სხვა

0:24 | 15.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური ფიცარნაგი სტუმრებს ელის

24 ივნისიდან ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასპარეზობაში პლანეტის უძლიერესი ახალგაზრდა ძალოსნები ჩაებმებიან, რაც ქართული ძალოსნობის კიდევ ერთი აღიარება იქნება.
ხუმრობა როდია, თბილისმა შარშან ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო პირველობის მასპინძელია, სამომავლოდ კი სალიცენზიო ტურნირების, თუ სხვა მაღალი რანგის შეჯიბრებათა მასპინძელიც შეიძლება გახდეს. ამგვარი წინსვლა აშკარად მეტყველებს იმ დიდ სამუშაოზე, რომელიც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ წლების მანძილზე გასწია.
ლეგენდარული კახი კახიაშვილის ძალოსნობის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, - ამ აზრს იზიარებენ, როგორც ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, ისე სპორტსმენებიც.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრებმა საფუძვლიანი მომზადება გაიარა. ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელს 8 ვაჟი და 4 გოგონა დაიცავს. მათ შორის მსოფლიო ჩემპიონობის კანდიდატებიც არიან. ამის შესახებ გვიამბობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე.
- მსოფლიო ჩემპიონატისთვის რამდენიმე შეკრება გავიარეთ. გაერთიანებული შეკრება გვქონდა ბაკურიანში, შემდეგ დუშეთში, ამჟამად კი ბაზალეთზე ვიმყოფებით. აქ 22 ივნისამდე დავრჩებით და შემდეგ მზადებას თბილისში დავასრულებთ. ამჟამად, შეკრებაზე 12 სპორტსმენი იმყოფება. აქ არიან, როგორც ახალგაზრდული, ისე ეროვნული ნაკრების წევრებიც.
- ბატონო მალხაზ, თქვენი შეფასებით, არიან გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის კანდიდატები?
- ასეთი შეკრება, როგორც წელს გვქონდა, არასოდეს გაგვივლია. საერთოდ, კახი კახიაშვილის მოსვლის შემდეგ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. აღჭურვილობითაც და ინფრასტრუქტურითაც კმაყოფილები ვართ და მინდა მადლობა მოვახსენო ამისთვის ძალოსნობის ფედერაციას. შესაბამისად, შედეგებიც გვაქვს. დღესდღეობით გუნდში არის ძალოსანი, რომელიც ოქროს მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია. მხედველობაში მყავს 105 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხეიძე. ის საუკეთესო ფორმაში იმყოფება და ეროვნული ნაკრების კანდიდატადაც მოიაზრება. არ არის გამორიცხული მან რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღოს მონაწილეობა.
- შეიძლება იგივე ითქვას ნაკრების დანარჩენ წევრებზეც?
- ამავე წონაში გვყავს მეორე პერსპექტიული სპორტსმენი დავით ხეცურიანი. მასზეც დიდ იმედებს ვამყარებთ და მომავალში შესაძლოა დავითი დიდ სპორტსმენად ჩამოყალიბდეს. გუნდში ვარჯიშობს ირაკლი ჩხეიძეც, რომელიც აგვისტოში კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. 62 კგ. წონით კატეგორიაში გვყავს გოდერძი ბერძელიძე, რომელსაც ასევე დიდი მომავალი აქვს. 69 კგ. წონაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს. მან შარშან, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 77 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიან ნოდარ კაკაბაძე და ირაკლი ჩხეიძე, რომელიც აგვისტოში გასამართი კადეტთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. 85 კგ. წონით კატეგორიაში კი რეზო დავითაძე იასპარეზებს.
გუნდში არის 2-3 ისეთი ძალოსანი, ვინც საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ მსოფლიო პირველობაზე აღმოჩნდა. მათთვის ეს ტურნირი გამოცდილების თვალსაზრისით დიდი შენაძენი იქნება.
- ვაჟების გარდა თბილისურ ფიცარნაგზე გოგონებიც გამოვლენ, რა შეგიძლიათ თქვათ მათი მომზადების დონეზე?
- 4 გოგონა გვეყოლება, რომლებიც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავენ ძალებს. მათ შორის - სოფო მუქათარიძე, თეონა ჟიჟიაშვილი, მარი საროევა. გვყავს ძალიან პერსპექტიული ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე, მაგრამ ის ახალგაზრდულ ასაკს გადასცდა და ჩვენთან სექტემბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. კარგი ის არის, რომ ადრე გოგონათა გუნდი საერთოდ არ გვყავდა და ახლა ისინიც გამოჩნდნენ.
კიდევ ვიმეორებ, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, პირობები გაუმჯობესდა და შედეგებიც გვაქვს, როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებში. სათქმელად ისიც კმარა, რომ წელიწადში, თითქმის 300 დღე შეკრებებზე ვიმყოფებით და ეს უკვე ბევრს ნიშნავს.

კახა ფაჩუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107731