯერ გაშვებულ გოლებზე ვთქვათ: ბერძნების პირველი კუთხური,Eჩაწოდება და ლეონარდო მატოსის თავური - 0:1; კუთხური, დაბალი ბურთი წავიდა მეკარის ბაქანთან, ჩვენებმა ვერ მოიგერიეს და ესპანელმა მცველმა კრესპომ ახლოდან ზუსტად დაარტყა - 0:2; ქართველთა მარჯვენა ფლანგი ისევ ჩავარდა, დიეგო ბისესვარმა გაინავარდა, ჩააწოდა და ფაკუნდო პერეირამ თავურით ახლოდან გაიტანა -0:3.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც პაოკ-ის საჯარიმომდე შეტევებს ამწვავებდა, ჯაბა ჯიღაური იყო. ორჯერ კარგი გარღვევა განახორციელა, რამდენიმე მწვავე პასიც გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, სხვებზე პროდუქტიული იყო ჯიღაური.

ზედიზედ სამი ევრომატჩი უგოლოდ და კიდევ, სამივე შემთხვევაში ჩაგდებული მეორე ტაიმი. ის ჩანდა, რომ ბრძოლის წყურვილიც განელებული ჰქონდა "დინამოს". თავჩაღუნული დგომა, ხელის ჩაქნევა, ხელების გაშლა - ეს დღეს ბევრჯერ ვიხილეთ.

ალბათ, მოვა დრო და ის პატარა მოზარდიც, პაპის მოყოლილ ტკბილ ამბებს რომ ისმენდა, როცა გაიზრდება, მოესწრება გამარჯვებებს. შესვენებისას ტაბლოზე აჩვენებდნენ დავით ყიფიანის გოლს "ჰამბურგთან", მინდორზე კი ისეთი ამბები დატრიალდა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ...

18 აგვისტო. 20:00. თბილისი. "დინამო არენა"

ევროპის ლიგის ფლეი ოფი. პირველი მატჩი

"დინამო" (თბილისი) - პაოკ (სალონიკი) '0:3

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე (თევზაძე 58), რენე, ამისულაშვილი, ჭელიძე, ცინცაძე (ალვარო 70), პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, პაპუნაშვილი (დვალიშვილი 63)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

პაოკ: გლიკოსი, მატოსი, ლეოვაცი, ცაველასი, კრესპო, კამპოსი (პერეირა 83), ჩიმიროტო, შახოვი (ბისესვარი 68), როდრიგესი, ჩარისისი (კანიასი 46), ათანასიადისიL

მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი

გოლები: 0-1 მატოსი (20), 0-2 კრესპო (71), 0-3 პერეირა (83)

გაფრთხილება: მატოსი (56), რენე (69), პაპუნაშვილი (77)

მსაჯი: ლიანი (ისრაელი)

0.11609