ფეხბურთი

11:17 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივო კატუშიჩი - ზაგრების "დინამოზე", ქართულ შთაბეჭდილებებზე, ქართველებთან მეგობრობაზე, ივო შუშაკზე, ხორვატიის ნაკრებზე...
"ორი "დინამოდან" გაცილებით ძლიერი ზაგრებისაა"

"მე ერთი სახლი მაქვს, ხორვატია ჩემი სამშობლოა, მაგრამ ალალად გეტყვით, ჩემი მეორე სახლი საქართველოა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველ ჟურნალისტს ველაპარაკები. მომავალ წელს სტუმრად ჩამოსვლასაც ვაპირებ, გია გეგუჩაძემ დამპატიჟა" - ეს თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფიზმომზადების მწვრთნელის, ხორვატი ივო კატუშიჩის სიტყვებია.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დიდი ალბათობით, ორი "დინამოს" დაპირისპირება შედგება: ზაგრებისა და თბილისის. ჯერ არაა გადაწყვეტილი, თუმცა ყველაფერი აქეთ მიდის.

კატუშიჩი ზუსტად სამი წლის წინ, 2013 წლის ივლისში დაბრუნდა სამშობლოში სამუშაოდ, კერძოდ, მშობლიურ სპლიტში, კლუბ "სპლიტის" ფიტნეს-მწვრთნელი იყო, ამჟამად კი საკუთარი სავარჯიშო დარბაზი აქვს.

worldsport.ge კატუშიჩს სპლიტში დაუკავშირდა - ზაგრების "დინამოზე", ქართულ შთაბეჭდილებებზე, ქართველებთან კავშირზე, ივო შუშაკზე, ხორვატიის ნაკრებზე...

ივო კატუშიჩი: - საქართველოში ოთხი წელი ვიმუშავე. მინდა, მთელ ქვეყანას მივესალმო, ვუსურვებ ეკონომიკურად გაძლიერებასა და სიმშვიდეს. მანდ ბევრი მეგობარი მყავს, მაგალითად, გია გეგუჩაძე, გურამ ასპინძელაშვილი, ბესო ჩიხრაძე და სხვები. გამეხარდა, რომ გეგუჩაძე და ასპინძელაშვილი ახლა უკვე ნაკრებში მუშაობენ მთავარ მწვრთნელად (შესაბამისად, 21 და 16-წლამდელებში - ავტ.). გაისად ჩამოსვლასაც ვაპირებ, გეგუჩაძემ დამპატიჟა საქართველოში.

- ძალიან სასიამოვნოა, რომ ასე თბილად საუბრობთ საქართველოზე. ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს აქცევთ ყურადღებას?

- ნაკრებების თამაშებს. რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს, ვიცი, რომ დონე დაეცა.

- ამჟამად "სპლიტში" აღარ მუშაობთ. რას საქმიანობთ?

- სპლიტში საკუთარი სავარჯიშო დარბაზი მაქვს, ფიზმომზადებისთვის ყველანაირი პირობაა. ვთანამშრომლობთ უცხოეთის სხვადასხვა კლუბებთან: "უდინეზესთან", "ზალცბურგთან", "რუბინთან", "ადმირასთან" და ასე შემდეგ.

- დიდი შანსია, ზაგრების "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრები ვიხილოთ. ზაგრებელთა ახლანდელი გუნდი რომ შევადაროთ შარშანდელსა და შარშანწინდელს...

- ზაგრების "დინამო" ყოველწლიურად სულ უფრო უკეთესი გუნდი ხდება, მაგრამ აქ ერთი მომენტია: მწვრთნელი შეიცვალა. ახალი თავკაცია ზლატკო კრანჩარი, რომელიც კარგი სპეციალისტია, მაგრამ რამდენად ეყოფა დრო გუნდის შეთამაშებისთვის, აი, ეს არის საკითხავი. და მაინც, ვფიქრობ, ზაგრების "დინამო" თბილისის "დინამოს" გამოთიშავს, რადგან ბევრად ძლიერი გუნდია. არ ვამბობ მაინცდამაინც ოთხბურთიან, ან ხუთბურთიან სხვაობაზე, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც ხორვატიის ჩემპიონის მხარეს იქნება. ასე ჩანს, თუმცა ფეხბურთში სიურპრიზებიც არსებობს. თბილისელთა შანსი შეიძლება ის იყოს, თუ კრანჩარი გუნდის შეთამაშებას ვერ მოახერხებს. სხვა მხრივ, ფეხბურთელების კონტიგენტით და ყველაფრით, ზაგრების "დინამო" ბევრად მაღლა დგას.

- ზაგრების "დინამოდან" მარკო პიაცა მიდის. შესაძლოა, კიდევ ვინმე გაყიდონ?

- დიახ, ნახევარმცველი მარკო როგი.

- 11 წელია, ზაგრების "დინამოს" ვერავინ უწევს კონკურენციას და მუდმივად ჩემპიონი ხდება. ამ ტენდენციის შეწყვეტა უახლოეს წლებში შეუძლებელია?

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე შეუძლებელია, "დინამო" გაისადაც ჩემპიონი გახდება. კლუბი ბევრ ფეხბურთელს ჰყიდის და ამაში საკმაო თანხას იღებს, იწვევს კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელებს და სადაც საჭიროა, გამოცდილებსაც. აი, მეკარე ედუარდო ევროპის ჩემპიონი გახდა პორტუგალიის ნაკრებში. მართალია, პორტუგალიის ძირითადი მეკარე არ გახლდათ, მაგრამ მაინც. "დინამოში" არიან მოთამაშეები, რომლებსაც წლიურად 600 000 ევრო აქვთ ხელფასი. ძნელია, მათ კონკურენცია გაუწიო.

- დანარჩენ კლუბებს ფინანსურად უჭირთ? ხორვატიის საკლუბო ფეხბურთში დიდი ფული ვერ იდება?

- დიახ, უჭირთ, რადგან ეკონომიკური სიტუაცია ვერ არის მთლად დალაგებული. საქართველოსი არ იყოს, ხორვატიაც პატარა ქვეყანაა. სპორტული ერი ვართ, მაგრამ მაინც ხელს გვიშლის ეკონომიკური არამდგრადობა.

- ზაგრების "დინამო" ფანებით გამოირჩევა, ისევე როგორც თქვენი მშობლიური ქალაქის, სპლიტის კლუბი "ჰაიდუკი". როგორც ვიცი, როდესაც ზაგრების "დინამო" უცხოელებს ეთამაშება, "ჰაიდუკის" ფანები სწორედ უცხოელებს ქომაგობენ. ასე არიან ზაგრებელებიც სპლიტელთა მიმართ...

- უმეტესად ასეა, მაგრამ ბევრნი პირიქით ფიქრობენ. ხვდებიან, რომ ზაგრების "დინამოს" ევროტურნირებზე წარმატება "ჰაიდუკსაც" არგებს კოეფიციენტების მხრივ.

- ზაგრების "დინამოს" ფანები (BBB - Bad Blue Boys) ბევრს წყვეტენ კლუბში, ადრე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ხელმძღვანელობასთან და ამჟამად როგორი დამოკიდებულებაა?

- კლუბში ყველაფერს ზდრავკო მამიჩი წყვეტს, რომელიც არ უყვართ. მის გამო ბოიკოტიც გამოაცხადეს საშინაო მატჩებზე, ხშირია შეურაცხმყოფელი ტრანსპარანტებიც მამიჩის მიმართ. მამიჩი ზაგრების "დინამოს" პრეზიდენტი არაა, მაგრამ რეალურად ის გახლავთ პირველი კაცი.

- ივო შუშაკზეც გკითხავთ. სად მუშაობს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი?

- არცთუ დიდი ხნის წინ, ზაგრების "დინამოს" სკოლის დირექტორად დაინიშნა.

- ზაგრების "დინამოს" აკადემიაც საკმაოდ ძლიერად ითვლება და ზოგადად, რამდენად ძლიერი თაობა მოსდის თქვენს ქვეყანას? ლუკა მოდრიჩი, დარიო სრნა, მარიო მანჯუკიჩი უკვე 30 წელს გადასცდნენ.

- ზაგრების "დინამოს" 19-წლამდელებს წლეულს უეფას ახალგაზრდული ლიგა უნდა მოეგოთ. მოხდა გაუგებრობა. ეს მერვედფინალში, როცა "ანდერლეხტს" სტუმრად 2:0 მოუგეს. საქმე ისაა, რომ ზაგრებელებმა ერთი ისეთი ფეხბურთელი ათამაშეს, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო. ამის გამო წაგება ჩაუთვალეს, გავიდა "ანდერლეხტი" და ბელგიელებმა მეოთხედფინალში "ბარსელონა" გამოთიშეს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს ინციდენტი, "ჩელსის' ნაცვლად, ზაგრების "დინამო" მოიგებდა უეფას ახალგაზრდულ ლიგას. საერთოდაც, კარგი თაობა მოდის ხორვატიაში. ზაგრების "დინამომ" რამდენიმე თვის წინ "ვოლფსბურგში" გაყიდა თავდამსხმელი იოსიპ ბრეკალო. ის ახლახანს გახდა 18 წლისა. დიდი მომავალი აქვს მცველ დუიე ჩალეტა-სერს, რომელიც 19 წლისაა, ავსტრიის "ზალცბურგში" თამაშობს და გრანდებს სურთ. აი, მარჯვენა მცველი სიმე ვრშალკო გადავიდა მადრიდის 'ატლეტიკოში", პიაცაზე და როგზე უკვე ვთქვით.

- ევრო-2016: ალბათ, როგორ დაგწყდებოდათ გული, ჯგუფში ასეთი თამაშის შემდეგ, მერვედფინალში პორტუგალიასთან წაგებაზე. უფრო რას დაბრალდა ეს მარცხი?

- ხორვატიამ ჯგუფში მართლაც მშვენივრად ითამაშა და ჩანდა რესურსი იმისა, რომ ძალიან შორს წასულიყო. მწვრთნელმა შეცდომები დაუშვა და ეს ნათლად ჩანდა, პორტუგალიას ვერ დაუპირისპირა ის თამაში, რაც ხორვატიისთვის იქნებოდა უპრიანი. შორს წასვლაში კი ვგულისხმობ ჩემპიონობას. პორტუგალიისთვის რომ მოგვეგო, დიდი შანსი იქნებოდა, შემდეგ სწორედ ის გაგვეკეთებინა, რაც პორტუგალიამ გააკეთა.

0.117296