ფეხბურთი

20:03 | 7.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დილას" გიუმრიში დაუღამდა

რა უნდა ითქვას?! – გორის “დილამ” საჩხერის “ჩიხურას” ბედი გაიზიარა, პირველ მატჩში მოპოვებული უირატესობა ვერ შეინარჩუნა და ევროპა ლიგას უსახელოდ, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაემშვიდობა. რაც უნდა თავი ვიმშვიდოთ და ვიძახოთ ფეხბურთში სომხებს მაინც ვჯობივართო, ფაქტია, რომ გიუმრის “შირაქმა” “დილა” ყველა კომპონენტში დაჩაგრა და ორმატჩიან დუელში გაიმარჯვა.

ვინადიან საქართველოს 2015 წლის ჩემპიონს შინ მოგებული ჰქონდა, თამაში მეორე ნომრად დაიწყო და ასე გაგრძელდა 120 წუთის გამავლობაში. ცხადი გახლდათ, რომ უჩა სოსიაშვილი გათვლას ფრეზე აკეთებდა. ამასთან, პირველ 45 წუთში ერთი-ორჯერ კარგი კონტრშეტევის შესაძლებლობაც მიეცა მის გუნდს, მაგრამ ვერ განავითარეს სახიფათოდ. ძირითადმა დრომ კი, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ვერ გამოავლინა. ყველაზე მეტად რაც თვალში საცემი გორელთა მხრიდან დროის გაყვანის ხშირი და გაუთავებელი მცდელობა იყო და ეს ყველაფერი პირველივე ტაიმშიც ხდებოდა. “დილას” ყველაზე რეალური მომენტი 119-ე წუთზე შეექმნა, როცა გრიგოლ დოლიძის ფლანგურ გადაცემას ირაკლი მოდებაძე გამოეხმაურა, მაგრამ სამწუხაროდ, დაუცველ კარში ბურთი ვერ მოახვედრა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე დაბალი ხარისხის მატჩი გახლდათ, ისეთი საყურებლადაც რომ არ ღირდა, თუმცა რას ვიზამთ... ისიც უნდა დავამატოთ, რომ მასპინძლებმა მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერეს და შედეგიც მიიღეს. ძალზე კარგად ჩაერთო შეხვედრაში ვაჰან ბიჩახჩიანი, რომელიც ამჟამად 16 წლისაა. მისთვის ასაკს ხელი არ შეუშლია, რომ 84-ე წუთზე გმირის როლი მოერგო – მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო ახალგაზრდა სომეხმა ფეხბურთელმა, ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და მიხეილ მუჯრიშვილს ლამაზი გოლი გაუტანა – 1:0. ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა და მატჩის დამატებით 30 წუთეულში გადავიდა. საერთოდ, ბიჩახჩიანის გოლი მართლაც კარგი სანახავი იყო და დღევანდელი მატჩის ლოგიკიდან აბსოლუტურად ამოვარდნილი (სილამაზის თვალსაზრისით). აქვე ისიც სათქმელია, რომ “შირაქს” ოდნავ მაღალი დონის თავდამსხმელები რომ ჰყოლოდა, პენალტების სერიის დანიშნვა საჭიროც არ გახდებოდა – მოკლედ რომ ვთქვათ, “დილას” თამაშის სურვილი არც ეტყობოდა.

თერთმეტრიანების სერია კი ლატარეაა, თუმცა ამ ე.წ. ლატარეაში “შირაქის” ფეხბურთელებმა ჩინებულად იმოქმედეს და ოთხიდან ოთხივე პენალტი უზადოდ შეასრულეს. სამაგიეროდ, გორელთაგან მხოლოდ ლუკა რაზმაძე იყო დამაჯერებელი. მანამდე, თემურ ღონღაძემ ხარიხას გაარტყა, ხოლო დავით კვირკველიამ მეკარეს ვერ აჯობა. შესაბამისად, “შირაქმა” პენალტების სერიაში 4:1 იმარჯვა. სხვათა შორის, არც ჩვენი დღევანდელი მეტოქეა ციდან ვარსკვლავების მომწყვეტი და შეიძლება ითქვას, ორ სუსტ გუნდს შორის, ერთი უფრო იღბლიანი გამოდგა.

ასე და ამრიგად, გორის “დილასთვის” ევროპა ლიგის გათამაშება უკვე დასრულებულია და აწი კონცენტრირება საქართველოს ეორვნულ ჩემპიონატზე მოუწევს...

“შირაქი” – “დილა” 1:0 პენ: 4:1 (0:0)

პირველი მატჩი: 0:1 – ორი მატჩის ჯამში “შირაქმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა პენალტების სერიით შეძლო

გიუმრი, “გიუმრი სთედიუმი”

“შირაქი” (4-2-3-1): აივაზოვი; დარბინიანი, მიკაელიანი, ჰოვჰანისიანი, დავოაინი; უდო, ჰოვსეპიანი (დავოაინი 71); შტოშკოვიჩი (ბიჩახჩიანი 61), დიარასუბა, აკოფანი; კუაკუ (აივაზიანი 69)

მწვრთნელი: ვარდან ბიჩახჩიანი

“დილა” (3-4-3): მუჯრიშვილი; ქარქუზაშვილი, სამხარაძე, კვირკველია; ღონღაძე, რაზმაძე, ცისკარიძე (შარიქაძე 72), ჯაფარიძე (კიკაბიძე 91); დოლიძე, მოდებაძე, ერისთავი (ნონიკაშვილი 68)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლი: 1:0 ბიჩახჩიანი (84)

პენალტების სერია: 1:0 ჰოვსეპიანი, 1:0 ღონღაძე (ხარიხა), 2:0 დარბინიანი, 2:0 კვირკველია (მეკარე), 3:0 აივაზიანი, 3:1 რაზმაძე, 4:1 აკოფიანი

გაფრთხილება: აკოფიანი (27), დავოიანი (84) – სამხარაძე (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (9) – 13 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 10:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: სერგეიუს სლივა (ლიტვა)

სტატისტიკა
0.278219