ჭიდაობა

1:56 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შმაგი ბოლქვაძე: "მიხარია, რომ შრომა მედლით დამიფასდა”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები ერთი მედლით ჩაამთავრა. დღეს, ბრაზილიურ პოდიუმზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე ავიდა, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში იაპონელი ტომოჰირო ინუე 1:0 დაამარცხა. რიო 2016-ზე საქართველოსთვის მესამე მედლის მომპოვებელმა სპორტსმენმა "მსოფლიო სპორტის” შეკითხვებს დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ უპასუხა.

- ეს ოლიმპიადა ჩემთვის პირველი იყო. მართლა ბევრი ვიშრომე, რომ ჯერ აქ მოვხვედრილიყავი, ხოლო შემდეგ ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვედროდი. ეს მოვახერხე და მიხარია, რომ მედლით დამიფასდა.

- თუმცა უფრო მაღალი სინჯის მედალზეც შეგეძლო ბრძოლა...

- ნამდვილად შემეძლო. ნახევარფინალში მსაჯის მიერ მოცემული დაუმსახურებელი გაფრთხილების შემდეგ გამოუცდელობამაც თავისი ქნა, ილეთზე მოვყევი და სამწუხაროდ, ფინალის საგზური დავკარგე. საბოლოო ჯამში მიღწეულით უკმაყოფილო მაინც არ ვარ. მედალი მოვიპოვე წონაში, რომელშიც მსოფლიოს 6 ჩემპიონი გამოდიოდა.

- მათ შორის მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევდი?

- წინა ოლიმპიადის ჩემპიონ ირანელ ნოროზის, რომელსაც მეოთხედფინალში მოვუგე.

- მთლიანად გუნდის გამოსვლაზე რას იტყვი?

- უკეთესი შედეგისთვის უნდა მიგვეღწია, მაგრამ სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დღემდე უმედლოდ მოვედით და ბოლო იმედად მე დავრჩი. საქართველოს ნაკრებს გაცილებით მაღალი შედეგების მიღწევა შეუძლია.

- ბრინჯაოს მედალი ალბათ შენთვისაც გამოწვევაა, სამომავლოდ უფრო მაღალი სინჯისთვის საბრძოლველად...

- რა თქმა უნდა. დებიუტისთვის მგონი ნორმალური შედეგია. ყველანაირად ვეცდები, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზეც გამოვიდე და მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლო.

P.S. მიქს ზონაში მყოფ შმაგი ბოლქვაძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი წამოეწია და მობილური მიაწოდა. ბრინჯაოსან მოჭიდავეს წარმატება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114791