ფეხბურთი

18:28 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას ტურნირი-2016: ჯგუფები, თამაშების განრიგი
რომან ფიფია: “ეს ტურნირი ჩვენს ჭაბუკებს დიდ გამოცდილებას შესძენს” 

დღეს თბილისის “დინამოს” აკადემიაში ვიტალი დარასელიას საერთაშორისო ტურნირისწინა ბრიფინგი გაიმართა. გავეცანით ჯგუფებს და თამაშების განრიგს. Worldsport.ge უკვე წერდა, რომ “დინამოს” ინიციატივით, 27-31 მაისს უნდა გაიმართოს ეს ტურნირი, რომელშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საუბარია 2000 წელს დაბადებულებზე. თითოეულ გუნდს შეუძლია 1999 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელი შეიყვანოს განაცხადში, ოღონდ აქედან სამს შეუძლია ერთდროულად თამაში.

“დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ აღნიშნა, რომ ვიტალი დარასელიას ტურნირი ყოველწლიური გახდება და სამომავლოდ უფრო ძლიერი კლუბებიც ჩამოვლენ:

“დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ჩვენს ჭაბუკ ფეხბურთელებს საერთაშორისო თამაშები აკლიათ და ბუნებრივია, ეს ტურნირი მათ დიდ გამოცდილებას შემატებს. “დინამოს” ჭაბუკები და ბავშვები საქართველოში ყოველთვის მაღალ ადგილებს იკავებენ, საერთაშორისო ტურნირიც მოგვიგია, თუმცა დაგვეთანხმებით ასეთი ღონისძიების მასპინძლობა მაინც სხვაა. დიდ მადლობას გადავუხდი ტურნირის სპონსორებს: “კოკა კოლას”, “ავერს”, “საქართველოს ბანკს”, “ბიო აქტივს”. მადლობა თბილისის მერიას და ტურნირზე ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის ფეხბურთის ფედერაციას”.

“დინამოს” დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა გვამცნო, რომ “ბარსელონამ”, “ლაციომ”, “ატლეტიკომ”, “რომამ” და “სელტიკმა” წერილობით დაადასტურეს ამ ტურნირზე გაისად ჩამოსვლის სურვილი.

წინასწარი ინფორმაციით, წლევანდელ ტურნირეზე უნდა ჩამოსულიყო ესპანური “ხეტაფე”, მაგრამ საბოლოოდ, ეს ვერ მოხერხდა და ესპანელთა ნაცვლად, “დინამო-2” ითამაშებს.

მატჩები 4 სხვადასხვა სტადიონზე გაიმართება: ვიტალი დასარსელიას სახელობის “დინამოს” აკადემიის მინდვრებზე, “დინამოს” დიღმის ბაზაზე, ნახევარფინალები შედგება “მიხეილ მესხზე” და ფინალი – “დინამო არენაზე”.

ახლა ჯგუფებზე და კალენდარზე:

ჯგუფი: “დინამო” (თბილისი, საქართველო), “ბეშიქთაში” (სტამბული, თურქეთი), “ალკმაარი” (ჰოლანდია), “შერიფი” (ტირასპოლი, მოლდოვა);

ჯგუფი: “ლოკომოტივი” (თბილისი, საქართველო), “ტრაბზონსფორი” (თურქეთი), “ლეხია” (გდანსკი, პოლონეთი), “დინამო 2” (თბილისი, საქართველო);

27 მაისს 13:30 საათზე “დინამოს აკადემიაში” დაიწყება გახსნის ცერემონილია.

A ჯგუფის კალენდარი:

27 მაისი. 15:30 (აკადემია): დინამო-შერიფი, 17:30 (დინამოს ბაზა): ალკმაარი-ბეშიქთაში

28 მაისი. 17:30 (აკადემია): ალკმაარი-შერიფი, 19:30 (აკადემია): ბეშიქთაში-დინამო

29 მაისი. 20:00 (აკადემია): დინამო-ალკმაარი, 20:00 (დინამოს ბაზა): შერიფი-ბეშიქთაში

B ჯგუფის კალენდარი

27 მაისი. 17:30 (აკადემია): ლოკომოტივი-ტრაბზონსფორი, 19:30 (აკადემია): ლეხია-დინამო 2

28 მაისი. 15:30 (აკადემია): ლოკომოტივი-ლეხია, 17:30 (დინამოს ბაზა): ტრაბზონსფორი-დინამო 2

29 მაისი. 17:30 (დინამოს ბაზა): ლეხია-ტრაბზონსფორი, 17:30 (აკადემია): ლოკომოტივი-დინამო 2

30 მაისს “მიხეილ მესხზე” გაიმართება ნახევარფინალები: პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, მეორე კი 20:00-ზე. ნახევარფინალები გაიმართება ჯგუფში მესამე-მეოთხეზე გასულებისთვისაც: ერთი ჯგუფის მესამეადგილოსანი მეორე ჯგუფის მეოთხეზე გასულს შეხვდება და პირიქით. ეს ორივე მატჩი “დინამოს”აკადემიის მინდვრებზე შედგება. წყვილებში გამარჯვებულები მეხუთე პოზიციისთვის იბრძოლებენ, ხოლო დამარცხებულები – მეშვიდესთვის.

ტურნირის ბოლო დღეს, 31 მაისს ყველა ადგილი განაწილდება:

15:30 (დინამოს ბაზა): მატჩი მე-7 ადგილისთვის

15:30 (აკადემია): მატჩი მე-5 ადგილისთვის

17:30 (აკადემია): მატჩი მე-3 ადგილისთვის

20:30 (დინამო არენა): ფინალი

ყველაფერია საიმისოდ, რომ საფეხბურთო ზეიმი შედგეს. ჩვენმა კოლეგა ლევან სალუქვაძემ, რომელიც ტურნირის მედია-ხელმძღვანელობაშია, გვითხრა, რომ ნახევარფინალებისა და ფინალის პირდაპირ რეპორტაჟებს, სავარაუდოდ, შილკ უნივერსალ გადასცემს. ასევე, ჯგუფური მატჩების დღიურიც იქნება დილის 12:00 საათზე, ანუ წინა დღის მატჩებს მიმოიხილავენ.

ყველაზე მთავარი კი, ფიფიას თქმისა არ იყოს, საერთაშორისო გამოცილების მიღებაა ჩვენი ჭაბუკებისთვის. ტურნირზე ხომ სამი ქართული გუნდი ითამაშებს. ტურნირზე მონაწილე რვავე გუნდს 5-5 მატჩის გამართვა მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154752