ფეხბურთი

14:07 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ნერგები თუ არ დავრგე და არ მოვუარე, არ შემიძლია”
“ფავორიტად გერმანია მიმაჩნია, ისლანდია კი ომსაც მოიგებდა”

Worldsport.ge გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა: ქართულ ფეხბურთში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებზე და საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზეც. ჭიაბრიშვილი, როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გია გეგუჩაძის თანაშემწე გახლავთ, მან რამდენიმე თვის წინ დატოვა “საბურთალოს” თავკაცის პოსტი.

ჭიაბრიშვილი საინტერესო მოსაუბრეა, თავიდან კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობის ამბებით დავიწყეთ:

- უკვე ყველგან დაიწერა ყრილობაზე ნათქვამი და ახალი რაღა დავამატო, თუმცა ფაქტია, ამხელა დავალიანება ქართული ფეხბურთის წინსვლას ხელს უშლის. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება. კარგია, რომ აუდიტის დასკვნა დაიდო და ყველამ დაინახა, რა როგორ არის: 16 მილიონ ლარზე მეტია დავალიანება, რომელიც წინა ფედერაციიდან მოდის. გამოსწორდება-მეთქი, რომ ვამბობ, ვგულისხმობ გამარჯვებებს. საკმარისია ერთი კარგი შესარჩევი ციკლი, რომელიმე ნაკრების წარმატება.

- ეროვნული ნაკრების ესპანეთთან 1:0 მოგებაზე: თქვენი აზრით, ეს რის ხარჯზე მოხდა, მითუმეტეს მანამდე ორი წაგებული შეხვედრის შემდეგ.

- ვლადიმირ ვაისი ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო, სხვადასხვა ვარიანტებს სინჯავდა ტაქტიკური კუთხით, ახალ-ახალ ფეხბურთელებს აკვირდებოდა. ამ დროს, როცა ამხანაგური თამაშებია და რამდენიმე თვეში შესარჩევი იწყება, მწვრთნელი შედეგზე იმდენად არ ფიქრობს, რამდენადაც გუნდის შეკვრაზე, თამაშის დალაგებაზე. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოში საფეხბურთო გენი არსებობს და იარსებებს. თამაში აღარ შეგვიძლიაო – ეს მცდარი მოსაზრებაა. ეგაა, ხშირად გვაქვს მოშვებულობის მომენტი, გვაკლდება კონცენტრაცია.

- რას შეცვლის ესპანეთთან მოგება სამომავლოდ? რამდენად გამოსადეგი იქნება ფსიქოლოგიური კუთხით?

- უპირველესად სწორედ ფსიქოლოგიურად არის სასარგებლო. ჩვენთან ხშირად შეინიშნება რწმენის დაკარგვა. წესით, ეს გამარჯვება გამაჯანსაღებელი ხასიათისას უნდა გამოდგეს, თორემ იმას ხომ ვერ ვიტყვით, საქართველოს ნაკრები ესპანეთისას სჯობსო?! მთავარი კიდევ: საერთო ფონი უნდა შეიცვალოს, რაც ქართულ ფეხბურთშია. ბევრი ხელჩაქნეულია, ბევრიც ჩასაფრებული უცდის წაგებებს და ამით ახალს არაფერს ვამბობ. სამწუხაროდ ეს აშკარად ჩანს და ჩანდა სამი ამხანაგური მატჩის დროსაც.

- ამაზე დავით მუჯირმაც ისაუბრა: კრიტიკა მისაღებია, მაგრამ სამწუხაროდ, ესპანეთთან მოგების მერე ის სასიხარულო ფონი ვერ ვიგრძენით და ამხელა გუნდთან მოგების მერე უფრო აქცენტირებულად წაგებებზე საუბრობდნენო...

- მართლაც საწყენია, მაგრამ წეღანაც ვთქვი, მთავარია ამ გამარჯვებამ რწმენა შემატოს ნაკრებს და საფეხბურთო გენი რომ საქართველოში არ მომკვადრა, ამაში დარწმუნებული ვარ. საკმარისია ერთი წარმატებული ციკლი, ან კარგი დასაწყისი და ხალხი ფეხბურთისკენ მობრუნდება, დაავიწყდება ბევრი პრობლემა, დოლარის კურსი და კიდევ სხვა...

- ამჟამად 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობთ, მაგრამ სექტემბრამდე შესარჩევი თამაშები არ გაქვთ. ამხანაგური მატჩი ხომ არ დაგეგმილა მანამდე?

- არა. სრულფასოვანი შეკრებაც არ გამოდის ზაფხულში, რადგან ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში იქნებიან.

- ნაკრებში როგორც თანაშემწეს, კლუბში მუშაობის უფლება გაქვთ და ხომ არაა მოსალოდნელი, რომელიმე გუნდში დაიწყოთ პარალელურად?

ჯერჯერობით, არავისგან ინტერესი არ ყოფილა და შესაბამისად, არც მოლაპარაკება მიმდინარეობს. “საბურთალოში” შეჩვეული ვიყავი სპეციფიკას, რომელიც მოიცავდა ბავშვთა და ჭაბუკთა აღზრდასაც. სიმართლე გითხრათ, თავადაც არ მაქვს სურვილი ისეთ გუნდში წავიდე, სადაც სისტემური მუშაობა არ მიმდინარეობს და მომავალზე არ კეთდება გათვლა. ნერგები თუ არ დავრგე და არ მოვუარე, არ შემიძლია.

- ახლა ევროპის ჩემპიონატზე: ყველაზე მკაფიოდ რა სიახლეები დაინახეთ წინა წლებისგან განსხვავებით?

- საერთო აზრია და ვეთანხმები, რომ ინდივიდუალიზმმა იკლო და თითქმის ყველა ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ვარსკვლავია, ნაკრებში უპირველესად გუნდისთვის თამაშობს. გუნდური თამაში დახვეწილია და ეს ტენდენცია მიდის წლიდან წლამდე. ხომ ხედავთ, პორტუგალიის ნაკრები თუ კარგად ვერ თამაშობს, კრიშტიანუ რონალდუც არ ჩანს.

- ასე არიან სხვა ვარსკვლავები. მაგალითად, რობერტ ლევანდოვსკი ერთ ჩვეულებრივ ფეხბურთელად მოჩანს პოლონეთის ნაკრებში. არ ფიქრობთ, რომ ქუჩის ფეხბურთის ელემენტები და ინდივიდუალიზმი ყველაზე მეტად ბელგიის ნაკრებშია შენარჩუნებული?

- ბელგიას ჰყავს არაერთი ინდივიდუალისტი და გეთანხმებით, რომ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს. მათი ჩემპიონობა ნამდვილად არ მეწყინება, მაგრამ ამის პერსპექტივას პირადად მე ვერ ვხედავ. ასეთ დიდ ტურნირებზე ტრადიციები ბევრს ნიშნავს. იგივე მაგალითია ჰოლანდია, რომელსაც არაერთხელ ცოტა დააკლდა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონობამდე, მხოლოდ 1988 წელს გახდა. ეტყობა, პატარა ქვეყნის თემაა, რესურსიც აკლდებათ.

- პატარა ქვეყნებზე გადავედით და ისლანდიაზე უნდა ვთქვათ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ თავდადების ხარჯზე აღწევენ ამხელა წარმატებას?

- ისინი გმირები არიან. სახეზე რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ომი რომ დასჭირდეთ, იმასაც მოიგებენ. მოსახლეობით ისლანდია დაახლოებით გლდანს უთანაბრდება, მაგრამ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთის მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ და თანაც, სწორედ თამაშობენ და არა სათადარიგოები არიან. ვფიქრობ, მათი წარმატების მთავარი მიზეზი სწორედ თავდადება და ერთ მუშტად შეკვრაა, რაც ასე აკლდა ინგლისს. დარწმუნებული ვარ, ისლანდიაში რა საფეხბურთო პროგრამაც არის დაწერილი, სხვა ქვეყნებშიც დაიწერა, მაგრამ სხვები ვერ ახერხებენ მეოთხედფინალში გასვლას. თავდადებული გმირები არიან.

- და ვის მიიჩნევთ ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად? ასევე, მეოთხედფინალებამდე საუკეთესო ფეხბურთელად ვის დაასახელებდით?

- ფავორიტად გერმანია მიმაჩნია. ვფიქრობ, ყველაზე მაღლა დგანან, გუნდურობა და ცალკეული ფეხბურთელების კლასი რომ შევაზავოთ. იტალიას რაც შეეხება, გადასარევად მუშაობს ანტონიო კონტე, თუმცა არ მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატი ზედმეტად სქემებში ჩასმულმა ნაკრებმა მოიგოს. ფეხბურთელებს რაც შეეხება, ვინც ყველაზე მეტად მომწონდნენ, მათი ნაკრებები გავარდნენ: ესპანეთს ვგულშემატკივრობდი, ხორვატიასაც. ანდრეს ინიესტა, კიდევ რამდენიმე ესპანელი და ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყვნენ ჩემი ფავორიტები. დღესდღებით ყველაზე მეტად მაინც ედენ აზარსა და ტონი კროოსს გამოავრჩევ. ველოდები რონალდუს გაბრწყინებასაც, მაგრამ წეღანაც ვთქვი: თუ პორტუგალია ვერ თამაშობს კარგად, ვერც რონალდუ ჩანს. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ მოსაწყენი თამაშებია. ჩემპიონატი მომწონს და მერვედფინალში სანახაობამაც იმატა.

0.112727