სხვა

14:11 | 14.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძეს დოპინგის მიღება არ დაუმტკიცდა!

ქართველ მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეს დოპინგის მიღება არ დაუდგინდა. შესაბამისად, ისე გამოვიდა, რომ მას 2016 წლის ზაფხულის ოლიმპური თამაშები ტყუილად გამოატოვებინეს. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ბოლქვაძისთვის დადებითი სინჯის აღების შესახებ, ზედ ოლიმპიადის სტარტის წინ გაჩნდა და ის ქართულ დელეგაციაში ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს.

ბოლქვაძემ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ საქმე გაუგებრობასთან გვქონდა: “მოგესალმებით! ალბათ, ყველასთვის ცნობილია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რაც ჩემს ოლიმპიადაზე ვერ გამგზავრების ფაქტს უკავშირდება.

პირველ ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც ამ მძიმე დღეებში ჩემდამი თანადგომა გამოხატეს. თქვენ კიდევ უფრო დიდი სტიმული მომეცით, დავამტკიცო: დაშვებულია შეცდომა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩემი სპორტული კარიერისთვის.

გპირდებით, არცერთ შეკითხვას და ეჭვს უპასუხოდ არ დავტოვებ და ამისთვის ყველა სამართლებრივ საშუალებას მივმართავ. სპორტული გზა ათი წლის ასაკიდან დავიწყე – ჩემი წარმატება, ამ დროიდან, მხოლოდ საკუთარი ძალებით მიღწევების გაუმჯობესების შედეგია და ყოველთვის გამორიცხავდა რაიმე აკრძალული ნივთიერების გამოყენებას.

მოგეხსენებათ, სპორტსმენისთვის აუცილებელია პროტეინის და ამინომჟავებს შემცველი საკვები დანამატების მიღება. ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, პერიოდულად ასეთ ვიტამინებს მეც ვიღებდი, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და ნებადართულია.

რაც შეეხება აკრძალულ პრეპარატს, ჩემთვის მოულოდნელი და დღემდე გასაკვირია, თუ საიდან მოხვდა მისი კვალი ჩემს ორგანიზმში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება – გაგზავნილია B ტესტი,რომლის პასუხის შემდეგ მეცოდინება, თუ როგორ ვიმოქმედო და საბოლოოდ დავამტკიცო - დღეისთვის თქვენთვის ცნობილი შედეგი არასწორია!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ყველას გთხოვთ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ. ამ საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს დეტალურად გაგაცნობთ”.

და აი, ირაკლიმ ფეისბუქის გვერდის საშუალებით უკვე სასიხარულო სიახლე გვამცნო: “ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთვარი გამარჯვებები წინ არის!”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109762