ფეხბურთი

18:47 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იურაი იარაბეკი: "სწრაფი გოლი უნდა გავიტანოთ და გულშემატკივარიც ავიყოლიოთ"

თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" საპასუხო თამაშის წინ საქართველოს ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. სლოვაკი სპეციალისტი აღნიშნულ მატჩს იმედიანად ხვდება. როგორც მან თქვა, გუნდი სწრაფი გოლის გატანას ეცდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

მისი განცხადებით, თუ "დინამო" თბილისი გოლს დასაწყისშივე გაიტანს, მაშინ ტრიბუნაზე მყოფი ქომაგების აყოლიებასაც შეძლებს. ამასთან, იარაბეკი ხვდება, რომ ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება და მძიმე ბრძოლას ელოდება.

იურაი იარაბეკი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, ხვალ დღესასწაული იქნება. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც 15 სხვდასხვა ნაკრებში ჰყავს ფეხბურთელები. პირველი თამაში ყველამ ნახა და არ ვიმსახურებდით ასეთი ანგარიშით მარცხს – რა თქმა უნდა, შედეგი ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. გულშემატკივრების იმედიც გვაქვს და ვიმედოვნებ სტადიონზე ბევრი ხალხი მოვა.

გიორგი ქვილითაიას რაც შეეხება – იგი მაინც ვერ ითამაშებდა, რადგან ტრავმა ჰქონდა. გიორგი ძალიან მალე “რაპიდში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემიძლია გითხრათ, რომ “ალაშკერტის” კარში გატანილი გოლი მისთვის “დინამოში” ბოლო იყო. ქვილითაიას ჩვენთან კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ როდესაც “რაპიდი” ეპატიჟება ფეხბურთელს, რთულია უარი თქვა. ასეთი რამ მოხდა ზუსტად ჩვენი მეტოქის ბანაკში, როდესაც მარკო პიაცა გაასხვისეს. ეს ერთგვარი რეკლამა იქნება ჩვენთვის.

ზაგრებში ჩვენი მთავარი მიზანი იყო გოლის არგაშვება, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. ხვალინდელ მატჩში კი უფრო შეტევით ფეხბურთს ვითამაშებთ, რადგან სწრაფი გოლის გატანა გვჭირდება და ამით შევეცდებით გულშემატკივრებიც ავიყოლიოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ხვალ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ. სასტარტო შემადგენლობას რაც შეეხება – ამ დროისთვის მეც არ ვიცი, რა შემადგენლობით დავიწყებთ თამაშს.

ყველა ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ. მეტოქე კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა და ინდივიდუალურად ძალიან სახიფათონი არიან, მაგრამ მათი თამაში შესწავლილი გვაქვს და შევეცდებით არ მივცეთ თავისუფლად მოქმედების საშუალება.

განვმეორდები მოტივირებულნი ვართ. ჩორიჩი სახიფათოა, მაგრამ ვეცდებით რაც შეიძლება ახლოს ვეთამაშოთ და სივრცეები არ დაუტოვოთ. ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ამ ეტაპზე ხვალინდელი შეხვედრის მოგებაა, მაგრამ თუ ეს არ გამოგვივიდა, მაშინ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა მოვხვდეთ.

შეგახსნენებთ, "დინამო" თბილისისა და ზაგრების "დინამოს" მატჩი სამშაბათს, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.

0.13375