ფეხბურთი

23:31 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "სწრაფმა გოლმა ყველაფერი გადაწყვიტა"

თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ იურაი იარაბეკი გულდაწყვეტილი იყო. როგორც მან თქვა, სწრაფად გაშვებულმა გოლმა „დინამოს“ გეგმები მთლიანად არია - ჩვენი მიზანი სწრაფად გატანა და თან არგაშვება იყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდაო.

გარდა ამისა, იარაბეკი ევროპა ლიგის პლეი-ოფს იმედიანად შეჰყურებს. მისი თქმით, საქართველოს ჩემპიონი უშანსოდ არ იქნება. ამასთან, სლოვაკმა თავის ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მის გუნდს ცუდად არ უთამაშია.

იურაი ირაბეკი („დინამო“ თბილისის მთავარი მწვრთნელი): „ჩემთვის ძალიან რთულია საუბარი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, რომლებმაც გული და სული ჩადეს თამაშში. ძალიან ცუდია, როცა მე-8 წუთზე გოლი გავუშვით, არადა, ვაპირებდით იქეთ გაგვეტანა და თან არ გაგვეშვა. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა და თითქმის დარწმუნებულნი ვიყავით, რომ არ წავაგებდით, მაგრამ გოლი, რომელიც გავიტანეთ, ისიც არ ჩაითვალა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ არ წაგვეგო.

ზუსტად ვერ გეტყვით შეცდომების შესახებ - ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდით, რადგან წინ მხოლოდ ერთი ტაიმი იყო დარჩენილი და ოთხი გოლი გვქონდა გასატანი. ამიტომაც, სამცველიან ტაქტიკაზე გადავერთეთ. შპიჩიჩი იმიტომ არ შემიცვლია, რომ ცუდად ითამაშა, უბრალოდ ტაქტიკა შევცვალეთ. კურიეს თამაში კი არ მომეწონა. ჩვენს მეტოქეს არცერთ სტატისტიკურ მონაცემში არ ჩამოვრჩით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. თუმცა, ზუსტად ესაა ევროპული ფეხბურთი, გამოცდილება, მათი 70 მილიონიანი ბიუჯეტი.

ტრანსფერებზე ვერაფერს გეტყვით. პირიქით ქვილითაია „რაპიდში წავიდა, გელაშვილს კი, რაც შეუძლია იმას თამაშობს. ვფიქრობ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში უშანსოდ არ ვიქნებით. ზაგრების „დინამო“ ძალიან მაღალი დონის გუნდია. თუნდაც, გოლი მარკო როგმა გაგვიტანა, რომელიც 15 მილიონი ღირს და მისით დაინტერესებული იტალიური „ნაპოლია“.

ჩვენ გუნდიდან გავუშვით ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ. მოვიყვანეთ რამდენიმე ლეგიონერი, მაგრამ ზოგმა ტრავმა მიიღო, ზოგიც სათანადო ფორმაში დროულად ვერ შევიდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და გამოადგებიან ჩვენს გუნდში მომავალში. რაც შეეხება დაცვის ხაზს - დაცვამ შეცდომები დაუშვა მატჩის დასაწყისში და ამას ზედმეტი მონდომებას დავაბრალებდი. ჩვენ გვყავს ჭელიძე და ასევე თევზაძე, რომლებსაც მიეცემათ შანსი. ლობჟანიძემ და ამისულაშვილმა ნორმალურად ითამაშა და ორივე ეროვნული ნაკრების წევრია.

ვფიქრობ, ევროპა ლიგის პლეი-ოფში იღბალიც დაგვჭირდება და უშანსოდ არ უნდა ვიყოთ. რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, იგი სეზონის ბოლომდე, ანუ დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული. თუმცა, ვინ იცის, პრეზიდენტმა შესაძლოა ნაადრევად მიიღოს ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

0.112798