სხვა

17:11 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პიროს დიმასი, კახი კახიაშვილის მეგობარი 

პიროს დიმასი კახი კახიაშვილის მეგობარია. ლეგენდები. კახიაშვილი სამგზის (1992, 1996, 2000) ოლიმპიური ჩემპიონია. სამჯერ და იდენტურ ფორუმებზე მოიგო ოლიმპიური ოქრო დიმასმაც. ძალოსნობის ისტორიაში დიმასი და კახიაშვილი პანთეონში, პირველ რიგში დგანან. იქ, სადაც ლეგენდები შედიან. იქ, სადაც უკვდავებაა. იქ, სადაც მხოლოდ რამდენიმე დგას.

დიმასი თბილისში, ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩამოვიდა. კახიაშვილი ამ ტურნირის ორგანიზატორი იყო. დიმასი და კახიაშვილი კარგი მეგობრები არიან. დღეს, ლეგენდები რიოში არიან. ოლიმპიადა გაიხსნა. პიროსს ახსოვს კახისთან ერთად გატარებული პერიოდი. პიროსი ამ პერიოდს იხსენებს.

პიროს დიმასი: „გამიმართლა, რომ დიდი დრო კახი კახიაშვილთან ერთად გავატარე. დარბაზში კახი მხოლოდ ვარჯიშზე ფიქრობს. მოგესალმება, გაგიცინებს და ეგრევე ბრუნდება თავის პატარა სამყაროში. ვარჯიშის დროს ის მხოლოდ ვარჯიშზე ფიქრობს“.

კახიაშვილი დიმასზე ოდნავ უფროსია.

„ასაკში სხვაობა პატარაა (44-47), მაგრამ კახისგან ბევრი რამე ვისწავლე. იცით, თუ მკითხავენ, ვინ იყო ჩემთვის ინსპირაცია, ვინ იყო ჩემთვის სამაგალითო სპორტსმენი, ერთ-ერთს ყოველთვის კახიაშვილს დავასახელებ. ის ყოველთვის ბოლომდე გადიოდა. კახისთვის პირველი ადგილის გარდა, ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობა იყო“.

კახიაშვილი, როგორც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი.

„საქართველოს ფედერაციას აქვს პროგრესი. ეს კახის დამსახურებაა. ბევრს მუშაობს, ცდილობს, ყველაფერი ისწავლოს, გახდეს ლიდერი ყველგან, სადაც არის ჩართული. საქართველომ ორ წელიწადში უკვე ჩაატარა ორი საერთაშორისო ტურნირი და ეს დიდი მიღწევაა. კახიმ ეს გააკეთა. კახი არ იცვლება. კახის ყოველთვის უყვარს მუშაობა“.

ვინ არის დღეს საუკეთესო ძალოსნობაში?

„არიან კარგი ბიჭები. თუ ბევრს იმუშავებენ, დარჩებიან ლიდერებში და მოუმატებენ. აიღონ მაგალითი ძველი ლიდერებისგან. ჩვენც იგივეს ვაკეთებდით. ბევრი იმუშავეთ და იკითხეთ. ეს კარგია“.

დამშვიდობება.

„მინდა, რომ ბევრი კარგი სპორტსმენი გყავდეთ და ერთ დღეს, ახალგაზრდებმა დაწერონ ახალი ისტორია. როგორც ეს მათი ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა“.

დიმასი და კახიაშვილი. ლეგენდები და მეგობრები.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116612