რაგბი

1:05 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპის 96-ე გენერალური ასამბლეა თბილისში

24-25 ივნისს თბილისი რაგბი ევროპის 96-ე გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქს 40-მდე ქვეყნიდან 75 დელეგატი ეწვია. თბილისში იმყოფება რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ოქტავიან მორარიუც, რომელიც რაგბის ევროპისა და მსოფლიო რაგბის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გენერალურ ასამბლეას წარუძღვება.

96-ე გენერალური ასამბლეა 24 ივნისს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 10:30 საათზე დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება. 25 ივნისს შეხვედრა სტარტს 09:00 საათე აიღებს.

საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან კონგრესის გახსნაზე სიტყვით წარსდგება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. ასევე სიტყვით გამოვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კონგრესზე განსახილველი საკითხების ერთ-ერთი მთავარი თემა ტურნირების განრიგების დაგეგმვა იქნება. დელეგატები ასევე მოისმენენ რაგბი ევროპის წლიურ მოხსენებას.

შეკრების ყველაზე მთავარი მოვლენა კი რაგბი ევროპის კომერციული უფლებების ცენტრალიზაციის ხელშეკრულების გაფორმება იქნება. ასევე განიხილება რიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების საკითხიც, რომელიც ევროპაში რაგბის განვითარების სტრატეგიულ ნაწილად მიიჩნევა.

www.rugby.ge

0.114097