ფეხბურთი

14:30 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: “სევილია” და “ხიმნასტიკი” აბურჯანიას ფასზე შეთანხმდნენ

საქართველოს ნაკრებისა და ტარაგონას “ხიმნასტიკის” ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას “სევილიაში” შესაძლო გადასვლის ამბავი უკვე გაუწყეთ. ახლა კი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ევროპა ლიგის ტრიუმფატორებმა “ნასტიკის” ხელძღვანელებს უკვე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს. შესაბამისად, ჯერი ფეხბურთელსა და კატალონურ გუნდზეა.

მთავარი მოთხოვნა კი, “სევილიაში” სათამაშო პრაქტიკის ქონაა – სამშაბათს, გიორგის აგენტი ანდალუზიაში უნდა ჩავიდეს და ბოლო დეტალებიც სწორედ მაშინ შეთანხმდება.

ამასობაში კი, ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი კლუბებმა უკვე შეათანხმეს. კერძოდ, “ხიმნასტიკისა” და “სევილიას” სპორტული დირექტორები, ემილიო ვიკუერა და რამონ როდრიგეს მონჩი სატრანსფერო ფასზე უკვე შეთანხმებულან, მაგრამ ზუსტი თანხას პირინეული მედია არ ასახელებს.

მართლაც სასიამოვნო იქნება, თუ გარიგება შედგა და ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ჩაირიცხა. მოგეხსენებათ, “სევილიამ” მიჯრით სამჯერ მოიგო ევროპა ლიგა და მალე ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლებს, ხოლო სექტემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ჩართვა.

აბურჯანიამ კი, ასეთი გუნდის ინტერესი უდაოდ დაიმსახურა – გიორგი ესპანეთში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და “ხიმნასტიკის” ლიდერად მალავე იქცა. ლიგა ადელანტეში მან გასულ სეზონში 16 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც შეასრულა.

0.119064