სხვა

4:20 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქროსმედალოსანი და მსოფლიო რეკორდსენი ლაშა ტალახაძე!
ირაკლი თურმანიძე ბრინჯაოს დაეუფლა!

მიმდინარე რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ წარმატებას ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მიაღწია (+105), რომელმაც ჯამში 473 კილოგრამი დაძლია. აღსანიშნავია, რომ ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც 448 კგ დააფიქსრია.

ატაცში ახლა უკვე ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტალახაძემ 215 კილო ასწია, ხოლო ამას აკვრაში 258 დაამატა. რაც შეეხება თურმანიძეს, მან ატაცში 217 კგ დასძლია, ხოლო აკვრაში – 241.

აღსანიშნავია, რომ გარდა ოქროს მედლისა, 22 წლის ლაშა ტალახაძემ მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა 473 კილოგრამის დაფიქსირებით.

ასე და ამრიგად, 2016 წლის 17 აგვისტო საქართველოსთვის უპრეცედენტოდ წარმატებული გამოდგა. გარდა ძალოსნების წარმატებისა, ბრინჯაოს მედალს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე დაეუფლა. ახლა ჩვენი ქვეყნის მონაგარი XXXI ოლიმპიადაზე 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

0.120254