სხვა

17:33 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ის დაუმარცხებელია, ვერასოდეს ვერავინ აჯობებს”

"ახლა, როცა ოლიმპიური ჩემპიონიც გახდით და ოქროს სრული კოლექცია შეაგროვეთ, როგორ ფიქრობთ, შტანგა უფრო მძიმეა თუ ოქროს მედალი” – ჰკითხა ლაშა ტალახაძეს ერთ-ერთმა იაპონელმა ჟურნალისტმა დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე.

"ამხელა ტიტულის ტარება მართლა არაა იოლი საქმე, მაგრამ გაცილებით მძიმე და ძნელი ის შრომა და მოსამზადებელი პროცესია, რომელიც ამ გამარჯვებებს უძღვის წინ” – უპასუხა ჩვენმა ჩემპიონმა და მის გააზრებულ პასუხს საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი უცხოელი ჟურნალისტების აღფრთოვანება და ოვაციები მოჰყვა. 22 წლის ქართველ გოლიათს, რომელმაც ერთ საღამოს მთელი საქართველო სიამაყით აავსო, უშუალოდ ძალოსნობის დარბაზში მყოფ ქართველებთან ერთად, ყველა ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთ ვარსკვლავად მიიჩნევს. "ის დაუმარცხებელია. ვერასოდეს ვერავინ აჯობებს” – მითხრა ერთ-ერთმა ბრაზილიელმა ქომაგმა, რომელიც სიხარულისგან გაგიჟებულ ქართველ ჟურნალისტებთან სურათის გადასაღებად მოვიდა.

დროის სულ რაღაც საათნახევრიან მონაკვეთში ლაშამ შეძლო და ყველას კუმირი გახდა, დარბაზში შეკრებილი ირანელი გულშემატკივრების გარდა, რომლებიც მსაჯზე განაწყენდნენ, აქაოდა ფალავანი დაგვიჩაგრესო და რატომღაც მსაჯზე წყენა ქართველ ძალოსანზე გადაიტანეს. შტანგასთან მესამედ მისვლისას ტალახაძეს ფიცარნაგთან ყველაზე ახლოს მყოფი ტრიბუნა სტვენით და ყვირილით უშლიდა ხელს. მთელი დარბაზი კი ირანელ ქომაგებს უსტვენდა. ამ აურზაურში ლაშა ტალახაძემ ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აჰკრა 258-კილოგრამიანი შტანგა, ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ირანელთა ტრიბუნას მოკრძალებულად დაუკრა თავი და ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად საჩემპიონო ზეიმში ჩაერთო.

ინტერვიუების ჩასაწერ სპეციალურ ზონაში შესული პირდაპირ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის შევეჩეხე. ჟურნალისტების ალყაში მოქცეული ყვირილით არიგებდა ინტერვიუებს. ინგლისურის მცოდნე ირანელი ჟურნალისტის დახმარებით გავიგე, რომ მსაჯების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ლანძღავდა. თუმცა მისი კომენტარის შინაარსის გასაგებად ირანული ენის ცოდნა არც იყო საჭირო.

ცოტა ხანში მიქს ზონაში ირაკლი თურმანიძე გამოჩნდა და აქვე მისი კომენტარიც:

"დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუხლჩაუხრელ შრომას შედეგი მოაქვს. მიზანს მივაღწიე – ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავედი და ძალიან მიხარია, რომ ოლიმპიურ თამაშებს ახალი ღირსეული ჩემპიონი ჰყავს – ლაშა ტალახაძე”.

თურმანიძეს გიორგი ასანიძე მოჰყვა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების აცრემლებულ მთავარ ექიმთან ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად – ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, რომელმაც ახლა უკვე ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მიაღწია წარმატებას.

"ამ დღისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭების შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, წინასწარ ცოტა მიჭირდა ასეთი თამამი პროგნოზის გაკეთება. ვულოცავ მთელ საქართველოს, რომელიც დღეს ძალიან გავახარეთ” – გვითხრა გიორგი ასანიძემ.

თურმანიძისა და ასანიძის კომენტარების ჩასაწერად უცხოელი ჟურნალისტებიც აქტიურობდნენ, მაგრამ როგორც კი დარბაზიდან მიქს ზონაში ლაშა ტალახაძე შემოვიდა, აბსოლუტურად ყველა, ქართველიან-უცხოელიანად მის გარშემო შეგროვდა.

ნახეთ რა პოპულარული ვარო, იხუმრა ლაშამ. შემდეგ კი ღირსეული ჩემპიონისთვის დამახასიათებელი სიდინჯით გასცა პასუხი ყველა შეკითხვას.

უცხოელებს ძირითადად ირანელი ძალოსნის მისამართით მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მისი შეფასება აინტერესებდათ. ანალოგიური კითხვით ქართველ მძიმეწონოსანს პრესკონფერენციაზეც მიმართეს და მის პასუხს ისევ აპლოდისმენტები მოჰყვა.

"ჩემთვის გაუგებარია, მე რას მერჩოდნენ ირანელი ქომაგები. მათ მართლა უძლიერესი კუმირი ჰყავთ, რომელსაც მსაჯებმა წესების დარღვევა დაუფიქსირეს და წონა არ ჩაუთვალეს. მე ჩემს მოწინააღმდეგესაც და მის ქომაგებსაც ყოველთვის პატივს ვცემ. ირანელმა მაყურებლებმა კი გადაწყვიტეს ჩემთვის ხელი შეეშალათ. მათი ხმაური გადამწყვეტი სიმძიმის აწევისას პირიქით დამეხმარა” – განაცხადა ტალახაძემ.

აქვე რამდენიმე გამორჩეული კითხვა-პასუხიც:

- საოცარი წონები ასწიეთ და ისე გამოჩნდა, რომ კიდევ უფრო მაღალ წონებთან შეჭიდებაც თავისუფლად შეგეძლოთ. ამხელა რესურსის მქონემ ატაცი და აკვრა შედარებით მოკრძალებული სიმძიმეებით რატომ დაიწყეთ?

- შეიძლება ოდნავ დაბალი სიმძიმეები შევუკვეთეთ, ვიდრე ჩემმა უმთავრესმა კონკურენტმა, მაგრამ მთავარი პროცესი იყო. ეს ოლიმპიადაა და თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით ზუსტად უნდა გაგვეთვალა. კარგია, რომ ექვსივე ცდა გამოვიყენე.

- ორჭიდის ჯამში მსოფლიოს წინა რეკორდმა 16 წელიწადი გაძლო. შენი აზრით დღევანდელი შენი რეკორდი რამდენ ხანს იქნება მიუწვდომელი?

- მაქსიმალურად შევეცდები, რაც შეიძლება მალე გავაუმჯობესო. თუ ამას სხვა ძალოსანი შეძლებს, ეს ჩემთვის დამატებითი გამოწვევა იქნება.

- 22 წლის ასაკში მოსაგები აღარაფერი დაგრჩათ. შემდეგ რას აპირებთ?

- სპორტიდან წასვლაზე ნამდვილად არ დავფიქრდები. მიზანი აბსოლუტურად ყველა დიდ შეჯიბრებაზე გამოსვლა და მუდმივად ტიტულისთვის ბრძოლაა.

- ალბათ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გიხილავთ...

- რატომ, ჯერ ასაკობრივ ჩემპიონატზე გამოსვლასაც ვასწრებ და მინდა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც მივიღო მონაწილეობა.

- როგორია ჩემპიონის ემოცია. ამ წუთში რაზე ფიქრობთ?

- სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე გააზრებულიც არ მაქვს რა მოხდა. ვიცი რომ ძალიან კარგი დღეა, ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე. ოლიმპიურ თამაშებზე კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი პირველად ავიდა. მიხარია, რომ ეს მე და ჩემმა მეგობარმა ირაკლი თურმანიძემ შევძელით.

დაბოლოს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტის – ელგუჯა ბერიშვილის კომენტარიც – "მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი უსეინ ბოლტია, უძლიერესი – ლაშა ტალახაძე!”

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124143