ფეხბურთი

12:53 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისევ “სევილია”, ისევ ესპანური დერბი – თბილისიდან ტრონჰეიმამდე

დღეს, ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში, “ლერკენდალის” სტადიონზე უეფას ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპა ლიგის ტრიუმფატორ “სევილიას” ხვდება.

ორივე გუნდისთვის ეს 2016-2017 წლების სეზონის პირველი ოფიციალური მატჩია, თუმცა გუნდებმა ბუნებრივია ნაყოფიერი შეკრება უკვე გაიარეს. ერთი ეგაა, “სევილიას” რიგებში გაზაფხულთან შედარებით ბევრი ცვლილებაა. ახალია მთავარი მწვრთნელი, რადგან უნაი ემერის ადგილი ხორხე სამპაოლიმ დაიკავა, ხოლო გუნდის ლიდერები კოკე, კევინ გამეირო, ევერ ბანეგა და გჟეგოჟ კრიხოვიაკი სევილიელთა რიგებში აღარ არიან. “რეალს” სატრანსფერო თვალსაზრისით არ უაქტიურია, თუ არ ჩავთვლით ალვარო მორატას დაბრუნებას ტურინის “იუვენტუსიდან” – სხვათა შორის, ზინედინ ზიდანის გუნდს მეტად გადახალისებული შემადგენლობით მოუწევს თამაში: კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია. ასეც რომ არ ყოფილიყო, პორტუგალიელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კუთვნილი შვებულების გამო დღეს მაინც ვერ ითამაშებდა. სწორედ ამ მიზეზით მოედანზე ვერ ვიხილავთ ტონი კროოსს, პეპესა და გარეტ ბეილს, რომლების ჯერ კიდევ ფორმის აღდგენით პროცესში იმყოფებიან და ზიდანს ისინი განაცხადში შეყვანილიც კი არ ჰყავს. ამასთან ტრავმირებულია ძირითადი მეკარე კეილორ ნავასი და ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომლის თამაშის საკითხი წესით მატჩის დაწყებამდე უნდა გადაწყდეს.

“სევილიას” გასხვისებულ ფეხბურთელებზე ზემოთ ვთქვით, მაგრამ “დალაქებმა” საკმაო შევსებაც მიიღეს. მაგალითად, ბრაზილიელი განსო, არგენტინელები, ფრანკო ვასკესი და შემტევი ლუსიანო ვიეტო მადრიდის “ატლეტიკოდან”. მოკლედ, სამპაოლის განკარგულებაში მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ტრავმების გამო კი, “სევილიას” “რეალისგან” განსხვავებით მხოლოდ ორი ფეხბურთელი მაიკლ კრონ-დელი და ბენუა ტრემოლინასი ვერ დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ დღეს “რეალი” და “სევილია” ევროპის სუპერთასისთვის მეხუთედ ითამაშებენ. წინა ოთხი შემთხვევიდან “სამეფო კლუბმა” წარმატებას ორჯერ, 2002 და 2014 წლებში მიაღწია, ხოლო 1998 და 2000 წლებში ხელი მოეცარა. თავის მხრივ, “სევილიას” სტატისტიკა უფრო ცუდია. 2006 წელს, “დალაქებმა” “ბარსელონას” 3:0 მოუგეს, მაგრამ ერთი წლის თავზე “მილანთან” 1:3 წააგეს, შარშან კი, თბილისში, “დინამო არენაზე” “ბარსელონასთან” ულამაზეს მატჩში იწვნიეს მარცხი – 4:5. აი, 2014 წელს, კარდიფში ევროპის სუპერთასზე სწორედ ეს “რეალი” და “სევილია” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორი წლის წინ, კრიშტიანუ რონალდუს დუბლით მადრიდელებმა 2:0 იმარჯვეს.

გამოსარჩევია, რომ უეფას ევროპის სუპერთასზე “რეალსა” და “სევილიაზე” მეტჯერ მხოლოდ სამ გუნდს უთამაშია: “ბარსელონას” (9), “მილანს” (7) და “ლივერპულს” (5).

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “დღეს ერთმანეთს ხვდება ორი გუნდი, რომელთაც მხოლოდ გამარჯვება სურთ. ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ, გვქონდა დრო, რომ უკეთ მოვმზადებულიყავით. ვნახოთ ითამაშებს თუ არა ქარიმ ბენზემა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად იყოს. მაქსიმუმს გავიღებთ სეზონი ტიტულით რომ დავიწყოთ და პირველივე წუთიდან კონცენტრირებულნი ვიქნებით. ფეხბურთში წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, ამიტომ შანსი თანაბარია – 50%-50%-ზე.

ხორხე სამპაოლი (“სევილიას” მთავარი მწვრთნელი): “ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმით, რომ ამ ბრძოლაში ვიღებ მონაწილეობას. საჭიროა ახალ სათამაშო სტილს ბიჭებმა ალღო მალევე აუღონ. “რეალმა” ამხანაგური მატჩები დიდებულად ჩაატარა და მისთვის ფეხბურთელთა დანაკლისი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. იმედია, ჩემი ფეხბურთელები გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯებიან და პირველივე წუთიდან სწორად ითამაშებენ. არ მომწონს, როდესაც მოედანზე მეტოქე დომინირებს”.

“რეალი” – “სევილია”

ტრონჰეიმი, “ლერკენდალი”. 9 აგვისტო, 22:45 საათი

სავარაუდო შემადგენლობები

“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, მოდრიჩი, ისკო; ხამესი, ლუკას ვასკესი, მორატა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“სევილია” (4-3-3): სორია; ფერეირა, პარეხა, კარიკო, ესკუდერო; კრანევიტერი, კორეა, იბორა; კონოპლიანკა, სარაბია, ვიეტო

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

0.234878