სხვა

14:21 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოში ტალახაძეს, თურმანიძეს და ასანიძეს ელიან

დღეს რიოში ქართული ოლიმპიური დელეგაციის მეორე ნაწილი გაემგზავრება. რიოში ჩავლენ საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ლიდერები, ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე. მათთან ერთად გაემგზავრება ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე.

დელეგაციის პირველი ნაწილი გადის აკლიმატიზაციას. ვაგრძელებთ რიოს დღიურს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილთან ერთად.

კახი კახიაშვილი: “ქართულ დელეგაციას შეხვდა ბრაზილიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი. მასთან ერთად იყო ელჩის უფროსი მრჩეველი კონსტანტინე საბიაშვილი. სასიამოვნო შეხვედრა შედგა. ელჩი კარგად არის ინფორმირებული ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაზე, ფლობს აუცილებელ ინფორმაციას. ის შეძლებისდაგვარად დაესწრება ჩვენი ოლიმპიელების გამოსვლებს“.

რიოში შეიცვალა ამინდი

- დაცხა, რაც აქაურობას უფრო უხდება. ჩვენი დელეგაციის წევრები ეცნობიან რიოს. ქალაქიც ოდნავ გამოცოცხლდა, თითქოს გამოიღვიძა ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად. ძალიან ბევრი ოლიმპიური სიმბოლიკა ვნახეთ. უამრავი სასუვენირო მაღაზია, დახლია. სამკერდე ნიშანი 12 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველაზე ძვირი სუვენირი 100 დოლარამდე ადის. გემოვნების ამბავია. ამ მხრივ, საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან კარგად იმუშავა. მრავალფეროვნება ყველაფერში კარგია“.

სავარჯიშო პროცესზე

- ვარჯიშები მიდის. ველოდებით გიორგი ასანიძეს, ირაკლის, ლაშას. საერთოდ, ყველას, ვინც – ჩამოსასვლელია. საინტერესო ოლიმპიადა უნდა იყოს. თავის ოლიმპიურ ისტორიაში, საქართველოს ყველაზე წარმომადგენლობითი დელეგაცია ეყოლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ოლიმპიელებს“.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი

0.153207