სხვა

15:29 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ქართველი ძიუდოისტების მეტოქეთა ვინაობას შევიტყობთ
რიოში საქართველოს პრეზიდენტიც ჩავიდა

ოლიმპიურ სოფელში გაიხსნა ოლიმპიური თამაშების პერიოდში გარდაცვლილთა ხსოვნის მემორიალი. ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და საერთშორისო სპორტის სხვა მაღალჩინოსნები, სოკ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ როგი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები, ოლიმპიელები.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა თომას ბახმა: ”ჩვენი სურვილი იყო, რომ სწორედ აქ, ოლიმპიურ სოფელში, რომელიც დიდი ოლიმპიური ოჯახის ერთიანობის სიმბოლოა, მოგვეწყო ადგილი იმათი ხსოვნის პატივსაცემად, ვინც ჩვენს შორის აღარ არის”.

პრეზიდენტმა ბახმა გაიხსენა ისრაელის ოლიმპიური დელეგაციის ის წევრები, რომლებიც 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ სოფელში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას შეეწირნენ. როგორც ბახმა აღნიშნა, ეს იყო შეტევა ოლიმპიურ ღირებულებებზე და სპორტის უნივერსალურ გამაერთიანებელ ძალაზე.

თომას ბახმა ასევე პატივი მიაგო სხვადასხვა წლებში ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას დაღუპულთა ხსოვნას და მათი რიგებიდან განსაკუთრებული გულისტკივილით გაიხსენა 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

ბოლოს, ცერემონიის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ყველა გარდაცვლილის ხსოვნას და სიმბოლური ფერადი ლენტები დაკიდეს ოლიმპიიდან ჩამოტანილ ზეთისხილის ხეზე (ასევე ოლიმპიური თამაშების სამშობლოდან – ბერძნული ოლიმპიიდან ჩამოიტანეს მემორიალის ქვები).

საქართველოდან ცერემონიალს ესწრებოდნენ ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და სეოკ-ის საერთაშორისო სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

მოგვიანებით, ქართული ოლიმპიური მისის ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის წევრები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ჩვენი დელეგაციის ოფისში შეიკრიბნენ. განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის – საწვრთნელი პროცესის მიმდინარეობა, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის დეტალები, ხვალინდელი სპორტულ-ტექნიკური სხდომებისთვის სამზადისი.

აღინიშნა, რომ 4 აგვისტო განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დღეა – სპორტის 7 სახეობაში გაიმართება შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების ტექნიკური სხდომები, სადაც დეტალურად განიხილება შეჯიბრებაში დაშვებასა და მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.

ელგუჯა ბერიშვილმა შეკრებილებს მოუწოდა გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, რათა ამ მიმართულებით სპორტსმენებს პრობლემები არ შეექმნათ. დღეს ასევე დაგეგმილია კენჭისყრა ძიუდოში – ყველა წონაში გამოვლინდებიან ჩვენი ძიუდოისტების პირველი მეტოქეები.

ძიუდოისტთა ტურნირის სტარტს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც 3 აგვისტოს მეუღლითურთ ჩამოფრინდა ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში. პრეზიდენტი 5 აგვისტოს დაესწრება ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალს, მანამდე კი – 4 აგვისტოს ეწვევა ოლიმპიურ სოფელს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ოფისში გაიმართება მისი შეხვედრა ქართველ ოლიმპიელებთან, შემდეგ კი სტუმარ-მასპინძლები ერთად ისადილებენ სოფლის სასადილოში.

გიორგი მარგველაშვილი ასევე დაესწრება რვაგზის ოლიმპიელის ნინო სალუქვაძის ვარჯიშს და ამის შემდეგ გადაინაცვლებს ძიუდოისტთა შეჯიბრებაზე. როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გვითხრა, ქვეყნის პირველი პირი რიოში ასევე გეგმავს ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137173