ფეხბურთი

16:08 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის ამბები და სტატისტიკა

საქართველოს ჩემპიონატში ბოლო ტურები როცა ახლოვდება, სულ უფრო ხშირად ისმის ხოლმე სიტყვა “დაწოლა”, ”გადაწოლა”, “მიცემა”, “გამაზვა” და ასე შემდეგ. ხმები ამჯერადაც მოდიოდა, თუმცა რეალურმა სურათმა სხვა რამ დაგვანახა: ხუთი გუნდიდან, რომლებსაც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდათ, მხოლოდ ერთმა მოიგო და ისიც “გურიამ”, რომელსაც შედარებით უკეთ ჰქონდა საქმე და აღმოჩნდა, სულაც რომ წაეგო “კოლხეთთან”, ამით არაფერი დაუშავდებოდა.

რა თქმა უნდა, საეჭვო ანგარიშები ყოველთვის გამოერევა და მეტი რაღა, რაც პირველ ლიგაში ხობის “კოლხეთისა” და ქედის “ბეთლემის” შეხვედრაში (4:1) მოხდა. “ბეთლემის” ფეხბურთელების უმსგავსო საქციელი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ოთხ ფეხბურთელს და მთავარი მწვრთნელის თანაშემწეს სამუდამოდ აუკრძალა ფეხბურთში საქმიანობა. ვფიქრობთ, ფედერაციისგან რეაგირებამ უმაღლესი ლიგის კლუბები დააფიქრა და მეტიც, დააფრთხო.

კარგია, რომ ფედერაციას ყოვეთვის ჰყავს თავისი წარმომადგენლები თამაშებზე და ეს მხოლოდ უმაღლეს ლიგას არ ეხება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ კონტროლი აუცილებელია და მხოლოდ სიტყვებზე ნდობა არ შეიძლება. “მაგას როგორ ვიკადრებდით?!”, “არა გრცხვენიათ, რომ გვაბრალებთ?!” და ამგვარი რამ ნებისმიერს შეუძლია თქვას.

თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ კონტროლი გაგრძელდება მომავალშიც: გარდამავალ ჩემპიონატშიც და გაისადაც. სხვაგვარად, ერთჯერადი აქცია გამოვა.

გადავხედოთ ბოლო 6 ტურის შედეგებს, თუ რა რაოდენობის ქულები აიღეს აუტსაიდერთა ჯგუფის გუნდებმა. დაგვეთანხმებით, ბევრი არაა. თან, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ 6 ტურის რამდენიმე მატჩში სწორედ აუტსაიდერთა ურთიერთშეხვედრები იყო და ბუნებრივია, ან ერთი აიღებდა ქულებს, ან მეორე, ან ფრედ მორჩებოდა:

“გურია” (7 ქულა): 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება

“ლოკომოტივი” (3 ქულა): 0 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება

“ზუგდიდი” (8 ქულა): 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება

“მერანი” (6 ქულა): 1 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება

“საპოვნელა” (7 ქულა): 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება

სულ, 30 ტურში, ანუ 240 მატჩში გავიდა 670 გოლი. საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2,79 გოლი.

ჩემპიონატი საშინაო მარცხის გარეშე არავის დაუსრულებია, სამმა გუნდმა კი სტუმრად ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო: ესენი არიან “ზუგდიდი” (3 ფრე, 12 მარცხი), “მერანი” (5 ფრე, 10 მარცხი), “საპოვნელა” (2 ფრე, 13 მარცხი).

პირველი და მეორე წრეები რომ შევადაროთ, აშკარა იყო რამდენიმე კლუბის პროგრესი და უპირველესად “სამტრედია” უნდა ვახსენოთ: გუნდი მეხუთე ადგილზე იყო, თუმცა მეორეზე გავიდა. გია ცეცაძის გუნდმა მეორე წრეში 35 ქულა აიღო. წლეულს შარშანდელზე აშკარად უკეთ ითამაშეს “ჩიხურამ”, “ტორპედო” და “მერანმაც”, რომელიც მაინც გავარდა. მარტვილის გუნდი 4 ქულის ამარა შეხვდა მეორე წრეს, მაგრამ ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა უმაღლესში დარჩენის შანსს.

სამაგიეროდ, წლეულს შედარებით სუსტად ითამაშეს “კოლხეთმა”, “ლოკომოტივმა”, ბათუმის “დინამომ” და ქობულეთის “შუქურამ”.

ბომბარდირზე: გიორგი ქვილითაიამ (თბილისის “დინამო”) 24 გოლი გაიტანა, აქედან 12 პირველ წრეში და ამდენივე მეორეში. საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი მერაბ მეგრელაძეს გაუტანია - 1992/1993 წლების სეზონში მან წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით 41 გოლი მიითვალა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ზვიად ენდელაძე, რომელმაც ზესტაფონის "მარგვეთის" რიგებში 1995/1996 წლების სეზონში 40 გოლი შეაგდო.

ქვილითაია ბომბარდირია, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ორი ახალგაზრდა ფორვარდის დიდი პროგრესიც: სამტრედიელმა ბუდუ ზივზივაძემ 16, ხოლო თერჯოლელმა გიორგი ბუხაიძემ 15 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ “საპოვნელამ” სულ 24 ბურთი გაიტანა და აქედან 15 ბუხაიძის ანგარიშზე იყო.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც 10-ბურთიან ნიშნულს ასცდა, “საბურთალოს” კაპიტანი გიორგი ხარაიშვილია (12 გოლი). თანაც, ხარაიშვილი სადებიუტო სეზონს ატარებდა უმაღლეს ლიგაში და მეტიც, ამპლუით თავდამსხმელი კი არა, ნახევარმცველი გახლავთ.

გამოვარჩიოთ ოთარ მარცვალაძეც, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ბომბარდირთა შორის, სულ 19 გოლი გაიტანა. მარცვალაძის კლასი ბევრჯერ შეეშველა “დილას”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116558