ფეხბურთი

13:45 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლეგანესი” ლა ლიგაში ითამაშებს

ლიგა ადელანტეს უკანასკნელ ტურში “ლეგანესმა” გასვლაზე “მირანდესი” დაამარცხა (1:0), 74 ქულით მე-2 ადგილი გაიფორმა, უახლოეს მდევარ “ხიმნასტიკს” 3 ქულით გაუსწრო და ლა ლიგის საგზური მოიპოვა.

1928 წელს დაარსებული “ლეგანესი” ლა ლიგაში პირველად ითამაშებს. კლუბს 13 სეზონი სეგუნდა დივიზიონში, 16 სეგუნდა B-ში, ხოლო 19 ტერსერა დივიზიონში აქვს გატარებული. მადრიდული კლუბია და “რაიო ვალეკანოს” და “ხეტაფეს” გავარდნის შემდეგ მე-3 დედაქალაქური გუნდი იქნება ლა ლიგაში.

“ლეგანესს” პატარა სტადიონი “ბუტარკე” აქვს, რომელიც 8138 ადამიანს იტევს. პრეზიდენტი მარია ვიქტორია პავონია, ხოლო მწვრთნელი – ასიერ გარიტანო. განვლილ სეზონში ორი არგენტინელი და ერთი ბრაზილიელი ლეგიონერი ირიცხებოდა, ხოლო დანარჩენი მოთამაშეები ესპანელები არიან. კლუბს სოციალურ ქსელ Facebook–ზე 16317 გამომწერი ჰყავს.

მოკრძალებულ დედაქალაქურ კლუბს Twitter-ის მეშვეობით, წარმატება მრავალმა კლუბმა მიულოცა. მათ შორის: “ბარსელონამ”, “ვალენსიამ” და “ბილბაომ”.

შეგახსენებთ, რომ “ლეგანესის” გარდა, ესპანური ფეხბურთის ელიტაში “ალავესი” ითამაშებს, ხოლო მე-3 საგზური ფლეი-ოფში გათამაშდება, რომლისთვისაც გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკი”, “ხირონა”, “კორდობა” და “ოსასუნა” იბრძოლებენ.

0.13402